ევროპარლამენტში საქართველოზე დებატები გაიმართა



ევროპარლამენტის სხდომათა დარბაზი სტრასბურგში, 2015 წლის 25 ნოემბერი.

ევროპარლამენტმა 25 ნოემბერს საქართველოში არსებული ვითარება განიხილა – სტრასბურგში გამართული ერთსაათიანი დებატების დროს დაახლოებით ოცდაოთხი ევროპარლამენტარი გამოვიდა სიტყვით, ხოლო ყველაზე ხშირად ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ის თემა ისმოდა.
 
ევროპარლამენტის წევრები ძირითადი პოლიტიკური ჯგუფებიდან, მათ შორის ისინი, ვინც თავიანთ გამოსვლებში საქართველოს ხელისუფლებას აკრიტიკებდა, მხარდაჭერას უცხადებდნენ შენგენის ზონაში საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლას.    
 
ევროკომისარმა ჰუმანიტარული დახმარების და კრიზისების მართვის საკითხებში, ქრისტოს სტილიანიდესმა, რომელმაც ევროკომისიის პოზიცია წარადგინა, განაცხადა, რომ ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების განხორციელება და საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირთან დაახლოება „კარგი ტემპით“ მიდის წინ. „გამოწვევებზე“ საუბრისას ევროკომისარმა აღნიშნა, რომ საჭიროა მომავალი წლის საპარლამენტო არჩევნების წინ ისეთი გარემოს უზრუნველყოფა, რომელიც  „მშვიდი და პატივისცემით გამსჭვალული“ იქნება. მან განაცხადა, რომ დემოკრატიული იმპულსი უნდა შენარჩუნდეს და „ველით ინსტიტუტების სრულ პატივისცემას, მათ შორის სასამართლო სისტემის და მედიის თავისუფლების“. მან ასევე ხაზი გაუსვა „პროგრესს“ სასამართლოს სისტემის რეფორმირებაში და აღნიშნა, რომ ევროკავშირი თვალს ადევნებს გახმაურებული საქმეების სასამართლო პროცესებს, ასევე კერძო სასამართლო დავას ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ის საკუთრებაზე. ევროკომისარმა ასევე განაცხადა, რომ ევროკავშირთან საქართველოს ვიზალიბერალიზაციის პროცესის კუთხით „პოზიტიური ნიშნები“ არსებობს.    
 
ევროპის სახალხო პარტიის სახელით გამოსვლისას ჩეხმა დეპუტატმა, იარომირ შტეტინამ განაცხადა, რომ საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა საბჭოთა მემკვიდრეობის დასაძლევად, როდესაც 2012 წლის არჩევნების შედეგად მშვიდობიანად და დემოკრატიულად შეცვალა ხელისუფლება, თუმცა დასძინა, რომ რთულია სრულად დააღწიო თავი „საბჭოთა წარსულის ტვირთს“ და როგორც მან აღნიშნა, ეს გამოიხატა „შერჩევით სამართალში“ და ნაციონალური მოძრაობიდან ყოფილი მაღალჩინოსნების „პოლიტიზირებულ“ დევნაში, ასევე „რუსთავი 2“–ის გარშემო „მიუღებელ მოვლენებში“. 
 
იარომირ შტეტინამ ასევე ახსენა სტალინის ძეგლების აღდგენის შემთხვევებიც. სტალინის ძეგლი საბჭოთა დიქტატორის მხარდამჭერებმა გურიის რეგიონის სოფელ შორაპანში აღმართეს ნოემბრის დასაწყისში, თუმცა მეორე დღეს ის ადგილობრივმა ხელისუფლებამ მოხსნა. გორის საკრებულომ ოქტომბრის დასაწყისში ჩააგდო ინიციატივა სტალინის ძეგლის ქალაქის ცენტრში დაბრუნების თაობაზე. 
 


ლიტველი დეპუტატი პეტრას აუშტრევიჩიუსი კახეთის სოფელ ზემო ალვანში აღმართულ სტალინის ძეგლს აჩვენებს ევროპარლამენტარებს სტრასბურგში 25 ნოემბერს საქართველოზე გამართული დებატების დროს.

სტალინის ძეგლების საკითხი ასევე წამოაყენა ლიტველმა დეპუტატმა პეტრას აუშტრევიჩიუსმა ევროპის ლიბერალების და დემოკრატების ალიანსიდან, რომელმაც სოფელ ზემო ალვანში არსებული სტალინის ძეგლის ფოტო აჩვენა; ეს ძეგლი 2012 წლის ბოლოს აღადგინეს და ის კვლავ ადგილზე რჩება.  აუშტრევიჩიუსმა დაგმო ძეგლის აღდგენის ფაქტი და ფოტო დახია.  
 
რუმინელმა დეპუტატმა ვიქტორ ბოშტინარუმ, რომელიც სოციალისტების და დემოკრატების პროგრესული ალიანსის სახელით გამოვიდა სხდომაზე, განაცხადა, რომ საქართველო „ლიდერია“ ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის, რომელმაც „მნიშვნელოვან პროგრესს“ მიაღწია რეფორმებში მას შემდეგ, რაც შარშან ასოცირების შეთანხმებას მოაწერა ხელი. მან იმედი გამოთქვა, რომ საქართველო „დაჯილდოვდება“ უვიზო მიმოსვლით შენგენის ზონაში. მან ასევე გაუსვა ხაზი სამართლიანი საარჩევნო გარემოს და შიდა პოლიტიკური სტაბილურობის უზრუნველყოფის მნიშვნელობას. მან ასევე მოუწოდა თავის კოლეგებს ევროპის სახალხო პარტიიდან, რომ  შეწყვიტონ საქართველოსთან მიმართებაში პოლიტიკური თამაში, რადგანაც ეს ვერ დაეხმარება ქვეყანას.
 
პოლონელმა ევროპარლამენტარმა ევროპის კონსერვატორების და რეფორმატორების ჯგუფიდან, ანა ფოტიგამ „რუსთავი 2“–ის და „პოლიტპატიმრების“ საკითხი დააყენა და განაცხადა, რომ საქართველომ უნდა მიხედოს ამ პრობლემებს. თუმცა, იქვე დასძინა, რომ ის „ძლიერ“ მხარდაჭერას უცხადებს საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციას.
 
ესპანელმა ევროპარლამენტარმა ხავიერ ნარტმა, რომელიც ევროპის ლიბერალების და დემოკრატების ალიანსის სახელით გამოვიდა, განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობას სრულად აკონტროლებს ყოფილი პრემიერ–მინისტრი, მილიარდელი ბიძინა ივანიშვილი. მან ასევე განაცხადა, რომ „რუსთავი 2“ საქართველოს ხელისუფლებისთვის  „სანდოობის ლაკმუსის ტესტი“ იქნება. განაცხადა რა, რომ ქვეყანამ პროგრესს მიაღწია, მან ასევე დასძინა, რომ კვლავ რჩება „უზარმაზარი ხარვეზები“, მათ შორის სასამართლო სისტემასთან მიმართებაში.
 
ფინელმა ევროპარლამენტარმა, ჰეიდი ჰაუტალამ მწვანეთა/ევროპის თავისუფალი ალიანსის ჯგუფიდან განაცხადა, რომ მიუხედავად ყველა გამოწვევისა და ხარვეზისა, საქართველო ევროპული მომავლის ერთგული რჩება.
 
„ქვეყანა დიდ ძალისხმევას მიმართავს და ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ მის ევროპულ არჩევანს, ვინაიდან როგორც ვიცით, რუსეთის გრძელი ჩრდილი აღმოსავლეთ პარტნიორობის ყველა ქვეყანას ადგას თავზე“, – განაცხადა ჰაუტალამ, რომელიც ევროპარლამენტის იმ წევრებს შორის იყო, რომლებიც ნოემბრის დასაწყისში თბილისს ესტუმრნენ და ევროკავშირი–საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის პირველ შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა.
 
მან ასევე განაცხადა, რომ ხარვეზების მიუხედავად, სასამართლო სისტემის რეფორმა მიმდინარეობს; მან ასევე განაცხადა, რომ ევროპარლამენტმა კვლავ ყურადღება უნდა მიაქციოს „რუსთავი 2“–ის საქმეს, რათა „აჩვენოს, რომ რა თქმა უნდა, ჩვენ ძალიან მომთხოვნები ვართ მედიის თავისუფლების და სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის მიმართ“.
 
ევროპარლამენტის წევრმა ბრიტანეთიდან, საიად კარიმმა, რომელიც ევროპელი კონსერვატორების და რეფორმატორების ჯგუფის წევრია და რომელიც თვის დასაწყისში თბილისში ევროკავშირი–საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის პირველ შეხვედრას თანათავმჯდომარეობდა, განაცხადა, რომ მომდევნო ნაბიჯი ევროკავშირი–საქართველოს ურთიერთობებში ვიზალიბერალიზაციისკენ უნდა გადაიდგას. მან ასევე აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ აჩვენოს ერთგულება ევროპული ღირებულებების და მედიის თავისუფლების მიმართ, განსაკუთრებით მომავალი წლის საპარლამენტო არჩევნების წინ.
 
მან ასევე განაცხადა, რომ საქართველოში ვიზიტის დროს შესაძლებელი გახდა, რომ „ჩვენი ურთიერთობები გაცდენოდა პარტიულ პოლიტიკურ კუთვნილებას“. „ვფიქრობ, დავეხმარებით საკუთარ თავს, თუ მომავალში [ევროპარლამენტის] რეზოლუციები იმ დასკვნით განცხადებას დაეფუძნება, რომლის მიღწევაც [თბილისში] შევძელით“, – განაცხადა საიად კარიმმა.   
 
ევროპარლამენტარმა ლატვიიდან, ანდრეს მამიკინსმა, რომელიც ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტიდან საქართველოს შესახებ მომხსენებელია, განაცხადა, რომ საქართველო მზად არის დაასრულოს ვიზალიბერალიზაციის პროცესი ევროკავშირთან.
 
„საქართველომ წინ წაიწია საჭირო რეფორმების განხორციელების საქმეში – არა ნაკლებად, არამედ უფრო მეტად, ვიდრე უკრაინამ ან მოლდოვამ, თუმცა ამ უკანასკნელს უკვე აქვს უვიზო რეჟიმი“, – განაცხადა მამიკინსმა და დასძინა, რომ საქართველოს მიერ გატარებული რეფორმები აჩვენებს, რომ ქვეყანა მზადაა წარმატებით დაასრულოს ვიზალიბერალიზაციის პროცესი.
 
ევროპარლამენტარმა უნგრეთიდან ტომაშ მეჟერიჩმა მწვანეთა/ევროპის თავისუფალი ალიანსის ჯგუფიდან განაცხადა, რომ საჭიროა „პოლიტიკური ოპოზიციის როგორც ლეგიტიმური მეტოქის პატივისცემა, რაც დემოკრატიული პოლიტიკის აუცილებელი პირობაა“.
 
„და ასევე პოლიტიკურ ოპოზიციას უნდა ესმოდეს და იმუშაოს ხელისუფლების მშვიდობიანი შეცვლისთვის დემოკრატიული პოლიტიკის ფარგლებში“, – დასძინა მან.
 
ევროპარლამენტის წევრმა ხორვატიიდან, ანდჟეი პლენკოვიჩმა ევროპის სახალხო პარტიიდან თავის გამოსვლაში „ოპოზიციაზე ზეწოლა“ და „პოლიტპატიმრები“ ახსენა; მან ასევე აღნიშნა მედიის თავისუფლების მნიშვნელობა და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოსთან ვიზალიბერალიზაცია ქვეყნის ევროპულ ინტეგრაციას დააჩქარებს.
 
პოლონელმა დეპუტატმა ევროპის სახალხო პარტიიდან, აგნიეშკა კოზლოვსკა რაჟევიჩმა განაცხადა, რომ ვიზალიბერალიზაცია ხელსაყრელი იქნება როგორც საქართველოსთვის, ისე ევროკავშირისთვის.
 
ევროპარლამენტის ჰოლანდიელმა წევრმა სოციალ–დემოკრატების ალიანსიდან, კატი პირიმ განაცხადა, რომ საქართველო „ბევრ ასპექტში წარმატების ისტორიაა“, თუმცა აღნიშნა, რომ თავიდან უნდა იქნას აცილებული სასამართლო სისტემაში და თავისუფალ მედიაში პოლიტიკური ჩარევის აღქმაც კი. ამ თვალსაზრისით, მან განაცხადა, რომ „რუსთავი 2“–ის საქმე „სხვაგვარად უნდა მოგვარებულიყო“.
 
„ასევე შემაშფოთებელია, როგორ შეეცადა ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამ საქმის გამოყენებას არეულობის გამოწვევის მიზნით“, – განაცხადა ევროპარლამენტარმა პირიმ, რომელსაც სავარაუდოდ გაჟონილ აუდიოჩანაწერებში სააკაშვილის საუბრები ჰქონდა მხედველობაში . 
 
ბიძინა ივანიშვილზე აშკარა მინიშნებით, ევროპარლამენტარმა პირიმ განაცხადა, რომ „ყველაზე გავლენიანი პოლიტიკური მოთამაშე საქართველოში არავის წინაშე არ არის ანგარიშვალდებული“.
 
ევროპარლამენტის სლოვაკმა წევრმა ევროპის სახალხო პარტიიდან, ედუარდ კუკანმა მოუწოდა საქართველოს ხელმძღვანელობას, რომ „თავიანთი პოლიტიკური ბრძოლები პარლამენტში გამართონ, ნაცვლად წინასწარი პატიმრობებისა და ციხეებისა“. 
 
თავის დასკვნით სიტყვაში დებატების ბოლოს, ევროკომისარმა ქრისტოს სტილიანიდესმა განაცხადა: „ჩვენ ყურადღებით ვაკონტროლებთ პატივს სცემს თუ არა ჩვენ საერთო პრინციპებს“ საქართველო. 
 
მისი თქმით, ნოემბერში საქართველოში სტუმრობის დროს ევროკომისარ ფედერიკა მოგერინის „მოეწონა ის კონსტრუქციული ტონი, რომელიც მთავრობამ და საპარლამენტო ფრაქციების ლიდერებმა გამოხატეს“.
 
„მათ ესმით, რომ საჭიროა კვლავ რეფორმებზე გაამახვილონ ყურადღება და უსაფრთხო სივრცე შექმნან კამპანიისთვის მომავალი წლის საპარლამენტო არჩევნების წინ“, – განაცხადა ევროკომისარმა სტილიანიდესმა.
 
რაც შეეხება ვიზალიბერალიზაციას, მან განაცხადა, რომ ეს პროცესი დამსახურებებზეა დაფუძნებული და ევროკომისია დეკემბერში ანგარიშს მოამზადებს იმის თაობაზე, თუ როგორ ახორციელებს საქართველო ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ  რეფორმებს. 
 
„როგორც კი საბოლოო ანგარიში გამოქვეყნდება, კომისია შეძლებს წარმოადგინოს საკანონმდებლო ინიციატივა სავიზო ვალდებულებების მოხსნის თაობაზე; შემდეგ გადაწყვეტილება ამის შესახებ ევროპარლამენტმა და საბჭომ უნდა მიიღონ, თუმცა რთულია იმის პროგნოზირება, თუ რა დრო დაჭირდება ამ ინიციატივაზე გადაწყვეტილების მიღებას“, – განაცხადა ევროკომისარმა სტილიანიდესმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)