თბილისში აღმოსავლეთ პარტნიორობის არაფორმალური მინისტერიალი გაიმართა
აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსი წევრი ქვეყნის საგარეო საქმეთა და ჯანდაცვის მინისტრები და სამინისტროების მაღალი რანგის წარმომადგენლები, ასევე ევროკომისრები სამეზობლო პოლიტიკისა და ჯანდაცვის საკითხებში 26 ნოემბერს თბილისში შეიკრიბნენ.
აღმოსავლეთ პარტნიორობის არაფორმალურ დიალოგში მონაწილეობა მიიღეს სომხეთის, აზერბაიჯანის, საქართველოს და მოლდოვას საგარეო საქმეთა მინისტრებმა, ასევე ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ და უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპის დირექტორატის ხელმძღვანელმა.
პარალელურად საქართველოს და სომხეთის ჯანდაცვის მინისტრების, ასევე აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა ქვეყნების ჯანდაცვის სამინისტროების წარმომადგენლების შეხვედრაზე ჯანდაცვის სფეროში დარგობრივ თანამშრომლობაზეც იმსჯელეს.
შეხვედრებში ასევე მიიღეს მონაწილეობა გაფართოებისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა, ჯანდაცვისა და სურსათის უვნებლობის საკითხების ევროკომისარმა ვიტენის ანდრიუკაიტისმა და ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის გენერალური მდივნის მოადგილემ ჰელგა შმიდმა.
„საქართველო ყოველთვის იყო აღმოსავლეთ პარტნიორობის ძლიერი მხარდამჭერი“, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა შეხვედრის შემდეგ, „ჩვენ სასარგებლო და დეტალური განხილვა გვქონდა იმ პროგრესისა, რომელსაც რიგის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე შეთანხმებული პრიორიტეტების განხორციელებაში მივაღწიეთ; ასევე განვიხილეთ სამომავლო გეგმები. გავცვალეთ შეხედულებები აღმოსავლეთ სამეზობლოს პოლიტიკის მიმართ ევროკავშირის ახალი მიდგომის შესახებ“.
იმ დროს, როდესაც საქართველო, მოლდოვა და უკრაინა ევროკავშირთან პოლიტიკური ასოცირებისა და უფრო ახლო ეკონომიკური ინტეგრაციისკენ ისწრაფვიან, აღმოსავლეთ პარტნიორობის დანარჩენმა სამმა ქვეყანამ იგივე გზა არ აირჩია. სომხეთი და ბელარუსი რუსეთის მიერ შექმნილი ევრაზიული კავშირის წევრები არიან.
ევროკავშირი დიფერენცირებულ მიდგომას გეგმავს, რადგანაც ყველა პარტნიორი არ ისწრაფვის მასთან უფრო ახლო ინტეგრაციისკენ. ევროპის სამეზობლო პოლიტიკის მიმოხილვაში ევროკავშირმა განაცხადა, რომ ის ასეთ პარტნიორებს „სადაც შესაძლებელია, მეტ მოქნილობას შესთავაზებს“ და მათთან ერთად განსაზღვრავს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების „რეალისტურ ალტერნატივებს“, რათა მათთან სავაჭრო და საინვესტიციო ურთიერთობები გააძლიეროს.
Frank and good exchange on #ENPreview and perspectives for #EaP at Informal Ministerial Dialogue pic.twitter.com/vY5ilo9QSp
— Johannes Hahn (@JHahnEU) November 26, 2015
„მივესალმებით დიფერენცირებულ მიდგომას, როგორც ამის თაობაზე ევროპის სამეზობლო პოლიტიკის მიმოხილვის დოკუმენტშია გაცხადებული“, – განაცხადა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ელმარ მამედიაროვმა თბილისში 26 ნოემბერს გამართულ შეხვედრაზე.
„ამას გარდა, დაცული უნდა იყოს ბალანსი მიგრაციის პრობლემის და ადამიანის უფლებათა საკითხების მოგვარებას შორის, ფუნდამენტალურ თავისუფლებებს და ანტი–რადიკალიზმს შორის, და ასევე მნიშვნელოვანია, რომ შეიზღუდოს ისლამოფობიური ტენდენციები ევროპაში. ჩვენ, როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრები, მუდმივად ვისმენთ კრიტიკას ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებთან დაკავშირებით პარტნიორ სახელმწიფოებში. თუმცა, როგორაა საქმე თავად ევროკავშირთან მიმართებაში?“, განაცხადა მამედიაროვმა, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანახმად და დასძინა, რომ ასევე კრიტიკის საგანი უნდა გახდეს ევროკავშირის ქვეყნებში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებული საკითხები.
მამედიაროვმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ აზერბაიჯანის ევროკავშირთან თანამშრომლობის ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სფერო ენერგო სექტორია. მისი თქმით, სამხრეთის გაზის დერეფანზე მუშაობა „შეუფერხებლად მიმდინარეობს“ და ბაქო ელის, რომ აზერბაიჯანული გაზი ევროპამდე 2018 წლის ბოლოს ან 2019 წლის დასაწყისში მიაღწევს.
სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ედვარდ ნალბანდიანმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა, რომელიც ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრია, მხარს უჭერს თანამშრომლობის ისეთ ფორმატებს, რომელიც უზრუნველყოფს ინტეგრაციულ პროცესებს და არა გამყოფი ხაზების შექმნას.
„ჩვენ გვინდა, რომ კარგად გამოვიყენოთ ჩვენი მონაწილეობა ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში და იმავდროულად, განვავითაროთ ორმხრივად ხელსაყრელი შესაძლო თანამშრომლობა ევროკავშირთან“, – განაცხადა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
იგი მიესალმა ევროკავშირის გადაწყვეტილებას ახალ შეთანხმებაზე სომხეთთან მოლაპარაკებების თაობაზე, რომელიც, მისი თქმით, უახლოეს დღეებში დაიწყება.
„იმედი მაქვს, რომ განხილვების აქტიური პროცესის საშუალებით შევძლებთ შეთანხმების მიღწევას ახალ ჩარჩო დოკუმენტზე, რომელიც ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების არსს და სიღრმეს ასახავს და ურთიერთხელსაყრელი თანამშრომლობის ახალ სახელმძღვანელო პრინციპებს განსაზღვრავს“, – განაცხადა მან.
ნალბანდიანმა ასევე განაცხადა, რომ ევროკავშირი–სომხეთის სავიზო რეჟიმის გამარტივების შეთანხმების მოქმედებიდან თითქმის ორი წლის თავზე, ახლა „დროა, რომ წინ წავიწიოთ და ვიზალიბერალიზაციის შესახებ დიალოგი დავიწყოთ“.
ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ელენა კუპჩინამ, რომლის ქვეყანაც ევრაზიული კავშირის წევრია, განაცხადა, რომ აღმოსავლეთ პარტნიორების მიმართ ევროკავშირის მიდგომაში „უფრო მეტი დიფერენცირების“ საჭიროება არსებობს. მან ასევე განაცხადა, რომ საჭიროა, რომ „ევრაზიის ეკონომიკურ კავშირს და ევროკავშირს შორის დიალოგი და თანამშრომლობა შედგეს, რომლის მიზანიც იქნება მომავალში ერთიანი ეკონომიკური სივრცის შექმნა ლისაბონიდან ვლადივოსტოკამდე“.
აღმოსავლეთ პარტნიორობის არაფორმალური შეხვედრის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ორმხრივი შეხვედრები გამართა თავის აზერბაიჯანელ და სომეხ კოლეგებთან.
აღმოსავლეთ პარტნიორობის არაფორმალური დიალოგის შემდეგ, ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა თავისი ვიზიტი თბილისში ორმხრივი შეხვედრებით განაგრძო.
იგი 26 ნოემბერს პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს და დეპუტატებს შეხვდა სხვადასხვა საპარლამენტო ჯგუფებიდან.
უსუფაშვილმა განაცხადა, რომ ოპტიმიზმის ყველა მიზეზი არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ დადებითი იქნება ევროკომისიის ანგარიში საქართველოს მიერ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის განხორციელების თაობაზე, რომელიც დეკემბრის შუა რიცხვებში გამოქვეყნდება. მისი თქმით, ევროკომისიის რეკომენდაცია შემდეგ ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა უნდა დაამტკიცონ.
მან იმედი გამოთქვა, რომ ეს გადაწყვეტილებებიც დადებითი იქნება.
მანამდე 26 ნოემბერს ევროკომისარმა ჰანმა განაცხადა ვიზალიბერალიზაციის შესახებ: „საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია. სულ მალე, დეკემბრის შუა რიცხვებში, საბოლოო ანგარიში გამოქვეყნდება. შედეგს ვერ ვიწინასწარმეტყველებ… თუმცა ის, რაც მოვისმინეთ ჩვენი კოლეგებისგან, რომელთაც ამ საკითხებთან აქვთ შეხება, სავსებით დარწმუნებული ვარ, რომ საქმე სწორი მიმართულებით მიდის“.
ასევე 26 ნოემბერს ევროკომისარი საქართველოს პატრიარქს ილია მეორეს შეხვდა.
ვიზიტის ფარგლებში იოჰანეს ჰანი ასევე შეხვდა პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს, და ასევე შეხვდება ოპოზიციის და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს.