ისრაელის პარლამენტის თავმჯდომარე საქართველოს სტუმრობს
ქნესეთის დელეგაცია, ისრაელის პარლამენტის თავმჯდომარის იული ედელშტეინის ხელმძღვანელობით, ოფიციალური ვიზიტით საქართველოს 5-7 ნოემბერს სტუმრობს.
ქნესეთის თავმჯდომარე თავის ქართველ კოლეგას დავით უსუფაშვილს; საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს შეხვდა.
ედელშტეინმა და უსუფაშვილმა ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი, რომელიც საქართველოს პარლამენტის სპიკერის თქმით, ითვალისწინებს „ძალიან კონკრეტულ საკითხებს იმისათვის, რომ ჩვენმა პარლამენტებმა პრაქტიკულად ყოველდღიურ რეჟიმში ითანამშრომლონ და გავცვალოთ გამოცდილება და გავაძლიეროთ ერთმანეთი“.
უსუფაშვილმა განაცხადა, რომ ქნესეთს შეუძლია თავის გამოცდილება გაუზიაროს ქართულ მხარეს „მწვანე პარლამენტის“ კონცეფციის თაობაზე და საპარლამენტო სისტემაში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ინტეგრაციის კუთხით.
„ჩვენ გავაცანით ჩვენი მიღწევები ღიაობის პროცესში“, – განაცხადა მან და ის ჯილდო აღნიშნა, რომელიც საქართველოს პარლამენტის ინტერფრაქციულმა ჯგუფმა ღია მმართველობის პარტნიორობის გლობალური სამიტის ფარგლებში გასული თვის ბოლოს მეხიკოში მიიღო.
„მე მოხარული ვარ, რომ ასეთ კონკრეტულ, დეტალურ საკითხებზე ვსაუბრობ. ეს ნიშნავს იმას, რომ ყველა სხვა დონეზე – სტრატეგიული თანამშრომლობის დონეზე, პოლიტიკური ურთიერთგაგების დონეზე ჩვენ დიდი ხანია ყველაფერზე შევთანხმდით და ახლა სწორედ ასეთი კონკრეტული საკითხები გვაქვს ერთობლივად გადასაწყვეტი“, – განაცხადა უსუფაშვილმა.
„ვუსურვებ წარმატებას ებრაელ ხალხს მშვიდობის, სტაბილურობის მიღწევაში თავიანთ ქვეყანაში და თავიანთ რეგიონში. საქართველო, ამ თვალსაზრისით, ისრაელის ძალიან საიმედო მეგობრად და პარტნიორად რჩება“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.
ქნესეთის სპიკერის განცხადებით, ისრაელსა და საქართველოს „შესანიშნავი ურთიერთობები“ აკავშირებთ და „იმის ნაცვლად, რომ ვაკეთოთ განცხადებები ამ შესანიშნავი ურთიერთობების შესახებ, ჩვენ ვცდილობთ გავაღრმავოთ კავშირები და გავაუმჯობესოთ პრაქტიკული ინიციტივებით“.
საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ქნესეთის დელეგაცია 6 ნოემბერს ასევე გამართავს შეხვედრებს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან გიორგი კვირიკაშვილთან.