უსუფაშვილი ინდონეზიას სტუმრობს

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის ხელმძღვანელობით 1- 2 დეკემბერს ოფიციალური ვიზიტით ინდონეზიას სტუმრობს.

ვიზიტის პირველ დღეს უსუფაშვილმა სახალხო სათათბირო ასამბლეის თავმჯდომარესთან, ზულკიფლი ჰასანთან და წარმომადგენლობითი პალატის სპიკერთან სეტია ნოვანტოსთან გამართა შეხვედრები და ასევე შეხვდა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის სახელმწიფოების ასოციაციის (ASEAN) გენერალურ მდივანს ლე ლიოუნგ მინს. 

„[ინდონეზიასთან] ურთიერთობა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, როგორც ორმხრივი თვალსაზრისით, ასევე, მრავალმხრივ ურთიერთობებში, ვინაიდან ინდონეზიას აქვს სერიოზული გავლენები ამ რეგიონში, მათ შორის იმ ქვეყნებზეც, რომლებსაც დროდადრო ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი ურჩევს ხოლმე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ეჭვქვეშ დაყენებას. ასე რომ, ჩვენი ეს ვიზიტი,მე  მგონი, იქნება ნაყოფიერი პოლიტიკური თვალსაზრისითაც და გზას გაუხსნის თანამშრომლობის ახალ ეტაპს, როგორც ბიზნესის თვალსაზრისით, ისე ყველა სხვა მიმართულებით“, – განაცხადა უსუფაშვილმა.

საპარლამენტო დელეგაცია, რომელშიც ასევე შედიან ქართული ოცნების დეპუტატი გია ვოლსკი, ნაციონალური მოძრაობის საპარლამენტი უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე და დავით ონოფრიშვილი თავისუფალი დემოკრატებიდან, 2 დეკემბერს შეხვედრებს გეგმავს ინდონეზიის ვიცე-პრეზიდენტთან და ვიცე-პრემიერთან.