ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოსთვის ევროკავშირის ვიზალიბერალიზაციის მხარდაჭერას ადასტურებს
საქართველომ „ყველა საჭირო ნაბიჯი გადადგა“ ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის პროცესში და ევროკომისიის ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ გადაწყვეტილების მიღება არ უნდა დაყოვნდეს, განაცხადა ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ედგარს რინკევიჩსმა თბილისში 24 ნოემბერს.
ევროკომისია მორიგ ანგარიშს შენგენის ზონაში მოკლევადიანი უვიზო რეჟიმის მისაღებად საქართველოს მიერ სამოქმედო გეგმის შესრულების თაობაზე დეკემბრის შუა რიცხვებში გამოაქვეყნებს.
„ჩვენ საკმაოდ დიდი დრო მივუძღვენით ევროკავშირი–საქართველოს ურთიერთობების განხილვას“, – განაცხადა რინკევიჩსმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრის შემდეგ.
„ჩვენ ყველანი ველოდებით ევროკომისიის ანგარიშს ვიზალიბერალიზაციის შესახებ… მე გამოვხატე ჩემი ქვეყნის სრული მხარდაჭერა ვიზალიბერალიზაციის პროგრამის მიმართ. როგორც კი ანგარიში გამოქვეყნდება, მიზეზი აღარ დარჩება, რომ პრაქტიკული გადაწყვეტილების მიღება შეყოვნდეს [ვიზალიბერალიზაციის თაობაზე], ვინაიდან ჩვენ დავინახეთ, რომ ქვეყანამ გადადგა ყველა საჭირო ნაბიჯი და ჩვენ, ევროკავშირში, უნდა შევასრულოთ ჩვენი დაპირება, როგორც საქართველომ შეასრულა საკუთარი დანაპირები“, – განაცხადა ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რომელიც ოფიციალური ვიზიტით საქართველოს სტუმრობს.
თავის ქართველ კოლეგასთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე საუბრისას რინკევიჩსმა ასევე აღნიშნა რეფორმების გაგრძელების მნიშვნელობა, მათ შორის სასამართლო სისტემაში და პროკურატურის კანონში შეტანილი ცვლილებები „პოზიტიურ“ მოვლენად შეაფასა.
„მე ასევე გავუსვი ხაზი ძლიერი, დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის უდიდეს მნიშვნელობას და ასევე თანაბრად მნიშვნელოვანია ძლიერი და დამოუკიდებელი მედია“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მომავალი წლის საპარლამენტო არჩევნების წინ.
რაც შეეხება საქართველოს ინტეგრაციას ნატოში, მან განაცხადა, რომ ქართველ კოლეგასთან „ის პოლიტიკური და პრაქტიკული გზავნილები“ განიხილა, რომელთაც ალიანსი მომავალი წლის სამიტზე გეგმავს.
„თუ ორივეს შეხედავთ –აღმოსავლეთ პარტნიორობაში ევროპულ ინტეგრაციას, ერთი მხრივ, და ევრო–ატლანტიკურ ინტეგრაციას – დავინახავთ, რომ საქართველო აშკარა ლიდერია ორივე პროცესში და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ორივე მხრიდან შენარჩუნდეს ტემპი, როგორც ქართული მხრიდან, ისე ჩვენი მხრიდან“, – განაცხადა რინკევიჩსმა.
ასევე 24 ნოემბერს ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს და ქართველი დეპუტატების ჯგუფს შეხვდა. იგი ასევე შეხვდება პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს და პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს. რინკევიჩსი სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთთან ადმინისტრაციული სასაზღვრო ზოლის მიმდებარე ტერიტორიებსაც ეწვევა და ასევე ესტუმრება საბავშვო ბაღს გორის რაიონის სოფელ დიცში, რომელიც საქართველოში ლატვიის საელჩოს დახმარებით აღიჭურვა.