იტალიამ ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირება მოახდინა

იტალიის სენატმა 26 ნოემბერს ევროკავშირთან საქართველოს ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირება დაასრულა მას შემდეგ, რაც ოთხი თვით ადრე ქვედა, დეპუტატთა პალატამ ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღო.

იტალია ევროკავშირის წევრი 27-ე ქვეყანა გახდა, რომელმაც ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების ხელშეკრულების, რომელიც ასევე მოიცავს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას,  რატიფიცირება მოახდინა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თანახმად, ბელგია ევროკავშირის წევრი ის ერთადერთი დარჩენილი ქვეყნაა, რომელსაც ამ ხელშეკრულების რატიფიცირება ჯერ არ მოუხდენია.

საქართველოს პარლამენტმა მისი რატიფიცირება 2014 წლის 18 ივლისს, ხოლო ევროპარლამენტმა ხუთი თვის თავზე, 18 დეკემბერს მოახდინა. ასოცირების ხელშეკრულება, რომელიც  2014 წლის 1 სექტემბრიდან დროებითი გამოყენების რეჟიმში უკვე მოქმედებს, სრულფასოვნად მას შემდეგ ამოქმედდება, რაც ევროკავშირის 28-ვე წევრი სახელმწიფო მოახდენს მის რატიფიცირებას.