იუსტიციის სამინისტრომ სააკაშვილისათვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის საქმის წარმოება დაიწყო

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ მისმა უწყებამ ყოფილი პრეზიდენტისთვის და ოდესის გუბერნატორისთვის მიხეილ სააკაშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის საქმის წარმოება დაიწყო მას შემდეგ, რაც უკრაინიდან 23 ოქტომბერს მიიღო ოფიციალური დადასტურება იმის შესახებ, რომ  სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა.

საქართველოს კანონმდებლობით,  საქართველოს მოქალაქის მიერ სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვება საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის საფუძველს წარმოადგენს.

სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა მაისის ბოლოს მიენიჭა, როცა ის უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ოდესის გუბერნატორად დანიშნა.

პარასკევს გამართულ ბრიფინგზე იუსტიციის მინიტრმა თეა წულუკიანმა  განაცხადა, რომ ამ ფაქტის გადამოწმების და ყოველგვარი ეჭვის გაფანტვის მიზნით, საქართველომ უკრაინულ მხარეს 22 სექტემბერს მიმართა და ერთი თვის თავზე მიიღო ნოტა, რომელიც ადასტურებს, რომ სააკაშვილი ნამდვილად უკრაინის მოქალაქეა.

„2015 წლის 30 ოქტომბერს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო“ იწყებს სააკაშვილისათვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის საქმის წარმოებას. აღნიშნულის შესახებ წერილობით ეცნობება ოდესაში დაინტერესებულ პირს თავად, რომელსაც მიეცემა გონივრული ვადა საკუთარი პოზიციის ჩამოსაყალიბებლად, როგორც ამას ითვალისწინებს კანონი“, – განაცხადა წულუკიანმა.

ამის შემდეგ, წულუკიანის განმარტებით, მისი უწყების დასკვნა სააკაშვილისათვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის შესახებ გადაეგზავნება პრეზიდენტ მარგველაშვილს, რომელიც ამ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს.

იუსტიციის მინისტრის ეს განცხადება 30 ოქტომბერს მას შემდეგ გაკეთდა, რაც წინა დღეს ინტერნეტით სატელეფონო საუბრის ორი ჩანაწერი გავრცელდა, რომელშიც მიხეილ სააკაშვილი საუბრობს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის დაცვის საჭიროებაზე ბარიკადების მოწყობის მეშვეობით, მოუწოდებს „რევოლუციური სცენარით“ მოქმედებისკენ და ამბობს, რომ საჭიროა „ფიზიკური დაპირისპირება“, რომლის დროსაც უნდა იყოს „ცხვირ-პირის დანაყვები“ და „საბოლოო ჯამში, ეს სროლით დამთავრდება, უცებ“.

სააკაშვილმა თავის Facebook-ზე გავრცელებულ ვიდეო-მიმართვაში განაცხადა, რომ მისთვის მოქალაქეობის მოსალოდნელი შეწყვეტა არის ბიძინა ივანიშვილის მიერ „რუსული დაკვეთის“ შესრულება.

„მე მიხურავს გზას  საქართველოს არჩევნებისკენ იმიტომ, რომ უნდა ჩამომართვას საქართველოს მოქალაქეობა მას შემდეგ, რაც იძულებით დამატოვებინეს ქვეყანა“, – განაცხადა სააკაშვილმა,  „რუსთავი 2 არის ბოლო ბარიერი, რომელიც მას აკავებს, იმიტომ, რომ სანამ საქართველოში არის სიტყვით თავისუფლება, ყველა ეს შავბნელი გეგმა ბოლომდე წარმატებული ვერ იქნება. ამიტომ „რუსთავი 2“-ის დაცვა, მათ შორის ფიზიკურად, ადამიანების მიერ დაცვა ძალადობისგან ეს არის პირდაპირი გზა საქართველოს დემოკრატიის, თავისუფლების და მომავლის გადარჩენის“.

„თუ ახლა ვერ მოვახერხეთ მაგრად, ერთად, კონსოლიდირებულად დადგომას, ბევრად მეტ ექსცესებს და მართლა ძალადობას ვერ ავიცილებთ მომავალში“, – განაცხადა ოდესის გუბერნატორმა 30 ოქტომბერს გავრცელებულ ვიდეო მიმართვაში.  

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)