მოსამართლემ „რუსთავი 2“-ზე დავა ყოფილი მფლობელის სასარგებლოდ გადაწყვიტა
„რუსთავი 2“–ის მხარდამჭერების აქცია ტელეკომპანიის წინ, 22 ოქტომბერი. ფოტო: იანა ყორბეზაშვილი/Civil.ge
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ „რუსთავი 2“-ის საკუთრებასთან დაკავშირებული დავა ტელეკომპანიის ყოფილი მფლობელის ქიბარ ხალვაშის სასარგებლოდ გადაწყვიტა, რომელმაც საკუთარი წილების დაბრუნების მოთხოვნით სასამართლოს სარჩელით აგვისტოში მიმართა.
მოპასუხე მხარის ადვოკატმა ზაზა ბიბილაშვილმა, რომელიც ტელეკომპანიის ამჟამინდელი მფლობელების ინტერესებს იცავს, განაცხადა, რომ განაჩენი ზემდგომ ინსტანციაში გასაჩივრდება.
ბიბილაშვილის თქმით, დაახლოებით ოთხიდან ექვს კვირამდე დასჭირდება განაჩენის სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებას.
გასაჩივრებას ექვემდებარება ასევე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაც, თუ ამას მოდავე მხარეები გადაწყვეტენ. ამის შემდეგ აღსასრულებლად სავალდებულო საბოლოო გადაწყვეტილება უკვე უზენაესი სასამართლოს გამოსატანი იქნება.
მოსამართლე თამაზ ურთმელიძე ჯერ კიდევ კითხულობდა განაჩენს, როდესაც „რუსთავი 2“–ის ადვოკატებმა სასამართლოს დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს.
„ის მოხდა დღეს, რასაც ვწინასწარმეტყველებდით – გაფორმდა ბიძინა ივანიშვილის ბნელი დიქტატურა. თამაზ ურთმელიძე არ არის მოსამართლე. ის აუცილებლად აგებს პასუხს იმისთვის, რაც დღეს გააკეთა”, – განაცხადა ადვოკატმა ბიბილაშვილმა, რომელიც ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს წევრიცაა. მას ის ბრალდება ჰქონდა მხედველობაში, რომ ივანიშვილს და მთავრობას ხალვაშის სარჩელის მეშვეობით ტელეკომპანიის ხელში ჩაგდება სურდათ.
სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანის შემდეგ გავრცელებულ განცხადებაში ქიბარ ხალვაშმა განაცხადა: „დღეს მოხდა ის, რისიც 10 წელია მჯერა და რისთვისაც ბრძოლა 10 წელია არ შემიწყვიტავს. დღეს სასამართლოში დამარცხდა მიშა სააკაშვილი, რომელიც უკვე აღარ არის ტელეკომპანია რუსთავი2–ის პატრონი… დღეს სიმართლემ იზეიმა და დიდი ბოროტება დამარცხდა“.
„სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება არის სწორედ სამართლიანობის აღდგენის პროცესის რეალური დასაწყისი“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ როგორიც არ უნდა იყოს ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, „მე გამარჯვებული ვარ, რამდენადაც არა დაშინებითა და ზეწოლით, არამედ ცივილიზებულად, სასამართლოს გზით, დავამტკიცე ჩემი სიმართლე“.
3 ნოემბერს მიღებული გადაწყვეტილებით მოსამართლემ ის კონტრაქტები, რომლითაც ხალვაშმა 2005–2006 წლებში ტელეკომპანიაში საკუთარი წილები გაყიდა, ბათილად ცნო და ტელეკომპანიაზე მისი საკუთრების უფლება აღადგინა.
ქიბარ ხალვაშმა, რომელიც ტელეკომპანიას 2004–2006 წლებში ფლობდა, აგვისტოში სასამართლოში სარჩელი შეიტანა საკუთარი წილების დაბრუნების მოთხოვნით. სასამართლომ დროებითი უზრუნველყოფის ზომის სახით აგვისტოში „რუსთავი 2“-ის ქონება დააყადაღა, რასაც ორი თვის შემდეგ ასევე მოყვა ტელეკომპანიის მფლობელი კომპანიის ქონების დაყადაღებაც.
ეს სარჩელი „რუსთავი 2“–მა და ბევრმა ოპოზიციურმა პარტიამ, მათ შორის ყველაზე აქტიურად ნაციონალურმა მოძრაობამ დაგმო, როგორც მთავრობის მცდელობა, რომ ყველაზე ყურებადი და ოპოზიციურად განწყობილი ტელევიზია ჩაიგდოს ხელში.
- მედია ადვოკატირების კოალიცია „რუსთავი 2“-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე
- „რუსთავი 2“ მთავრობას საინვესტიციო გარიგების დაბლოკვაში ადანაშაულებს
- არასამთავრობო ორგანიზაციები „რუსთავი 2“–ის ქონების დაყადაღებაზე სასამართლოს განჩინებას ეხმაურებიან
- რუსთავი 2–ის ქონება დაყადაღებულია
- ქიბარ ხალვაში რუსთავი 2-ში წილის დასაბრუნებლად სასამართლო დავას იწყებს
თავის სარჩელში ხალვაში აცხადებდა, რომ ის 2006 წელს მაშინდელმა ხელისუფლებამ, მათ შორის მაშინდელმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა აიძულა, რომ ტელეკომპანია გაეყიდა.
მტკიცებულების სახით, მისმა ადვოკატებმა სასამართლოს წარუდგინეს 2005–2006 წლებში „რუსთავი 2“–ის წილების ღირებულების შეფასების ანგარიში, რომლითაც ხალვაში იმის ჩვენებას ცდილობდა, რომ მას ცხრა წლის წინ ბევრად უფრო იაფად მოუწია „რუსთავი 2“-ის წილების გაყიდვა, ვიდრე მისი რეალური ღირებულება იყო. ამ შეფასების ანგარიშით ხალვაში იმას ამტკიცებდა, რომ ტელეკომპანიას იმ ფასად არ გაყიდდა, მასზე ზეწოლა რომ არ ყოფილიყო.
შეფასების დოკუმენტი მოსარჩელის დაკვეთით საქართველოს სახელმწიფო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტმა მოამზადა მოსარჩელის მიერ მიწოდებული ბუღალტრული ნაშთების საფუძველზე. ექსპერტმა, რომელიც სასამართლოზე დაკითხული ერთადერთი მოწმეა, უთხრა 28 ოქტომბერს სასამართლოს, რომ შეფასება აქტივების შემოწმების მეთოდის გამოყენებით განხორციელდა, რაც ბიზნესის ღირებულების შეფასების სამიდან ერთ-ერთი მეთოდია. ექსპერტის თქმით, ამ მეთოდის გამოყენება ყველაზე რელევანტური იყო იმ პირობებში, როცა მას შესაფასებლად კომპანიის არასრული ფინანსური მონაცემები ქონდა.
ექსპერტმა, რომელმაც ანგარიში სექტემბერში ორ დღეზე ნაკლებ დროში შეადგინა, ასევე განაცხადა, რომ მას არ შეუმოწმებია მოწოდებული მონაცემების აუთენტურობა, ვინაიდან ეს მის კომპეტენციაში არ შედიოდა.
„რუსთავი 2“–ის ადვოკატები და მისი ამჟამინდელი მეწილეები ამაოდ ცდილობდნენ, რომ ანგარიში ძალადაკარგულ მტკიცებულებად გამოეცხადებინათ იმ საფუძვლით, რომ ის საეჭვო ბუღალტრულ ნაშთებს ეფუძნებოდა; მოპასუხე მხარე ასევე აცხადებდა, რომ ანგარიში საერთაშორისო შეფასების სტანდარტების დაცვით არ ყოფილა მომზადებული. მათი შუამდგომლობა მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.
მოსარჩელის ადვოკატმა პაატა სალიამ განაცხადა, რომ მოპასუხე მხარემ ვერ წარმოადგინა არგუმენტები იმის დასამტკიცებლად, რომ ანგარიში ყალბი ბუღალტრული ნაშთების საფუძველზე მომზადდა და განაცხადა, რომ მოპასუხე მხარეს მტკიცების ტვირთი აქვს, რომ დაასაბუთოს საკუთარი განცხადებები.
სატელევიზიო კადრი, სადაც ჩანს „რუსთავი 2“–ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია, რომელსაც ტელეკომპანიის ლოგოიანი მაისური აცვია და რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, თამაზ ურთმელიძის წინაშე გამოდის, 19 ოქტომბერი, 2015 წელი.
სექტემბრის შუა რიცხვებიდან, როდესაც სასამართლო მოსმენა დაიწყო, მოპასუხე მხარემ რამდენჯერმე დააყენა შუამდგომლობა მოსამართლე თამაზ ურთმელიძის აცილების თაობაზე იმ მოტივით, რომ ის „მიკერძოებული“ იყო მოსარჩელის სასარგებლოდ და ასევე იმის საფუძველზე, რომ ხელისუფლებას მასზე ზეწოლის ბერკეტები გააჩნდა იმ სისხლის სამართლის საქმის მეშვეობით, რომელიც მოსამართლის დედის წინააღმდეგ დაიწყო ოჯახში ძალადობის იმ შემთხვევასთან დაკავშირებით, რომელიც ერთი წლისა და ცხრა თვის წინ მოხდა.
მოსამართლემ აცილების თაობაზე შუამდგომლობები არ დააკმაყოფილა.
ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია მოსამართლეს ხშირად ადანაშაულებდა „კორუმპირებულობაში“ და იმაში, რომ ის ყოფილი პრემიერ–მინისტრის ბიძინა ივანიშვილის მითითებებს ასრულებდა. მოსამართლის მიერ ყადაღის შესახებ ბოლო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, გვარამიამ განაცხადა, რომ „მოსამართლე ურთმელიძის ფეხებქვეშ მიწა აუცილებლად დაიწვება“ და „ის ვერ იპოვის თავშესაფარს ამ ქვეყანაში ვერასდროს“. მოსამართლესთან ერთ–ერთი შელაპარაკების დროს, გვარამიას 19 ოქტომბერს სასამართლო დარბაზი დაატოვებინეს და მას შემდეგ მას სხდომებზე დასწრების უფლება ჩამოერთვა.
„რუსთავი 2“–ის ერთ-ერთმა ადვოკატმა ზაზა ბიბილაშვილმა მოსამართლეს უთხრა, რომ ასეთ „აბსურდულ“ საქმესთან აქამდე არასდროს ჰქონია შეხება. მისი თქმით, საქმეში ხალვაშის ბრალდებებისა და ორგვერდიანი მტკიცებულების გარდა არაფერი დევს და თუ მოსამართლე მოსარჩელის სასარგებლო გადაწყვეტილებას მიიღებს, ეს „გაუგონარი უკანონობა“ იქნება.
„რუსთავი 2“–ის ადვოკატებმა მიმართეს მოსამართლეს, რომ არ დამორჩილებოდა მთავრობის ზეწოლას და არ მიეღო გადაწყვეტილება მოსარჩელის სასარგებლოდ.
ქიბარ ხალვაშის ადვოკატმა პაატა სალიამ განაცხადა, რომ მოპასუხე მხარე დავის პოლიტიზირებას ცდილობდა სასამართლო პროცესის მეშვეობით.
მისი თქმით, ეს სარჩელი არ არის მიმართული „რუსთავი 2“–ის წინააღმდეგ და არც მედიის თავისუფლების შეზღუდვას ან „რუსთავი 2“–ის საქმიანობის შეფერხებას ისახავს მიზნად. მან ასევე აღნიშნა, რომ მოპასუხე მხარის არგუმენტები პოლიტიკურად მოტივირებულია და ის არ აპირებს ამ პოლიტიკურ განცხადებებზე პასუხის გაცემას.
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ში, რომლის სარეკლამო შემოსავლებიც მისი რამოდენიმე კონკურენტის ერთად აღებულ სარეკლამო შემოსავლებს აღემატება, წილების 91%–ს, პირდაპირ თუ ირიბად ძმები, ლევან და გიორგი ყარამანიშვილები ფლობენ. საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილი ეს ორი ადამიანი ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ახლობლებად მიიჩნევიან.
2004 წლიდან მოყოლებული ტელეკომპანიამ რამდენჯერმე შეიცვალა მფლობელი და ყველა ამ ცვლილების უმეტესობა პოლიტიკას უკავშირდებოდა; შედეგად იქმნებოდა სადავო გარიგებების რთული ქსელი და სახეზეა უამრავი ყოფილი მფლობელი, რომელთაგანაც ხალვაში ერთადერთი არ არის, ვისაც ტელეკომპანიის დაბრუნება სურს. ტელეკომპანიის ერთი მფლობელის ხელიდან მეორეს ხელში გადასვლასთან ერთად, ყოველი ახალი აქციონერი ან მაშინდელი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მოკავშირე, ან გაურკვეველი ოფშორული კომპანია იყო.
მოპასუხე მხარე ასევე აცხადებს, რომ „რუსთავი 2“–ის წილების 91%–ის მფლობელები, ლევან და გიორგი ყარამანიშვილები მაუწყებლის კეთილსინდისიერი მფლობელები არიან. ხალვაში კი აცხადებდა, რომ სააკაშვილი აკონტროლებს ტელეკომპანიას გიორგი და ლევან ყარამანიშვილების მეშვეობით, რომლებიც, მისი თქმით, ნომინალური მეწილეები არიან.
ხალვაშის ადვოკატმა პაატა სალიამ განაცხადა, რომ მოპასუხე მხარემ საჯარო რეესტრიდან საკუთრების თაობაზე ამონაბეჭდის გარდა, ვერ წარმოადგინა რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა, რომ ამჟამინდელი მფლობელები კეთილსინდისიერი მეწილეები არიან.
„რუსთავი 2“–ის ადვოკატებს მიმდინარე სასამართლო პროცესში მესამე მხარის სახით ტელეკომპანიის ყოფილი მეწილეების ჩართვა სურდათ, რომელთაგანაც ამჟამინდელმა მფლობელებმა წილები მიიღეს, მაგრამ მოსამართლემ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)