პრეზიდენტი ქიბარ ხალვაშს შეხვდა
პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ქიბარ ხალვაშს 2015 წლის 27 ოქტომბერს საპრეზიდენტო სასახლეში შეხვდა. ფოტო: პრეზიდენტის ადმინისტრაცია
პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი 27 ოქტომბერს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ყოფილ თანამფლობელს ქიბარ ხალვაშს შეხვდა, რომელსაც ტელეკომპანიის წილების დასაბრუნებლად მის ამჟამინდელ მესაკუთრეებთან სასამართლო დავა აქვს.
შეხვედრის შემდეგ ქიბარ ხალვაშმა განუცხადა ჟურნალისტებს, რომ მან პრეზიდენტს ამ საქმის შესახებ "ყველაფერი" უამბო და სასამართლო პროცესის მონიტორინგი თხოვა, ვინაიდან „სასამართლო განიცდის დიდ ზეწოლას ნაციონალური მოძრაობის მხრიდან“.
„არის მცდელობა, რომ მოახდინონ ზეგავლენა გადაწყვეტილებაზე და აქედან გამომდინარე ვთხოვეთ, რომ მისი წარმომადგენელი დასწრებოდა სასამართლოს“, – განაცხადა ხალვაშმა, რომელიც პრეზიდენტს მის ადვოკატთან ერთად შეხვდა საქმის „სხვადასხვა სამართლებრივი ასპექტების“ ასახსნელად.
„მან დახმარება აღგვითქვა. ყველაფერი გაითვალისწინა“, – განუცხადა ხალვაშმა ჟურნალისტებს და ისიც აღნიშნა, რომ პრეზიდენტმა მას უთხრა, რომ „უნდა მოუსმინოს სხვა მხარესაც“.
მან ასევე გაიხსენა ის გარემოებები, რომელშიც მას ტელეკომპანიაზე უარის თქმა მოუხდა.
„2006 წლის 16 ნოემბერს, ღამის 11-ის ნახევარზე შევედი პრეზიდენტთან სალაპარაკოდ და იმჟამინდელმა პრეზიდენტმა [მიხეილ სააკაშვილმა] დამიყენა პრეტენზია, მოთხოვნა, ულტიმატუმი, რომ დამეთმო ტელევიზია იმისთვის, რომ ჩემს ოჯახს და მე უფრო კარგად მეცხოვრა და არ მქონოდა პრობლემები. მეორე დღეს 2006 წლის 17 ნოემბერს მოვიდა დიმა ქიტოშვილი [კომუნიკაციების ეროვნული მარეგულირებელი კომისიის მაშინდელი ხელმძღვანელი] თავის მეგობართან ერთად და გადაიფორმეს რუსთავი 2“, – განაცხადა ხალვაშმა.
ქიბარ ხალვაშს, რომელიც 2004–2006 წლებში „რუსთავი 2“–ის თანამფლობელი იყო, ტელეკომპანიაში საკუთარი წილის დაბრუნება სურს, რისთვისაც მან აგვისტოში სასამართლოს მიმართა. „რუსთავი 2“ აცხადებს, რომ ხალვაში სინამდვილეში ყოფილი პრემიერ–მინისტრის ბიძინა ივანიშვილის მითითებებით მოქმედებს და მისი სარჩელი ფაქტიურად არის ივანიშვილის მცდელობა, რომ ყველაზე ყურებადი და ოპოზიციურად განწყობილი ტელევიზია ჩაიგდოს ხელში.
“რუსთავი 2”–ის ადვოკატები და მისი ამჟამინდელი მფლობელები აცხადებენ, რომ ხალვაშის სარჩელში არ არსებობს არც ერთი მტკიცებულება, რომელიც გაამყარებდა მის ბრალდებებს, რომ წილების გაყიდვა აიძულეს.
მოპასუხე მხარე ასევე აცხადებს, რომ ტელეკომპანიის 91%–იანი წილის ამჟამინდელი მფლობელები – ლევან ყარამანიშვილი და გიორგი ყარამანიშვილი, რომლებიც ექს–პრეზიდენტ სააკაშვილის ახლობლებად მიიჩნევიან, მაუწყებლის კეთილსინდისიერი მფლობელები არიან.
მას შემდეგ, რაც ხალვაშმა ტელეკომპანიაში საკუთარი აქციები გაყიდა და სანამ აქციონერები გიორგი და ლევან ყარამანიშვილები გახდებოდნენ, „რუსთავი 2“–ის მფლობელები რამდენჯერმე გამოიცვალნენ; წლების მანძილზე აქციების მფლობელები ოფშორული კომპანიები იყვნენ, ხოლო ბენეფიციარი მესაკუთრეების ვინაობა უცნობი იყო. ხალვაში აცხადებს, რომ სააკაშვილი აკონტროლებს ტელეკომპანიას გიორგი და ლევან ყარამანიშვილების მეშვეობით, რომლებიც, მისი თქმით, ნომინალური აქციონერები არიან. „რუსთავი 2“–ის ადვოკატებს მიმდინარე სასამართლო პროცესში მესამე მხარის სახით ტელეკომპანიის ყოფილი აქციონერების ჩართვაც სურდათ, რომლისგანაც ამჟამინდელმა მფლობელებმა აქციები იყიდეს, მაგრამ მოსამართლემ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
სასამართლო პროცესი ხალვაშის სარჩელზე 28 ოქტომბერს განახლდება.
პრეზიდენტს და ხალვაშს შორის შეხვედრა მას შემდეგ გაიმართა, რაც მარგველაშვილმა 22 ოქტომბერს მოსამართლეს, რომელიც ტელეკომპანიის საქმეს განიხილავს, მოუწოდა, რომ არ მიეღო „ნაჩქარევი გადაწყვეტილება“. პრეზიდენტის ამ განცხადებამდე ერთი დღით ადრე „რუსთავი 2“–ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ მოსამართლე ხალვაშის სასარგებლოდ აპირებდა განაჩენის გამოტანას, რასაც მოყვებოდა ამ გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსრულების ორდერი. თუმცა მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ 22 ოქტომბერს განაცხადა, რომ მას სულ ცოტა რამდენიმე დღე დასჭირდებოდა საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად მას შემდეგ, რაც საქმის არსებითი განხილვა დასრულდება.
პრეზიდენტის განცხადებას ოპოზიციური პარტიები მიესალმნენ, ხოლო ქართულმა ოცნებამ და ყოფილმა პრემიერ–მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ის გააკრიტიკეს და სასამართლო სისტემაზე ზეწოლად შეაფასეს.
საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა ადამიანის უფლებათა საკითხებში, კახა კოჟორიძემ, რომელიც ასევე ესწრებოდა პრეზიდენტ მარგველაშვილსა და ქიბარ ხალვაშს შორის გამართულ შეხვედრას, განაცხადა, რომ მოსარჩელე მხარემ საქმის „დეტალებზე“ ისაუბრა.
„ცხადია ჩვენ ვერ შევალთ ამ კონკრეტული სამართლებრივი დავის იურიდიულ დეტალებში და ჩვენ ვერ გავაკეთებთ იმ შეფასებას, რომ რომელი მხარეა მართალი და რომელი მხარეა მტყუანი. რაიმე სამართლებრივი თვალსაზრისით მონიტორინგს ჩვენ ვერ განვახორციელებთ, მაგრამ მეორე მხრივ ვიტყვი იმას, რაც აქამდეც გვქონდა ნათქვამი, რომ ეს საქმე არის უაღრესად მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის შემცველი საქმე, ამიტომ ჩვენ თვალყურს მივადევნებთ კვლავ აქტიურად“, – განაცხადა კოჟორიძემ.
„ერთადერთი რა დახმარებაც პრეზიდენტმა აღუთქვა ქიბარ ხალვაშს არის ის, რომ მისი შესაძლებლობებიდან გამომდინარე, ყველანაირად შეეცდება შეიქმნას მშვიდ გარემოში დამოუკიდებელი სასამართლო გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა“, – განაცხადა პრეზიდენტის მრჩეველმა.
„ვფიქრობ, რომ პრეზიდენტმა ამ ეტაპზე შეძლო, რომ ამ პროცესში მნიშვნელოვანი წვლილი შეეტანა და მე ვფიქრობ, რომ თუ ჩვენ შევადარებთ დღევანდელ ვითარებას ხუთი დღის წინანდელს, აშკარად დავინახავთ, რომ დღეს ბევრად უფრო მშვიდად არის სიტუაცია , ბევრად უკეთეს პირობებში უწევს სასამართლოს გადაწყვეტილების მიღება“, – აღნიშნა მან.
22 ოქტომბრის შემდეგ პრეზიდენტმა მთელი რიგი კონსულტაციები გამართა პოლიტიკური პარტიების, დიპლომატიური მისიების, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლებთან, რომელთა შორის ასევე იყო „რუსთავი 2“-ის დირექტორი; მარგველაშვილი ასევე შეხვდა პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს. სულ ბოლო შეხვედრა კი მას სახალხო დამცველთან უჩა ნანუაშვილთან ჰქონდა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)