სოხუმი გმობს თურქეთის მიერ რუსული სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდებას
აფხაზეთის ლიდერმა რაულ ხაჯიმბამ და სეპარატისტული რეგიონის ოპოზიციურმა პარტიებმა დაგმეს თურქეთ–სირიის საზღვრის მახლობლად რუსული სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდების ფაქტი.
თურქეთმა განაცხადა, რომ რუსული სამხედრო თვითმფრინავი მისი საჰაერო სივრცის დარღვევის შემდეგ ჩამოაგდო. რუსეთმა განაცხადა, რომ მისი თვითმფრინავი სირიაში იმყოფებოდა, როდესაც მასზე 24 ნოემბერს შეტევა განხორციელდა.
„რუსული სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდების ინციდენტს განვიხილავთ როგორც მცდელობას, რომ ძირი გამოუთხარონ რუსეთის მიერ საერთაშორისო ტერორიზმის აღკვეთისკენ მიმართულ ძალისხმევას და ვგმობთ ამგვარ ქმედებას“, – განაცხადა ხაჯიმბამ 24 ნოემბერს გავრცელებულ წერილობით განცხადებაში.
„აფხაზეთი სრულ მხარდაჭერას უცხადებს რუსეთის ფედერაციას საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში“, – დასძინა მან.
ოპოზიციური ძალების ბლოკმა, რომლის შემადგენლობაში ასევე შედის პარტია „ამცახარა“, რომელმაც გასულ თვეს ხაჯიმბას გადადგომისკენ მოუწოდა, ასევე გაავრცელა განცხადება, რომელშიც დაგმო თურქეთის მიერ რუსული სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდების ფაქტი.
25 ნოემბერს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ „აგრესიის აქტი“ რუსული სამხედრო თვითმფრინავის წინააღმდეგ „სხვა არაფერია, თუ არა ტერორიზმის ხელშეწყობა“.
„ოპოზიციური პარტიების ბლოკი… ძლიერ მხარდაჭერას უცხადებს რუსეთის ფედერაციის და პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მიერ განხორციელებულ ქმედებებს საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში“, – ნათქვამია განცხადებაში.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)