მთავრობა 2016 წლის ივლისიდან პენსიების 20 ლარით გაზრდას გეგმავს

2016 წლის 1 ივლისიდან ასაკით პენსიონერებს 20 ლარით გაეზრდებათ პენსია და ის 180 ლარს მიაღწევს, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 27 ნოემბერს.

მან ეს განცხადება მთავრობის სხდომაზე გააკეთა, სადაც ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა 2016 წლის ბიუჯეტის მესამედ გადამუშავებული ვარიანტი წარადგინა. ბიუჯეტის პროექტის პირველი და მეორე წარდგენის დროს პენსიების ზრდა გათვალისწინებული არ იყო.

ბიუჯეტის საბოლოო პროექტი ჯერ არ არის ხელმისაწვდომი, თუმცა ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, მომავალ წელს საპენსიო უზრუნველყოფაზე მთლიანობაში 1.6 მლრდ ლარი დაიხარჯება ჯანდაცვის სამინისტროს დაფინანსებიდან, რომელიც 3 მლრდ ლარს გადააჭარბებს.

ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის განცხადებით, 90 მლნ ლარი დასჭირდება პენსიების 180 ლარამდე ზრდას, რაც დაახლოებით სამი თვით ადრე მოხდება 2016 წლის ოქტომბერში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებამდე.

უკანასკნელად პენსიები 2015 წლის სექტემბერში გაიზარდა 10 ლარით და ამჟამად, ის 160 ლარს შეადგენს. სოციალური მომსახურების სააგენტოს ცნობით, ოქტომბერში 706 695 ასაკით პენსიონერები იყო რეგისტრირებული. ფინანსთა სამინისტრო ამ მაჩვენებლის 735 000-მდე გაზრდას ელის მომავალ წელს.

ოპოზიციური ნაციონალური მოძრაობის საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე მიესალმა, რომ ხელისუფლება „ნაწილობრივ დათანხმდა“ პენსიების ზრდას, თუმცა განაცხადა, რომ მათი კამპანია 2016 წლის იანვრიდან პენსიების 50 ლარით გაზრდის მისაღწევად კვლავ გაგრძელდება.

ოპოზიციური „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა ირაკლი ალასანიამ, რომელიც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების კამპანიის დროს პენსიის 220 ლარამდე გაზრდას პირდებოდა ქართული ოცნების კოალიციის ფარგლებში, განაცხადა, რომ ჯერ საჭიროა ქვეყნის ეკონომიკა გაიზარდოს, რათა ამან პენსიების შემდგომ მატებას შეუქმნას საფუძველი.