სასამართლომ დავით ბორჩაშვილს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა

თბილისის საქალაქოს სასამართლოს მოსამართლემ 24 ნოემბერს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა დავით ბორჩაშვილს, რომელიც საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დააპატიმრა, რადგანაც ის სირიაში ტერორისტულ დაჯგუფებასთან კავშირშია ეჭვმიტანილი.

სისხლის სამართლის ბრალდება, რომელიც ტერორისტული ორგანიზაციის წევრობასაც მოიცავს, პანკისის მკვიდრ 29 წლის ბორჩაშვილს 23 ნოემბერს წარუდგინეს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ბორჩაშვილი მას შემდეგ დააკავა, რაც პირველ მცდელობაზე საქართველოში არ შემოშვების და თურქეთში გაბრუნების შემდეგ, თურქეთმა მისი დეპორტაცია კვლავ განახორციელა.

ადვოკატ გელა ნიკოლაიშვილის თქმით, ბორჩაშვილი აღიარებს სირიაში ჩასვლას, თუმცა უარყოფს რაიმე კავშირებს ან ბრძოლას  ე.წ ისლამური სახელმწიფოს ან რომელიმე სხვა ტერორისტული ორგანიზაციის მხარეს.

ბორჩაშვილი ირწმუნება, რომ მას „კონტაქტები“ ჰქონდა აშშ–ის მიერ მხარდაჭერილ სირიის თავისუფალ არმიასთან, როგორც ამის შესახებ მისი ადვოკატი აცხადებს.

სასამართლოს მოსმენა ბრალდების მხარის შუამდგომლობაზე, რომელიც ბორჩაშვილისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა, საავადმყოფოში გაიმართა, სადაც ბორჩაშვილი მკურნალობას გადის, რადგან შვიდი თვის წინ სავარაუდოდ ტყვიით მიყენებული ჭრილობის ნაოპერაციები გაურთულდა.

ბრალდების მხარემ ბორჩაშვილის წინააღმდეგ საქმეს გრიფი საიდუმლო დაადო.

მისი ადვოკატის თქმით, გამომძიებლებმა მისი კლიენტის წინააღმდეგ საქმე უფრო ფართო გამოძიებას დაურთო, რომელიც საქართველოს სამართალდამცავმა სტრუქტურებმა 2014 წლის გაზაფხულზე დაიწყეს.

ადვოკატმა განაცხადა, რომ მართალია საქმის დეტალებზე ვერ ისაუბრებს, რადგანაც მას გრიფი საიდუმლო ადევს, მაგრამ ერთადერთი მტკიცებულება, რომელიც ბრალდების მხარეს გააჩნია მისი კლიენტის წინააღმდეგ, არის ვიდეოჩანაწერი, რომელიც ვერ ადასტურებს იმას, რომ ბორჩაშვილი „ისლამურ სახელმწიფოსთან“ თანამშრომლობს.

ვიდეოში, რომელიც 21 ნოემბერს აიტვირთა ინტერნეტში, დავით ბორჩაშვილი ჩანს კიდევ რამდენიმე სხვა მამაკაცთან ერთად, რომლებიც კოლონაში „პიკაპის“ ტიპის მანქანით გადაადგილდებიან დაუდგენელ ქალაქში; ვიდეოში გაკვრით და საკმაოდ ბუნდოვნად კოლონის უკანა მანქანიდან მოჩანს სავარაუდოდ დროშა, რომელიც ე.წ. ისლამური სახელმწიფოს დროშას გავს.

ბორჩაშვილის ადვოკატი აცხადებს, რომ მისი კლიენტის თქმით, ვიდეო სირიაშია გადაღებული, თურქეთის საზღვრის მახლობლად და რომ იმ დროს იმ ტერიტორიაზე ე.წ. „ისლამური სახელმწიფო“ საერთოდ არ ფიგურირებდა. ადვოკატმა ასევე განაცხადა, რომ მის კლიენტს სირიის თავისუფალ არმიასთან ჰქონდა კავშირები დ არა „ისლამურ სახელმწიფოსთან“.

იმავდროულად, თბილისის საქალაქო სასამართლოში 24 ნოემბერს აიუფ ბორჩაშვილის საქმეზე გაიმართა მოსმენა, რომელიც 2015 წლის ივნისში დააკავეს და ე.წ. ისლამური სახელმწიფოსთვის საქართველოში მებრძოლების გადაბირებაში დასდეს ბრალი.

დავით ბორჩაშვილი  და აიუფ ბორჩაშვილი ნათესავები არ არიან და მათ საერთო აქვთ ის, რომ ორივე სოფელ ჯოყოლოს მკვიდრია, განაცხადა ადვოკატმა გელა ნიკოლაიშვილმა, რომელიც ორივე ბრალდებულის დამცველია.

აიუფ ბორჩაშვილის წინააღმდეგ სასამართლო მოსმენა ასევე ვრცელდება კიდევ სამ პირზე, რომლებიც, ბრალდების მხარის თქმით, ბორჩაშვილმა გადაიბირა და რომლებიც თურქეთში გამგზავრებამდე დააკავეს, საიდანაც ისინი სირიაში გადასვლას გეგმავდნენ. სამივე მათგანი, რომლებიც თბილისში მაცხოვრებლები არიან, ბრალდებებს უარყოფს.