თამბაქოსა და ალკოჰოლზე აქციზის გადასახადის ზრდა იგეგმება
მთავრობამ პარლამენტს საგადასახადო კოდექსში ცვლილების პროექტი წარუდგინა, რომელიც თამბაქოსა და ზოგიერთ ალკოჰოლურ სასმელზე 2016 წლის იანვრიდან აქციზის გადასახადის ზრდას ითვალისწინებს.
მთავრობა აქციზის ზრდიდან დამატებით 90 მილიონი ლარის შემოსავალს ელის.
ინიციატივის თანახმად, აქციზის გადასახადი ერთ კოლოფ ფილტრიან სიგარეტზე 20 თეთრით გაიზრდება და 1.1 ლარს მიაღწევს, ხოლო უფილტრო სიგარეტზე 5 თეთრით გაიზრდება 0.3 ლარამდე. ამას გარდა, ფილტრიან და უფილტრო სიგარეტზე აქციზის პროპორციული განაკვეთი იზრდება 5-დან 10%-მდე.
კანონპროექტის თანახმად, მომავალი წლიდან აქციზის გადასახადი ერთ ლიტრს არაყზე 6 ლარიდან 10 ლარამდე გაიზრდება; ვისკიზე, ჯინზე და რომზე არსებული 10 ლარიდან აქციზი 15 ლარამდე გაიზრდება; ლიტრ ტეკილაზე – 8 ლარიდან 10 ლარამდე; არადენატურირებულ ეთილის სპირტზე – 5.2 ლარიდან 10 ლარამდე.