საქართველომ ე.წ. ისლამური სახელმწიფოს მხარდამჭერ ვებგვერდებზე წვდომა დაბლოკა
საქართველოში ისლამური სახელმწიფოს მხარდამჭერ სულ ცოტა ორ ქართულენოვან ვებგვერდზე წვდომა სამშაბათს დაიბლოკა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, რომელმაც გასულ კვირას განაცხადა, რომ ამ ვებგვერდების საქმიანობას იძიებდა, კომენტარის გაკეთებაზე თხოვნას მაშინვე არ უპასუხა.
თუმცა, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ ხელისუფლებამ მართლაც დაბლოკა წვდომა ამ ვებგვერდებზე.
წვდომა ორ ვებგვერდზე, რომელთაგანაც ერთ–ერთი WordPress-ის პლატფორმას იყენებს, როგორც აღმოჩნდა, მხოლოდ საქართველოში დაიბლოკა, ხოლო საზღვარგარეთიდან მათზე წვდომა კვლავ შენარჩუნებულია. ორივე ვებგვერდი 2015 წლის გაზაფხულზე შეიქმნა.
ერთ–ერთმა ვებგვერდმა, რომელიც საკუთარ თავს „ხალიფატის ქართულ საინფორმაციო ვებგვერდად“ მოიხსენიებს, ქართულენოვანი პროპაგანდისტული ვიდეო ატვირთა, რომელიც 23 ნოემბერს ისლამური სახელმწიფოს მხარდამჭერი ჯგუფის სოციალურ ქსელებში გავრცელდა.
ვიდეოში ქართულად მოლაპარაკე მამაკაცებები მოუწოდებენ საქართველოში მცხოვრებ მუსლიმებს „ხალიფატს“ შეუერთდნენ, აჭარაში მცხოვრებ მუსლიმ სასულიერი პირებს აკრიტიკებენ და საქართველოში „ურწმუნოების“ „თავების დაჭრით“ იმუქრებიან.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ განუცხადა საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელს 24 ნოემბერს, რომ ვიდეო სავარაუდოდ პანიკის გამოწვევას ემსახურებოდა და ნაკლებად სავარაუდოა, რომ ის საქართველოში რაიმე კონკრეტული ქმედების განხორციელებაზე მიანიშნებდეს.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილემ ლევან იზორიამ განაცხადა 16 ნოემბერს, რომ უსაფრთხოების სამსახურმა ისლამური სახელმწიფოს მხარდამჭერი რამდენიმე ქართულენოვანი ვებგვერდის საქმიანობის „გამოძიება დაიწყო“; მისი თქმით, უსაფრთხოების სამსახური აპირებს შუამდგომლობით მიმართოს სასამართლოს, რათა „ასეთი ვებგვერდების არსებობა აიკძალოს“. მან ასევე განაცხადა, რომ უსაფრთხოების სამსახურმა მანამდე არ გაატარა ზომები, რადგანაც საკმარისი ინფორმაციის და მტკიცებულებების შეგროვება სურდა საქმისთვის.
„გვაქვს უკვე ამის საფუძველი, რომ გარკვეულ პიროვნებებზე დავიწყოთ დევნა“, – განაცხადა იზორიამ 16 ნოემბერს ტელეკომპანია „მაესტროსთან“ ინტერვიუში, თუმცა დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა.