ღარიბაშვილი: ნატოში მისწრაფებასთან დაკავშირებით ‘არ არის საჭირო ზედმეტი აჟიოტაჟის შექმნა’
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ დადგება დრო, როცა საქართველო მზად იქნება გახდეს ნატოს წევრი, მანამდე კი ამ საკითხზე „ზედმეტი აჟიოტაჟის და ცრუ მოლოდინების“ შექმნა საჭირო არ არის.
მან ეს კომენტარი პარიზში ქართველ ჟურნალისტებთან 1-2 დეკემბრის ნატოს საგარეო საქმეთა მინისტერიალთან დაკავშირებით მას შემდეგ გააკეთა, რაც 30 ნოემბერს პატივი მიაგო საფრანგეთის დედაქალაქში ტერაქტების შედეგად დაღუპულთა ხსოვნას.
„დადგება დრო, როცა ჩვენი სახელმწიფო იქნება მზად იმისთვის, რომ გახდეს ნატოს წევრი. ეს შეიძლება იყოს ხვალ, შეიძლება ზეგ, შეიძლება მაზეგ – ამის განსჯა დღეს არის საკმაოდ რთული, ვითვალისწინებთ რა იმ რეალობას, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, რომელიც პარიზს გაერო-ს კლიმატის ცვლილებების ჩარჩო კონვენციის მხარეთა კონფერენციაში მონაწილეობისთვის ეწვია.
მომავალი წლის ნატოს ვარშავის სამიტზე, თბილისს ალიანსისგან წევრობის სამოქმედო გეგმის (MAP) მიღება ან იმის გაცხადება სურს, რომ MAP–ი აღარ წარმოადგენს საბოლოო წევრობის წინაპირობას.
„ჩვენ ველოდებით ვარშავის სამიტს 2016 წელს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა, „მანამდე ჩვენ არ გვსურს რაიმე განსაკუთრებული მოლოდინის შექმნა – ეს თვითონ ნატოს გენერალური მდივნის რეკომენდაციაც არის და ზოგადად, ჩვენი პარტნიორი ქვეყნების რეკომენდაცია არის, რომ ჩვენ წინასწარ მოსახლეობა არ შევიყვანოთ შეცდომაში ან ერთმანეთს არ შევუქმნათ რაღაც მოლოდინები და შემდეგ არ გავუმტყუნოთ ეს მოლოდინები და იმედები“.
„აქ საჭიროა, რომ მშვიდად მივყვეთ ჩვენ მოვლენებს, პროცესებს. რაც ჩვენი მხრიდან არის გასაკეთებელი ჩვენ ზედმიწევნით კარგად ვაკეთებთ, არავითარი ჩამორჩენა არ გვაქვს“, – განუცხადა მან ჟურნალისტებს და დასძინა, რომ საქართველო 2014 წლის უელსის სამიტზე ნატოსგან მიღებული არსებითი პაკეტის განხორციელების დროში გაწერილ გეგმას მიყვება.
„ეფექტურად მიმდინარეობს ამ ღონისძიებების შესრულება“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა, „დანარჩენი, რა თქმა უნდა, არის დამოკიდებული მსოფლიოს გლობალურ სიტუაციებზე, რომელიც მიმდინარეობს არა მხოლოდ ჩვენს რეგიონში, არამედ ფართო რეგიონში“.
„ის, რაც ჩვენ შესაძლებლობებს აღემატება, რა თქმა უნდა, ჩვენ ამას ვერ გავაკეთებთ. ის, რაც არის გასაკეთებელი ჩვენი პარტნიორი სახელმწიფოების, თავად ნატოს მიერ გადასაწყვეტი, რა თქმა უნდა, ჩვენ ამას ვერ გავაკეთებთ“, – განაცხადა მან, „ასე რომ, მე მოგიწოდებდით და მოვუწოდებ ყველას, რომ ამ საკითხზე არ არის საჭირო ზედმეტი აჟიოტაჟის და ცრუ მოლოდინების შექმნა. ჩვენ მშვიდად უნდა მივყვეთ და ყველამ თავის საქმე უნდა აკეთოს“.
27 ნოემბერს „როიტერი“ იტყობინებოდა, რომ ნატოს წევრებში გაყოფილია აზრი იმის შესახებ, თუ რა გზავნილი გაკეთდეს საქართველოსთვის 1-2 დეკემბრის ნატოს საგარეო საქმეთა მინისტერიალზე, სადაც განიხილება ავღანეთში მიმდინარე ოპერაციის, სამხრეთიდან მომდინარე საფრთხეების, უკრაინის მხარდაჭერისა და ალიანსში მონტენეგროს მიწვევის საკითხები.
მინისტერიალზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ვიცე-პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი წარმოადგენს, სადაც ის მონაწილეობას მიიღებს ავღანეთის მტკიცე მხარდაჭერის მისიაში მონაწილე ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში. ნატოს ეგიდით მიმდინარე ამ მისიაში საქართველო 856 სამხედრო მოსამსახურით მეორე უმსხვილესი კონტრიბუტორია. საგარეო უწყების ცნობით, მინისტერიალის ფარგლებში ასევე დაგეგმილია კვირიკაშვილის ორმხრივი შეხვედრები კოლეგებთან.
იმავდროულად, ბრიუსელში შეხვედრებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელიც მართავს. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ის თავის ბელგიელ კოლეგას სტივენ ვანდეფუტს და ასევე ევროკავშირის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს, გენერალ მიხაილ კოსტარაკოსს შეხვდა.