პარლამენტმა 2015 წლის ბიუჯეტში ცვლილებები დაამტკიცა

პარლამენტმა 27 ნოემბერს მხარი დაუჭირა 2015 წლის ბიუჯეტში მთავრობის მიერ შემოთავაზებულ ცვლილებებს, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად საყოველთაო ჯანდაცვის სისტემის დაფინანსების 96 მლნ ლარით ზრდას ითვალისწინებს.

ცვლილებების თანახმად, რომელსაც 84-მა დეპუტატმა მისცა ხმა, სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლები მანამდე პროგნოზირებული 7.95 მლრდ ლარიდან 8.048 მლრდ ლარამდე გაიზარდა, ხოლო ხარჯები  – 8.016 მლრდ ლარიდან 8.11 მლრდ ლარამდე.

საგადასახადო შემოსავლები 120 მლნ ლარით გაიზარდა 7.52 მლრდ ლარამდე მას შემდეგ, რაც ოთხი თვის წინ  ბიუჯეტის პირველი კორექტირების შედეგად თავდაპირველად პროგნოზირებული ეს მაჩვენებელი 200 მლნ ლარით შემცირდა 7.4 მლრდ ლარამდე და პარალელურად, ეკონომიკური ზრდის პროგნოზმა 5%-დან 2%-მდე დაიკლო.

მთავრობის განმარტებით, საგადასახადო შემოსავლების გეგმის ზრდა გადასახადების აკრეფის დინამიკასთან ერთად, ასევე ეფუძნება მშპ-ის ზრდის პროგნოზის 2%-დან ფაქტიურ 2.8%-მდე ზრდას.

ცვლილებები ასევე შეეხო შემოსავლების სხვა პარამეტრებსაც. კერძოდ, გრანტების საპროგნოზო მაჩვენებელი 17 მლნ ლარით შემცირდა 239.9 მლნ ლარამდე, „სხვა შემოსავლებმა“ 5 მლნ ლარით დაიკლო 290 მლნ ლარამდე. თუმცა 45 მლნ ლარით გაიზარდა პრივატიზაციიდან წლის ბოლომდე მისაღები თანხები და ჯამში 280 მლნ ლარი შეადგინა.

საბიუჯეტო ცვლილებების შედეგად, საქართველო წელს დაგეგმილზე 293 მლნ ლარით ნაკლებ ვალს აიღებს, საიდანაც 185 მლნ ლარი მოდის სახაზინო ვალდებულებების სახით მისაღები შემოსავლების გაუქმებაზე, ხოლო 108 მლნ ლარით საგარეო წყაროებიდან მისაღები კრედიტები მცირდება.

ცვლილებების მიხედვით, 96 მლნ ლარით გაიზარდა ჯანდაცვის სამინისტროს დაფინანსება 2.881 მლრდ ლარამდე. გაზრდილი თანხა მთლიანად მოხმარდება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის განხორციელებას, რომლისთვისაც თავდაპირველად პროგნოზირებული 470 მლნ ლარი არასაკმარისი აღმოჩნდა და პროგრამის შეუფერხებელი განხორციელებისთვის მთავრობას მისი დაფინანსების 566 მლნ ლარამდე გაზრდა მოუხდა.

სწორედ ეს იყო ერთ-ერთი ის საკითხი, რის გამოც ოპოზიციურმა ნაციონალურმა მოძრაობამ, რომელმაც საბიუჯეტო ცვლილებებს მხარი არ დაუჭირა, მმართველი კოალიცია 26 ნოემბერს საბიუჯეტო ცვლილებების  საპარლამენტო სესიაზე განხილვის დროს გააკრიტიკა.

„არავისთვის მომგებიანი არ არის იმ პროგრამაზე უარყოფითად საუბარი, რომელსაც შეიძლება რეიტინგებში და კვლევებში კარგი მაჩვენებელი ჰქონდეს… მაგრამ ეს არის მახინჯი, მავნებელი პროგრამა იმიტომ, რომ დაარტყამს ჩვენს ეკონომიკას  – უკვე არტყამს, აძვირებს ყველაფერს და აუფასურებს ლარს – და მომავალში საერთოდ ჩამოშლის ბიუჯეტს“, – განაცხადა დეპუტატმა ნაციონალური მოძრაობიდან პეტრე ცისკარიშვილმა თავის გამოსვლაში.

ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ უპასუხა: „მე ნამდვილად არ მესმის  რატომ არ უნდა ჰქონდეს მხარდაჭერა ბიუჯეტს“, რომელშიც ასახულია „რეალური საჭიროება, რომ დაფინანსდეს ის პროგრამა, რომელ პროგრამასაც ძალიან ბევრი ადამიანის სიცოცხლე გადაურჩენია“.

საბიუჯეტო ცვლილებების შედეგად, 76 მლნ ლარით შემცირდა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსება და 869.5 მლნ ლარი შეადგინა. შემცირებული თანხების უდიდესი ნაწილი – 71 მლნ ლარი  – საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების ღონისძიებებს დააკლდა.

5 მლნ ლარი დააკლდა ასევე სოფლის მეურნეობის სამინისტროს და მისი დაფინანსება 262.45 მლნ ლარი გახდა.

მთავრობის სარეზერვო ფონდი, საბიუჯეტო ცვლილებების შედეგად, 15 მლნ ლარით გაიზარდა და მან უპრეცედენტო ნიშნულს 85 მლნ ლარს მიაღწია. 2015 წლის დასაწყისში ამ ფონდის დაფინანსება 50 მლნ ლარს შეადგენდა და ივლისში განხორციელებული საბიუჯეტო ცვლილებებით 70 მლნ ლარამდე გაიზარდა.

ასევე 15 მლნ ლარით გაიზარდა და 35 მლნ ლარი შეადგინა იმ ფონდის მოცულობამ, რომელიც წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანების დაფარვასა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულებას უზრუნველყოფს.