ევროკავშირი საქართველოს 100 მილიონი ევროს დახმარებას გამოუყოფს

100 მილიონი ევროს ღირებულების დახმარების ახალი პაკეტი ევროკავშირიდან ხელს შეუწყობს საქართველოსთან ასოცირების შეთანხმებასთან და მობილურობის ხელშეკრულებებთან დაკავშირებულ რეფორმებს.

„ასოცირების შესახებ შეთანხმებით საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები ახალ ეტაპზე გადავიდა. ეს დახმარების პაკეტი ხელს შეუწყობს ამ კიდევ უფრო გაღრმავებული ურთიერთობის ცენტრალურ ელემენტებს“, – განაცხადა ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში  ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა თბილისში.

ევროკომისიამ განაცხადა, რომ ახალი პაკეტი დაეხმარება საქართველოს მიაღწიოს რეფორმებით დასახულ მიზნებს  საჯარო ადმინისტრაციის, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სფეროებში და  ხელს შეუწყობს აქტიური სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას. ის ასევე ხელს შეუწყობს საქართველოს საკვანძო ინსტიტუტებს ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელებაში და ევროკავშირთან  სავიზო ლიბერალიზაციის პროცესის წინსვლას.

ევროკომისიის თანახმად, 100 მილიონიანი დახმარების ნახევარი სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებულ პროგრამებს მოხმარდება და უზრუნველყოფს საქართველოს ამ სექტორის კონკურენტუნარიანობის ზრდას.

30 მილიონი ევრო საჯარო ადმინისტრირების რეფორმაზე დაიხარჯება. ევროკავშირის დახმარება ამ სფეროში მიზნად ისახავს მოქალაქეებისათვის ქვეყნის მასშტაბით უკეთესი ხარისხის საზოგადოებრივი სამსახურების ხელმისაწვდომობის გაზრდას და ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის ხელშეწყობას, უფლებამოსილებების დეცენტრალიზაციის ჩათვლით.

14 მილიონი ევრო გამოიყოფა საქართველოს დასახმარებლად, რათა მან ევროკავშირის სტანდარტები დააკმაყოფილოს ისეთ სფეროებში, როგორიცაა ენერგეტიკა, ტრანსპორტი, ელექტრონული კომუნიკაციები, გარემოს დაცვა, ვიზალიბერალიზაცია, მიგრაცია, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა და ოჯახში ძალადობა.  

6 მილიონი ევრო გამოიყოფა სამოქალაქო საზოგადოების მექანიზმის ფარგლებში, რომლის მიზანიცაა საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მდგრადობის გაუმჯობესება, განსაკუთრებული ყურადღების გამახვილებით მათი დაფინანსების წყაროების დივერსიფიცირებაზე.

27 ნოემბერს თბილისში პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ ევროკომისარმა ჰანმა განაცხადა, რომ საქართველომ უკვე განახორციელა „მნიშვნელოვანი ძალისხმევა“ ასოცირების შეთანხმების განხორციელებაში.

მისი თქმით, „ძალიან გულწრფელად“ განიხილა პრემიერ–მინისტრთან „დარჩენილი გამოწვევები“. ევროკომისარმა ჰანმა განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია, რომ უზრუნველყოფილი იყოს მშვიდი და პატივისცემით განმსჭვალული პოლიტიკური გარემო, განსაკუთრებით მომავალი წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, ასევე მედიის თავისუფლების პატივისცემა და ოპოზიციური პარტიების წვდომა თავისუფალ მედიაზე.

აღნიშნა რა პროგრესი სასამართლო სისტემის რეფორმირების კუთხით, მან ასევე განაცხადა, რომ ევროკავშირი „ეწინააღმდეგება შერჩევითი, პოლიტიკურად მოტივირებული მართლმსაჯულების პრაქტიკის გამოყენებას, მათ შორის წინასწარი პატიმრობის ზომის გადაჭარბებით გამოყენებას“.