საქართველოს და გერმანიის თავდაცვის მინისტრების შეხვედრა ბერლინში
საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი თავის გერმანელ კოლეგას ურსულა ფონ დერ ლეიენს შეხვდა 27 ნოემბერს ბერლინში.
გერმანიის თავდაცვის უწყებამ თავის მოკლე პრეს-რელიზში განაცხადა, რომ ორ ქვეყანას ახლო სამხედრო თანამშრომლობა აკავშირებს და აღნიშნა მის მიერ გაწვრთნილი და აღჭურვილი ის 130 ქართველი ჯარისკაცი, რომლებიც ავღანეთში გერმანიის სარდლობის ქვეშ მსახურობენ.
ქართველი ჯარისკაცები მაზარ-ი-შარიფის სიახლოვეს მდებარე მარმალის გერმანულ სამხედრო ბაზაზე სწრაფი რეაგირების ძალების მოვალეობებს ასრულებენ. საქართველო, რომელიც თავისი 856 სამხედრო მოსამსახურით მეორე უმსხვილესი კონტრიბუტორია ავრანეთში ნატოს ეგიდით მიმდინარე ოპერაციაში, ასევე წარმოდგენილია ბაგრამის საავიაციო ბაზაზე და ქაბულში.
ბერლინში საქართველოს თავდაცვის მინისტრი ასევე შეხვდა კანცლერ ანგელა მერკელის მრჩეველს საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში კრისტოფ ჰოისგენს.
„ძალიან პოზიტიური შეხვედრები იყო“, – განაცხადა ხიდაშელმა, „თავდაცვის მინისტრმა სრული მხარდაჭერა დაადასტურა კიდევ ერთხელ საქართველოს მიმართ, რა თქმა უნდა, მადლობა გადაგვიხადა ჩვენი კონტრიბუციისთვის მსოფლიო უსაფრთხოების საქმეში… მე დარწმუნებული ვარ, რომ გერმანიის ხელისუფლების მხარდაჭერით ჩვენ მოვახერხებთ, რომ პრაქტიკულად ახალ ნაბიჯზე გადავიყვანოთ როგორც გერმანია-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობები, ასევე საქართველო-ნატოს ურთიერთობები“.
27 ნოემბერს „როიტერი“ იტყობინებოდა, რომ ნატოს წევრებში გაყოფილია აზრი იმის შესახებ, თუ რა გზავნილი გაკეთდეს საქართველოსთვის 1-2 დეკემბერს ბრიუსელში დაგეგმილ ნატოს საგარეო საქმეთა მინისტერიალზე. მაშინ როცა გერმანია მონტენეგროს გაწევრიანების მომხრეა, ის კვლავაც ეწინააღმდეგება საქართველოს ნატოში მიღებას, იტყობინება „როიტერი“.
მომავალი წლის ნატოს ვარშავის სამიტზე, თბილისს ალიანსისგან წევრობის სამოქმედო გეგმის (MAP) მიღება ან იმის გაცხადება სურს, რომ MAP–ი აღარ წარმოადგენს საბოლოო წევრობის წინაპირობას.
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით დონდუამ ოქტომბრის დასაწყისში განაცხადა, რომ საქართველო, სავარაუდოდ, ვერ მიიღებს MAP-ს ალიანსის მომავალი წლის სამიტზე.
დონდუა, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან დავით ბაქრაძესთან ერთად, 24 ნოემბერს ბრიუსელს სტუმრობდა, სადაც ნატო-საქართველო კომისიის სხდომა გაიმართა.
ნატომ შეხვედრის შემდეგ გავრცელებულ პრეს-რელიზში განაცხადა: „მოკავშირეები მიესალმნენ საქართველოს მტკიცე დემოკრატიულ რეფორმებს და კანონის უზენაესობის კუთხით მიღწეულ პროგრესს და საქართველოს ამ გზის გაგრძელებისკენ მოუწოდეს. მათ ასევე განიხილეს ნატოს-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელება, რომელსაც 2014 წლის უელსის სამიტზე ჩაეყარა საფუძველი თავდაცვის შესაძლებლობების გაუმჯობესების და ნატოში წევრობის გზაზე საქართველოს მხარდასაჭერად. მოკავშირეებმა განაცხადეს, რომ ისინი მოუთმენლად ელიან ამ პაკეტის სრულად განხორციელებას და საქართველოსთან თანამშრომლობის გაღრმავებას“.