მარგველაშვილი: ‘რევოლუციური სცენარების ეპოქა საქართველოში დამთავრდა’

პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ „რევოლუციური სცენარების ეპოქა საქართველოში დამთავრდა“ და არჩევნების გზით ხელისუფლების ცვლის კურსი „შეუქცევადია“.

მან სატელევიზიო განცხადება იმ გავრცელებულ სატელეფონო საუბრების ჩანაწერებთან დაკავშირებით გააკეთა, რომელშიც  საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ამჟამინდელი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ბარიკადების მოწყობის მეშვეობით დაცვის საჭიროებაზე საუბრობს, მოუწოდებს „რევოლუციური სცენარით“ მოქმედებისკენ და ამბობს, რომ საჭიროა „ფიზიკური დაპირისპირება“, რომლის დროსაც უნდა იყოს „ცხვირ-პირის დანაყვები“ და „საბოლოო ჯამში, ეს სროლით დამთავრდება“.

„მინდა ყველას შეგახსენოთ და ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ქართველი ხალხის მიღწევაა არჩევნების გზით ხელისუფლებების ცვლა  და ეს კურსი შეუქცევადია“, – განაცხადა პრეზიდენტმა მარგველაშვილმა 30 ოქტომბერს.

„რევოლუციური სცენარების ეპოქა საქართველოში დამთავრდა, ხოლო ის, ვინც ამ გზით გეგმავს პროცესებს, მთლიანად მოწყვეტილია საზოგადოებას და პოლიტიკურ რეალობას“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

„არაერთხელ მითქვამს და სამწუხაროდ, მიწევს გამეორება, რომ დაუშვებელია უცხო ქვეყნის მაღალჩინოსანი ერეოდეს ქვეყნის შიდა პოლიტიკაში და გეგმავდეს რაიმე ტიპის არეულობას“, – აღნიშნა მან ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მისამართით, რომელიც ოდესის გუბერნატორია.

„შევახსენებ პოლიტიკოსებს, რომ ადამიანი, მისი სიცოცხლე და ჯანმრთელობა  უზენაესი ღირებულებაა და შეუძლებელია და დაუშვებელია ამით თამაში“, – განაცხადა მარგველაშვილმა. 

„კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მოქალაქეებს სიმშვიდისკენ, დარჩნენ კონსტიტუციურ ფარგლებში და არ აყვნენ ავანტიურებს. კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ ვრჩები კონსტიტუციური წესრიგის, ადამიანის უფლებების და მედიის დამოუკიდებლობის გარანტად“, – განაცხადა მან თავისი სატელევიზიო განცხადების დასასრულს.   

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)