ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ სახელით ქართველი ხალხისადმი პროპაგანდისტული ვიდეოგზავნილი გავრცელდა



კადრი ე.წ. ისლამური სახელმწიფოს მხარდამჭერი ჯგუფის პროპაგანდისტული ვიდეოგზავნილიდან.

ვიდეოში, რომელიც 23 ნოემბერს ე.წ. ისლამური სახელმწიფოს მხარდამჭერი ჯგუფის სოციალურ ქსელებში და ვებგვერდზე გავრცელდა, ქართულად მოლაპარაკე მამაკაცებები მოუწოდებენ საქართველოში მცხოვრებ მუსლიმებს „ხალიფატს“ შეუერთდნენ, აჭარაში მცხოვრებ მუსლიმ სასულიერი პირებს აკრიტიკებენ და საქართველოში „ურწმუნოების“ „თავების დაჭრით“ იმუქრებიან. 

12.5–წუთიან ვიდეოზე, რომელსაც რუსული სუბტიტრები ახლავს და ე.წ. ისლამური სახელმწიფოს რუსულენოვანი მედია ორგანიზაციის Furat–ის ლოგოა გამოსახული, ოთხი ახალგაზრდა მამაკაცი ჩანს კალაშნიკოვის ტიპის იარაღებით და RPG–ის ტიპის ყუმბარმტყორცნით.

ერთ–ერთი მათგანი, ქართული მედია წყაროების თანახმად, ბათუმელი ხვიჩა გობაძეა. მამამისმა, ილია გობაძემ ვიდეოს გავრცელების შემდეგ უთხრა ჟურნალისტებს ბათუმში, რომ მისი ვაჟი დაახლოებით ორი თვის წინ გაემგზავრა თურქეთში.

დანარჩენი სამი მამაკაცი, ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ის ინფორმაციით, ოზურგეთის რაიონიდან არიან, სადაც მათი ოჯახები აჭარიდან  ეკომიგრანტების სტატუსით გადასახლდნენ. ამ სამი მამაკაციდან ერთ–ერთის მამამ უთხრა ტელეკომპანიას, რომ მისმა შვილმა საქართველო აგვისტოს ბოლოს დატოვა.

ვიდეო სათაურით „გზავნილი ქართველ ხალხს“ Furat–ის სოციალური მედიის ანგარიშზე 23 ნოემბერს გაჩნდა და ასევე დაიდო ე.წ. ისლამური სახელმწიფოს მხარდამჭერ ქართულენოვან ვებგვერდზე, რომელიც WordPress–ის პლატფორმას იყენებს და საკუთარ თავს „ხალიფატის ქართულ საინფორმაციო ვებგვერდად“ მოიხსენიებს.  საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა გასულ კვირას, რომ ისლამური სახელმწიფოს მხარდამჭერ ამ და სხვა რამდენიმე ქართულენოვანი ვებგვერდის საქმიანობას იძიებს.

საქართველოში მცხოვრები მუსლიმებისთვის „ისლამურ ხალიფატში“ გაწევრიანების მოწოდების შემდეგ ერთ–ერთი მამაკაცი ვიდეოდან ასევე მიმართავს აჭარის, როგორც ის ამბობს, „ე.წ. მუფთებს“ და მათ „კაფირების მონებს“ უწოდებს, რადგანაც „გზას უბნევთ“ აჭარის ადგილობრივ მუსლიმებს.

კიდევ ერთი მამაკაცი (ვიდეოზე ოთხიდან მხოლოდ ორი მამაკაცი საუბრობს) მიმართავს „საქართველოს ურწმუნოებს, რომლებიც ებრძვიან დიდი ხნის განმავლობაში ისლამს, რომლებსაც დიდი მონაწილეობა აქვთ მიღებული ისლამის საწინააღმდეგოდ, ეს იქნება ერაყში, ავღანეთში… “  და მოუწოდებს მათ, რომ შეეშვან "მუსლიმანების დევნას“.

„აუცილებლად ყველა თქვენი ნამოქმედარისთვის პასუხს აგებთ… სულ მალე დადგება თქვენი თავების დაჭრის დროც“, – აცხადებს ის და დასძენს, რომ „თქვენ თვლით, რომ ძალიან შორს ვართ საქართველოდან და ხალიფატი საქართველოში ვერ მოაღწევს“, თუმცა ეს ასე არ არის. 

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ ვიდეოსთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

„მედიასაშუალებების წარმომადგენლებს მოგიწოდებთ და მოგმართავთ თხოვნით, სახელმწიფო უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ხელს ნუ შეუწყობთ დღეს ინტერნეტ-სივრცეში გავრცელებული, მუქარის შემცვლელი ვიდეომასალის ტირაჟირებას“, – ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში.   

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)