პარლამენტმა შუალედურ არჩევნებში გამარჯვებული დეპუტატების უფლებამოსილება ცნო
პარლამენტმა 25 ნოემბერს საგარეჯოსა და მარტვილის საარჩევნო ოლქებში 31 ოქტომბერს არჩეული ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატების თამარ ხიდაშელისა და სოსო დანელიას უფლებამოსილება ცნო.
ამ გადაწყვეტილებების შედეგად პარლამენტის სიითი შემადგენლობა 150 დეპუტატამდე შეივსო.
სოსო დანელიამ, საბოლოო მონაცემების მიხედვით, შუალედური არჩევნები, რომელსაც ოპოზიციური პარტიების უმეტესობამ ბოიკოტი გამოუცხადა, 72.54%-ით მოიგო, დამაჯერებლად გაიმარჯვა რა მის ერთადერთ კონკურენტზე პატრიოტთა ალიანსიდან.
თამარ ხიდაშელმა, რომელიც ქართული ოცნების კოალიციაში რესპუბლიკურ პარტიას წარმოადგენს, საბოლოო მონაცემების მიხედვით, ხმათა 49.5% დააგროვა და 559 ხმით მოუგო მის მთავარ კონკურენტს, პატრიოტთა ალიანსის ერთ-ერთ ლიდერს ირმა ინაშვილს, რომელმაც 45.83% დააგროვა და ამ შედეგებს გარკვეული პერიოდის განმავლობაში ამჟამად უკვე შეწყვეტილი შიმშილობის აქციით აპროტესტებდა.
ცოტა ხნის წინ პარლამენტს ასევე შეემატა ქართული ოცნების ახალი დეპუტატი ვლადიმერ აჩბა, რომელმაც პროპორციული წესით არჩეული, უმრავლესობის ყოფილი ლიდერი დავით საგანელიძე შეცვალა, რადგან ეს უკანასკნელი საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელად დაინიშნა.