ლინკევიჩიუსი: „ნუ დაკარგავთ დროს შიდა დაპირისპირებაზე“

ინტერვიუ ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრთან ლინას ლინკევიჩიუსთან; ინტერვიუ თავდაპირველად გამოქვეყნდა Clarion-ზე, რომელიც წარმოადგენს Civil.ge-სა და Delfi-ის ერთობლივ პროექტს.
 
საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებაში ბევრი წუხს, რომ ბოლოდროინდელი დაპირისპირება მთავრობას და ოპოზიციას შორის, ასევე სადავო სასამართლო გადაწყვეტილებები „რუსთავი 2“–თან დაკავშირებით, შესაძლოა მიანიშნებდეს, რომ საქართველოს ხელისუფლება როგორც პოლიტიკური, ისე სამართლებრივი თვალსაზრისით გარკვეულწილად სახიფათო გზას დაადგა. იზიარებთ თუ არა ამგვარ მოსაზრებას და რას ურჩევდით რომ ეს ასე არ მოხდეს?
 
მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ გამონახოს პოლიტიკური ნება, რათა გააერთიანოს ევრო–ატლანტიკური [კურსის მხარდამჭერი] ძალების რესურსები და სწრაფად მიიღოს შედეგები. არ უნდა ხარჯავდეთ ძალიან ბევრ დროს, რესურსსა და ძალას შიდა დაპირისპირებაზე.
 
საქართველოდან სიგნალი თუ პოზიტიური არ იქნება, ამან შესაძლოა მცდარი შთაბეჭდილება შექმნას ევროპაში. უვიზო რეჟიმთან დაკავშირებით ძალიან კარგ პროგრესს ვხედავთ და ეს არ უნდა გაფუჭდეს რაღაც შიდა პოლიტიკური ბრძოლებით. ან თუნდაც ავიღოთ მედიის თავისუფლება. დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელია, რომ მთავრობისგან განსხვავებული შეხედულებების გამოთქმის შესაძლებლობა არსებობდეს. ამ საკითხებზე ჩვენს ქართველ კოლეგებთანაც ვსაუბრობთ. მოვუწოდებთ მათ და ვიმედოვნებთ, რომ საქართველო აღებულ კურსს შეინარჩუნებს და მიაღწევს იმას, რაც საჭიროა მის ევროპულ გზაზე.
 
ასევე ვცდილობთ დახმარებას ძალიან პრაქტიკული საშუალებებით. შეგვიძლია ჩვენი ცოდნის გაზიარება, რადგანაც ჩვენ [ლიტვას] ძალიან წარმატებული ევროპული ინტეგრაციის გამოცდილება გვაქვს.
 
ამას წინათ თქვენ აღნიშნეთ, რომ  ევროპა არ არის დაცული რუსეთის საინფორმაციო ომის პირისპირ. ევროპული მედიის პესიმიზმი ევროკავშირის მიმართ კიდევ უფრო აძლიერებს იმ დაბნეულობას და შიშს, რომელსაც რუსეთის სახელმწიფო მედია პედალირებს. რა გაძლევთ ევროპის და ევროკავშირის მომავლისადმი იმედის საფუძველს? როგორი უნდა იყოს ევროპის ოპტიმისტური ნარატივი?
 
ევროპის მიდგომა უნდა იყოს პროაქტიული და არა თავდაცვითი. ჩვენ პროაქტიულები უნდა ვიყოთ და პოზიტიური ნარატივი უნდა შევქმნათ. არ უნდა ველოდოთ, როდის გავრცელდება დეზინფორმაცია და მერე მხოლოდ ტყუილების უარყოფით დავიცვათ თავი.  
 
ჩვენ ვიწყებთ რუსეთის საინფორმაციო ომის გავლენის გაცნობიერებას. ის ცდილობს ზემოქმედება მოახდინოს საზოგადოებებზე არა მხოლოდ საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში, არამედ თავად რუსეთშიც. მეორე მხრივ, ასევე გასათვალისწინებელია რუსული პროპაგანდის გავლენა დასავლეთ ევროპის სახელმწიფოებზეც.
 
ვიცით, რომ რუსული პროპაგანდისტული მანქანა ძალიან კარგად ფინანსდება. ის თავდასხმით ტაქტიკას იყენებს. ზოგჯერ, მას არაფერი აქვს საერთო ინფორმაციის გავრცელებასთან, არამედ ხდება სიცრუის გავრცელება, ტყუილები კი ვერ ჩაითვლება ალტერნატიულ შეხედულებად.
 
თუმცა, ცენზურის წახალისება ან [მაუწყებლობის] გარკვეული შეზღუდვები არ არის ის გზა, რომლითაც დემოკრატიულმა საზოგადოებებმა უნდა უპასუხონ ამგვარ გამოწვევებს.  ჩვენ ვსაუბრობთ იმის საჭიროებაზე, რომ ევროკავშირმა და მთელმა საერთაშორისო თანამეგობრობამ ყურადღება გაამახვილონ იმაზე, რომ ინფორმაციის მეტი ალტერნატიული წყარო ჰქონდეთ, განსაკუთრებით რუსულენოვანი მოსახლეობისთვის. ასევე ვსაუბრობთ იმაზე, რომ საჭიროა სიცრუის პროპაგანდასთან დაპირისპირება და მათი უარყოფა.
 
თუმცა, წარმატების რაიმე ერთი რეცეპტი არ არსებობს. მაგალითად, საქართველოში და ესტონეთში ერთნაირი მიდგომები ვერ იქნება. მთავარია ინფორმაციის ხარისხი, ინფორმაციაზე დროული წვდომა. ამ კუთხით, მე მივესალმები რადიო „თავისუფლების“ ინიციატივას, რომელმაც ნახევარსაათიანი ყოველდღიური პროგრამა „ნამდვილი დრო“ დაიწყო, რომელიც რუსულენოვან აუდიტორიას ალტერნატიულ შეხედულებებს სთავაზობს.
 
სააგენტო Delfi–სთან თქვენს ბოლო ინტერვიუში ბელარუსზე და ევროკავშირთან მისი პოლიტიკის ნორმალიზების შანსებზე ისაუბრეთ. სომხეთი და ბელარუსი აშკარად ეძებენ დაბალანსების შესაძლებლობას რუსეთის და ევროკავშირის ინტერესებს შორის. საქართველო, მოლდოვა და უკრაინა შეზღუდულები არიან შიდა კონფლიქტებით. ფიქრობთ თუ არა, რომ „ბუფერული სახელმწიფოების“ ხელახალი დაბადების მოწმენი გავხდებით, რომლებიც შესაძლოა თანაბრად დაშორებული იყვნენ რუსეთისგან და ევროკავშირისგან?

„ბუფერს“ ჩემთვის ძალიან უარყოფითი მნიშვნელობა აქვს, რადგანაც ის რაღაც არანორმალურ სიტუაციას გამოხატავს; ისევე როგორც „ხიდი“ – არავინ ცხოვრობს ხიდზე; თუმცა ხიდის ქვეშ კიდევ უფრო სახიფათოა.
 
სომხეთს და ბელარუსს განსხვავებული ორიენტაცია აქვთ, ვიდრე ევროკავშირის სხვა აღმოსავლელ პარტნიორებს. ბელარუსს თავიდანვე უნდოდა რუსეთთან უკეთესი ურთიერთობების დამყარება და საბაჟო კავშირში გაწევრიანება. თუმცა, სომხეთმა 2013 წლის ბოლოს, ვილნიუსის სამიტის წინ 180 გრადუსით შეცვალა გეზი.
 
მაგრამ როდესაც სომხეთმა თავისი ვექტორი შეცვალა, ევროპამ ამის დრამატიზება არ მოახდინა; ჩვენ ეს გადაწყვეტილება რეალობად ვაღიარეთ. ევროპა შეეცადა, რომ ამ  ახალი რეალობის საფუძველზე სომხეთისთვის თანამშრომლობის სხვა ფორმები შეეთავაზებინა. ჩვენ სომხეთში „მწვანე კაცუნები“ არ გაგვიგზავნია, რათა მისთვის გადაწყვეტილების შეცვლა გვეიძულებინა.
 
ვილნიუსის და რიგის სამიტების შემდეგ ევროკავშირმა ჩვენი პარტნიორების მიმართ ინდივიდუალური მიდგომის სტრატეგია განავითარა. მინდა ხაზი გავუსვა, რომ ჩვენ აქცენტს ვაკეთებთ არა გამყოფ ხაზებზე, არამედ ღიაობის და თანამშრომლობის ატმოსფეროზე, არჩევანის თავისუფლების უფლებაზე. ამ ქვეყნების ხალხები თავად წყვეტენ, თუ რა მასშტაბით და რამდენად შორს უნდათ წავიდნენ ევროკავშირთან ურთიერთობებში.
 
ლიტვის პოზიცია ასეთია, რომ თუ ქვეყანას მეტი ინტეგრაცია სურს, ევროკავშირმა ამაზე რეაგირება უნდა მოახდინოს და საპასუხო ქმედებები განახორციელოს.
 
არის თუ არა ევროკავშირსა და რუსეთს შორის პარტნიორობა რეალური არსებულ ვითარებაში? 
 
სამწუხაროდ, ამჟამად ჩვენ ვერ ვხედავთ რეალურ პარტნიორობას ევროკავშირსა და რუსეთს შორის. ეს ფაქტი უნდა ვაღიაროთ. არსებული პრიორიტეტების და [რუსეთის] ამჟამინდელი ნაბიჯების გათვალისწინებით, ევროკავშირი–რუსეთის პარტნიორობა შესაძლებლად არ მიმაჩნია.
 
ჩვენმა კოლეგებმა რუსეთში, პირველ რიგში, თავი უნდა დააღწიონ ნულოვანი შედეგის მქონე თამაშის ფილოსოფიას, როდესაც ვიღაცის მოგება მარცხია შენი პარტნიორისთვის და პირიქით. თუ უნდობლობა იზეიმებს, თუ იქნება ნდობის ნაკლებობა, მაშინ სასურველ შედეგებს ვერ მივიღებთ. 
 
პირველ რიგში, საჭიროა, რომ შეიცვალოს დამოკიდებულებები. თუ გავიხსენებთ ამერიკის შეერთებული შტატების მიერ კომპიუტერული ტერმინის „გადატვირთვის“ გამოყენებას, დღეს ეს გადატვირთვა საკმარისი აღარაა. ზოგჯერ, თავად პროგრამა უნდა გამოიცვალოს. 
 
ვხედავთ, რომ ლიტვა დგამს ნაბიჯებს, რათა კიდევ უფრო დაუკავშირდეს მეზობლებს – რკინიგზის საშუალებით, გაზსადენებით და ა.შ.  რა მიზანს ემსახურება თქვენი ამგვარი ქმედება და რას ურჩევდით საქართველოს, სადაც ბოლო დროს ენერგოუსაფრთხოებაზე ბევრს მსჯელობენ „გაზპრომთან“ ხელისუფლების კონსულტაციებთან დაკავშირებით?
 
ვურჩევთ საქართველოს, რომ უფრო ამბიციური იყოს, გააცნობიეროს, რომ ევრო–ატლანტიკურ ინსტიტუტებში ინტეგრაცია მნიშვნელოვანია. ქართველებმა უკვე მიიღეს გადაწყვეტილება,  ახლა ქმედებების და შედეგების დროა.
 
ზოგჯერ, შედეგების მიღწევას დიდი გზის გავლა სჭირდება. 10 წელზე მეტია რაც ლიტვა ევროკავშირისა და ნატოს წევრია, მაგრამ მან სულ ახლახანს დაიწყო ენერგოდამოუკიდებლობასთან დაკავშირებული ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგიული პროექტების განხორციელება.
 
ლიტვა დიდი ხნის მანძილზე ენერგიის მხოლოდ ერთ წყაროზე იყო დამოკიდებული; ასეთ ვითარებაში, ნამდვილად ვერ იქნები 100%–ით თავისუფალი, რადგანაც შესაძლოა დაგაშანტაჟონ. ასე რომ, როდესაც კლაიპედას პორტში გათხევადებული ბუნებრივი აირის ტერმინალი ავაშენეთ, ეს გარღვევად, რევოლუციად იქნა მიჩნეული არა მხოლოდ ლიტვისთვის, არამედ მთელი რეგიონისთვის, სადაც კონკურენტუნარიანი ენერგო ბაზარი გაჩნდა.
 
გათხევადებული ბუნებრივი აირის ტერმინალმა მყისიერად იმოქმედა ფასებზე. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი ის არის, რომ წლის ბოლოს ჩვენ ელექტროგადამცემი ხაზი გვექნება შვედეთთან და პოლონეთთან. შვედეთთან  ელექტროგადამცემი ხაზი – NordBalt-ი [რომელიც ბალტიის ზღვაში გადის] – ლიტვის გავლით შვედეთს ბალტიისპირეთის სხვა ქვეყნებსაც დაუკავშირებს. ლიტვა ასევე აპირებს გაზსადენის აშენებას პოლონეთთან.
 
ამრიგად, ჩვენ მნიშვნელოვნად ვაუმჯობესებთ ენერგოუსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებას ჩვენ რეგიონში. ამ თვალსაზრისით, ასევე შეგვიძლია საქართველოსთვის გამოცდილების გაზიარება.