საგარეო საქმეთა მინისტრი ნატოში ინტეგრაციაზე
საქართველოს „რაც საჭიროა ყველაფერი აქვს“ იმისათვის, რომ ქვეყანა ნატოში გაწევრიანდეს, თუმცა თავად ალიანსშიც უნდა იყოს მზადყოფნა, რომ საქართველოს გაწევრიანების სასარგებლოდ მიიღოს გადაწყვეტილება, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სამშაბათს.
კვირიკაშვილი ბრიუსელში იმყოფება, სადაც მან მონაწილეობა მიიღო ავღანეთის მტკიცე მხარდაჭერის მისიაში მონაწილე ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში. ნატოს ეგიდით მიმდინარე ამ მისიაში საქართველო 856 სამხედრო მოსამსახურით მეორე უმსხვილესი კონტრიბუტორია. შეხვედრა 1–2 დეკემბერს გამართული ნატოს საგარეო საქმეთა მინისტერიალის ფარგლებში გაიმართა.
მომავალი წლის ნატოს ვარშავის სამიტზე, თბილისს ალიანსისგან წევრობის სამოქმედო გეგმის (MAP) მიღება ან იმის გაცხადება სურს, რომ MAP–ი აღარ წარმოადგენს საბოლოო წევრობის წინაპირობას.
„ჩვენი მიზანია ნატოს წევრობა, ალიანსის გადასაწყვეტია, რა ინსტრუმენტებით უზრუნველყოფს საქართველოს გაწევრიანებას. ჩვენ დღეს გაგვაჩნია ყველა საჭირო ინსტრუმენტი ამისთვის, მათ შორის ნატოს სამხედრო ძალებთან თავსებადობის კუთხით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“, – განუცხადა კვირიკაშვილმა ქართველ ჟურნალისტებს ნატოს შტაბბინაში ბრიუსელში.
„ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ნატოს წევრობა არის საქართველოს საბოლოო მიზანი და ამ მიმართულებით უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რათა დაველოდოთ იმ დროს როცა ეს შესაძლებელი გახდება. ნატო უნდა იყოს მზად იმისთვის, რომ საქართველოს გაწევრიანებაზე მიიღოს დადებითი გადაწყვეტილება”, – განაცხადა მან.
„ვფიქრობთ, რომ ჩვენ გვაქვს ყველაფერი, რაც საჭიროა ნატო-ს წევრობისთვის, თუმცა უნდა იყოს მზაობა თავად ნატო-ს ყველა წევრის მხრიდან, რათა მიღებული იქნას ეს გადაწყვეტილება“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.
„დღეს ჩვენ არ ვიცით, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ ვარშავის სამიტზე, მაგრამ როგორიც არ უნდა იყოს ეს გადაწყვეტილება, საქართველო თანმიმდევრულად, მტკიცედ გააგრძელებს ამ ვექტორს – ნატოს წევრობისკენ სვლას“, – დასძინა მან.
ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა სამშაბათს, რომ საბოლოო განცხადება, რომელსაც ალიანსის საგარეო საქმეთა მინისტრები მიიღებენ ორდღიანი შეხვედრის დასრულების შემდეგ, ასევე შეეხება ნატოს ღია კარის პოლიტიკას, ასევე საქართველოს და სხვა იმ ქვეყნებს, რომელთაც ალიანსში გაწევრიანება სურთ.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ბრიუსელში მას შემდეგ ჩავიდა, რაც 30 ნოემბერს ლონდონში თავის ბრიტანელ კოლეგას ფილიპ ჰამონდს შეხვდა. ლონდონში კვირიკაშვილი ასევე შეხვდა სახელმწიფო მინისტრს ევროპის საკითხებში, დევიდ ლიდინგტონს და სახელმწიფო მინისტრს ვაჭრობისა და ინვესტიციების საკითხებში, ფრენსის მოდს.
ბრიუსელში კვირიკაშვილმა 1 დეკემბერს ორმხრივი შეხვედრები გამართა თავის კოლეგებთან თურქეთიდან, უნგრეთიდან, რუმინეთიდან, სლოვაკეთიდან, ისლანდიიდან, ლუქსემბურგიდან და იტალიიდან.
30 ნოემბერს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე განაცხადა, რომ დადგება დრო, როცა საქართველო მზად იქნება გახდეს ნატოს წევრი, მანამდე კი ამ საკითხზე „ზედმეტი აჟიოტაჟის და ცრუ მოლოდინების“ შექმნა საჭირო არ არის.
საქართველოს ნატოში მისწრაფებებზე დასმულ კითხვაზე აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ელიზაბეტ ტრუდომ განაცხადა 30 ნოემბერს, რომ საქართველო „ნატოს მნიშვნელოვანი პარტნიორი“ და ნატოს ავღანეთის მისიაში „ღირებული კონტრიბუტორია“.
„აშშ ნატოს ღია კარის პოლიტიკის ერთგული რჩება. ჩვენ კვლავაც ვუჭერთ მხარს საქართველოს მისწრაფებებს ევრო–ატლანტიკურ სტრუქტურებში, მათ შორის ნატოში ინტეგრაციის მიზნით. და მთავარი ისაა, რომ გვჯერა, რომ საქართველოს ურთიერთობა ალიანსთან შეიცავს ყველა პრაქტიკულ ინსტრუმენტს, რომელიც მას საბოლოო წევრობისთვის მოამზადებს“, – განაცხადა მან.