ნაციონალური მოძრაობის ოფისებზე განხორციელებული თავდასხმების შემდეგ ღარიბაშვილი ‘სიმშვიდისკენ’ მოუწოდებს
გასულ კვირას ნაციონალური მოძრაობის ოფისებზე განხორციელებული თავდასხმების კომენტირებისას პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 28 ოქტომბერს „ემოციების შეკავებისა“ და „სიმშვიდის“ შენარჩუნებისკენ მოუწოდა.
ერთი კვირის წინ მან განაცხადა, რომ ნაციონალური მოძრაობა „დანაშაულებრივი ორგანიზაციაა“, რომელსაც პოლიტიკაში დარჩენის უფლება არ აქვს და მის მიმართ გამოვლენილი აგრესია „ბუნებრივია“ დაკავებულთა მიმართ სექსუალური ძალადობის ამსახველი ვიდეოების გავრცელების შემდეგ. სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების ჯგუფმა დაგმო პრემიერ-მინისტრის ეს განცხადება, რომელიც, მათი შეფასებით, „ძალადობის გამართლებასა და წახალისებას წარმოადგენს“ იმ ფონზე, როცა ოპოზიციური ნაციონალური მოძრაობის პარტიულ ოფისებზე ქვეყნის მასშტაბით ოცამდე ქალაქში თავდასხმების სერიები განხორციელდა. ყოფილმა პრემიერ–მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა 24 ოქტომბერს, რომ მასაც „არ მოეწონა“ ღარიბაშვილის „ზედმეტად ემოციური გამოსვლა“.
28 ოქტომბერს მთავრობის სხდომაზე საუბრისას პრემიერ–მინისტრმა განაცხადა: „რაც შეეხება ბოლო ორი კვირის განმავლობაში განვითარებულ მოვლენებს საქართველოში, მე მინდა კიდევ ერთხელ შევეხო ამ საკითხს; მე ვგულისხმობ იმ აქციებს, რომელიც გამოწვეული იქნა შემზარავი ვიდეოების გავრცელებით. რა თქმა უნდა, ჩვენთვის ყველასთვის, ნებისმიერი მოქალაქისთვის იყო აღმაშფოთებელი ამ კადრების ხილვა… მე მინდა საზოგადოებას მივმართო, გთხოვთ მაქსიმალურად შევინარჩუნოთ სიმშვიდე; ჩვენი ქვეყნის ინტერესებში არის სტაბილურობის უზრუნველყოფა ჩვენს ქვეყანაში; ამიტომ გთხოვთ, რომ ყველანაირი ემოცია შევიკავოთ და ყველას მოგიხმობთ სიმშვიდისკენ“.
„ჩვენ ვართ იმაზე ძლიერი სახელმწიფო, ვიდრე ვიყავით სამი წლის წინ; რა თქმა უნდა, ჩვენ არავითარ პროვოკაციას არ დავუშვებთ, მაგრამ გთხოვთ, რომ მაქსიმალურად თავი შევიკავოთ. და კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველას, ახალგაზრდებს, რომლებიც ჩართული იყვნენ ვიდეოების გავრცელების შემდეგ გამართულ საპროტესტო აქციებში, გთხოვთ, რომ თავი შევიკავოთ და კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ სიმშვიდისკენ“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
შემდეგ მან კითხა შინაგან საქმეთა მინისტრს, გიორგი მღებრიშვილს მიმდინარეობდა, თუ არა გამოძიება „ნაციონალური მოძრაობის ოფისების დარბევასთან დაკავშირებით“. შინაგან საქმეთა მინისტრმა უპასუხა: „ჩვენის მხრიდან არც ერთი ფაქტი რეაგირების გარეშე არ დარჩენილა“.
მღებრიშვილმა განაცხადა, რომ ნაციონალური მოძრაობის ოფისებთან მომხდარ ინციდენტებთან დაკავშირებულ 22 საქმეზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დაიწყო გამოძიება და სამი პირი დაკავებულია, რომლებიც დაჯარიმების შემდეგ გაათავისუფლეს. მან ასევე განაცხადა, რომ სამ საქმეზე სისხლის სამართლის გამოძიება მიმდინარეობს.
იმავე მთავრობის სხდომაზე პრემიერ–მინისტრმა „რუსთავი 2“–ის საქმეზეც ისაუბრა და კიდევ ერთხელ უარყო ბრალდებები იმის თაობაზე, რომ მთავრობა ტელეკომპანიის ყოფილი მფლობელის ქიბარ ხალვაშის მეშვეობით „რუსთავი 2“–ის ხელში ჩაგდებას ცდილობს.
„რა თქმა უნდა, ვერ გავიზიარებ იმ კრიტიკას, იმ აზრს, რომ ხელისუფლება რაიმე ფორმით არის ჩართული „რუსთავი 2“–თან დაკავშირებულ პროცესში“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მთავრობისთვის ამის გაკეთება არარაციონალური იქნებოდა. „დღეს 10 დღეში შეიძლება გაიხსნას ნებისმიერი ტელეარხი“, – განაცხადა პრემიერ–მინისტრმა.
„ასე რომ, ნუ შფოთავს ნურც „რუსთავი 2“, ნურც ნაციონალური მოძრაობა, ნურავინ საერთოდ, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთ, რომ რაიმე შეფერხებას და ბარიერებს შევუქმნით რომელიმე ტელეარხს, მითუმეტეს, რომ მედიაგარემოს რაიმე ფორმით დავაზიანებთ“, – განაცხადა პრემიერ–მინისტრმა.
„ვერც ერთი ნორმალური, საღად მოაზროვნე ადამიანი ვერ დაინახავდა რაიმე რაციონალურ აზრს. რატომ უნდა მოუნდეს ჩვენს ხელისუფლებას [ხელში ჩაიგდოს „რუსთავი 2“] მაშინ, როცა ასე გაამარტივა საქართველოში ტელევიზიის გახსნის პროცედურები… დავუშვათ თეორიულად რომც ჰქონდეს ვინმეს აზრად ჩვენს მთავრობაში „რუსთავი 2“–ის ან ხელში ჩაგდება, ან დახურვა, რა აზრი აქვს ამას? ხვალ შეიძლება გაიხსნას ძალიან მარტივად „რუსთავი 5“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ „რუსთავი 2“–ის მფლობელობაც რომ შეიცვალოს, მის ამჟამინდელ მესაკუთრეებს ანალოგიური სახელწოდებით ახალი ტელევიზიის გახსნა შეუძლიათ.
„ჩვენ დავეხმარებით, ჩვენს ინტერესებშია რაც შეიძლება მეტი ტელევიზია გაიხსნას“, – განაცხადა მან.
„მსურს კიდევ ერთხელ განვაცხადო მტკიცედ, ჩვენი მთავრობის სახელით, რომ ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ საქართველოში არასოდეს არ შეიზღუდოს რაიმე ფორმით მედია საშუალების ფუნქციონირება… მიუხედავად იმისა, ჩვენ ვეთანხმებით, თუ არ ვეთანხმებით ტელევიზიებში გასულ ძალიან მიკერძოებულ სიუჟეტებს, მოგვწონს თუ არ მოგვწონს“, – განაცხადა მან.
მისი თქმით, ბოლო სამი წლის მანძილზე, სასამართლოში წასვლამდე ხალვაში, რომელიც „რუსთავი 2“–ის დაბრუნებას ცდილობს, უშედეგოდ ეცადა„სამართლის პოვნას“ და „დარღვეული უფლებების აღდგენას“, რომლის დროსაც მან პროკურატურასაც მიმართა და გამოძიების დაწყება მოითხოვა იმის თაობაზე, რომ 2006 წელს მაშინდელმა ხელისუფლებამ აიძულა ტელეკომპანიის გაყიდვა. ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ პროკურატურამ განზრახ თქვა უარი გამოძიებაზე, რადგანაც ხელისუფლების პრინციპული პოზიცია იყო, რომ არასოდეს ჩარეულიყო მედიასთან დაკავშირებულ „სენსიტიურ“ საკითხებში.
„მე კატეგორიულად ვერ მივიღებ ვერანაირ კრიტიკას ჩვენი მთავრობის მიმართ იმასთან დაკავშირებით, რომ „რუსთავი 2“–ის პროცესებში ჩვენი მთავრობა არის რაიმე ფორმით ჩართული. სასამართლოს უნდა მიეცეს საშუალება, რომ მიიღოს დამოუკიდებელი და ობიექტური გადაწყვეტილება თავისუფალ გარემოში და ყველა არის ვალდებული დაემორჩილოს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებას“, – განაცხადა მან.
„მე მინდა ყველას მოვუწოდო – პოლიტიკოსებს, პრეზიდენტს, პარლამენტს, მთავრობას, რომ სასამართლოსთან მიმართებაში ყველანი ვიყოთ კორექტულები… როგორ შეიძლება მოსამართლეს მოუწოდო, როგორი გადაწყვეტილება მიიღოს, ეს არ არის ჩვენი საქმე“, – განაცხადა პრემიერ–მინისტრმა.
მან ასევე განაცხადა, რომ მთავრობისთვის „ძალიან ფასეულია“ ის განცხადებები, რომლებიც კეთდება საქართველოს დასავლელი პარტნიორების მიერ. „ჩვენთვის საინტერესოა მოვისმინოთ კრიტიკა, ოღონდ ჯანსაღი კრიტიკა და არა დაუმსახურებელი კრიტიკა“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
„დაუმსახურებულ კრიტიკას ჩვენ ვერ მივიღებთ ვერც ჩვენი მეგობრებისგან, ვერც ჩვენი პარტნიორებისგან, მითუმეტეს ჩვენი მტრებისგან. ჩვენ ვართ მოწოდებული, რომ კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ ის, რაც იქნა მიღწეული ამ სამი წლის განმავლობაში, მაგრამ ამ ყველაფერს სჭირდება დაფასება და სწორი შეფასება“, – განაცხადა პრემიერ–მინისტრმა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)