პრეზიდენტი პარლამენტის თავმჯდომარეს, პატრიარქს შეხვდა

პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ორშაბათს საღამოს პრეზიდენტის სასახლეში პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს შეხვდა, მოგვიანებით კი საპატრიარქოში მან კათოლიკოს-პატრიარქთან ილია მეორესთან გამართა შეხვედრა. 

მარგველაშვილმა და უსუფაშვილმა „ქვეყანაში შექმნილი ვითარება განიხილეს და დიალოგის აუცილებლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს“, ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მოკლე განცხადებაში.

22 ოქტომბრის განცხადების შემდეგ, რომელშიც პრეზიდენტმა „კონსტიტუციური წესრიგის დარღვევის და სამოქალაქო დაპირისპირების წინაპირობების“ შესახებ ისაუბრა და პრემიერ–მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება გააკრიტიკა ისედაც რთული ვითარების კიდევ უფრო დაძაბვის გამო, გიორგი მარგველაშვილმა მთელი რიგი შეხვედრები გამართა პოლიტიკურ პარტიების, სამოქალაქო საზოგადოების და მედიის წარმომადგენლებთან, ასევე უცხოელ დიპლომატებთან.

მას შემდეგ, რაც კოალიცია ქართულმა ოცნებამ უგულებელყო მისი მოწოდება კონსულტაციებისკენ, პრეზიდენტმა 23 ოქტომბერს პრემიერ–მინისტრთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან ითხოვა შეხვედრა.

დავით უსუფაშვილმა, რომელიც  26 ოქტომბერს ასევე შეხვდა თავისუფალი დემოკრატების დეპუტატებს, განაცხადა, რომ პრეზიდენტთან მის შეხვედრაში არაფერი „განსაკუთრებული და საგანგებო არ ყოფილა“.  

„ვერ ვხედავ მე საქართველოში საგანგებო მდგომარეობას, ვერ ვხედავ კონსტიტუციური წესრიგის დარღვევის რაიმე საფრთხეებს. ვხედავ ცალკეულ კონკრეტულ პრობლემებს. საჭიროა პრობლემებთან გამკლავება, რომ ზოგადად და მომავალშიც ოდესმე თეორიული საფრთხეც კი ავიცილოთ თავიდან“, – განუცხადა მან 27 ოქტომბერს ჟურნალისტებს და ყველა პოლიტიკურ მხარეს მოუწოდა „ხელი შევუწყოთ ვითარების განმუხტვას, სამოქალაქო თანხმობას, დაძაბულობის მოხსნას და არა პირიქით, რაიმეს ესკალაციას“.

ამასთან, პრეზიდენტმა მარგველაშვილმა 26 ოქტომბერს საპატრიარქოში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან ილია მეორესთან გამართა ასევე შეხვედრა.

„პოლიტიკოსებს, რომლებიც ხშირად ემოციურად ზღვარს გადავდივართ, მიგვანიშნეთ იმასთან დაკავშირებით, რომ უნდა ვიპოვოთ სასაუბრო ენა ერთმანეთთან დარბაზებში და დიდი მადლობა ამ ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილისთვის", – განუცხადა მარგველაშვილმა პატრიარქს და აღნიშნა, რომ მისი სიტყვა „უმნიშვნელოვანესად“ მიიჩნევა და „ძალიან დიდი გავლენის“ მქონეა. 

„ჩვენ ხმაურიანი ხალხი ვართ და იმედია, რომ ყველაფერი კარგად იქნება, დამშვიდდება, მაგრამ სიფრთხილე მაინც საჭიროა“, – უპასუხა პატრიარქმა პრეზიდენტს.