საქართველოს თავდაცვის მინისტრი ბაქოში აზერბაიჯანის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს და თავის კოლეგას ზაკირ ჰასანოვს ბაქოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში 2 დეკემბერს შეხვდა.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ალიევთან შეხვედრაზე საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა "რეგიონის სტრატეგიული ენერგოსატრანსპორტო ინფრასტრუქტურის დაცვის" საკითხი იყო.

საქართველოს გავლით აზერბაიჯანიდან თურქეთში ბაქო-ჯეიჰანის ნავთობსადენი და ასევე, ბაქო-ერზერუმის გაზსადენი გადის; ამას გარდა, საქართველოსა და აზერბაიჯანს ბაქო-სუფსას ნავთობსადენიც აკავშირებთ. 

„ვისაუბრეთ სტრატეგიულ თანამშრომლობაზე, მათ შორის მაგალითად  ვისაუბრეთ ნავთობსადენების უსაფრთხოების თემაზე, უფრო მეტად რა ზომები შეიძლება იყო დღევანდელი გამოწვევების პირობებში განხორციელებული ნავთობსადენების დაცვისთვის. ვისაუბრეთ ენერგეტიკულ პროექტებზე, რომელშიც საქართველო და აზერბაიჯანი ერთობლივად მონაწილეობენ და რომელიც, ასევე, კიდევ ერთხელ ხაზგასმით უნდა ვთქვათ, ჩვენს რეგიონში მიმდინარე არასასიამოვნო მოვლენების გათვალისწინებით უფრო მაღალი რისკის ობიექტებად შეიძლება იქცნენ ხვალ და ამიტომ,  შესაბამისად, პარტნიორ ქვეყნებს უფრო მეტი მცდელობის და ღონისძიების განხორციელება გვჭირდება იმისათვის, რომ ეს რისკები საფრთხეებში არ გადაიზარდოს“, – განაცხადა თინა ხიდაშელმა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ.

მისი თქმით, განხილული იქნა ასევე ურთიერთობების „ტრადიციულ თემები“, რომლებიც "გვაახლოებს ორ სახელმწიფოს, რომელიც აჩენს უზარმაზარ შესაძლებლობებს და პოტენციალს იმისათვის, რომ ჩვენი მოსახლეობისთვის უფრო ეფექტური, შედეგიანი და თვალხილული იყოს ამ თანამშრომლობის შედეგები“.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თინა ხიდაშელმა თავის აზერბაიჯანელ კოლეგასთან შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხები და ურთიერთობის გაღრმავების გეგმები განიხილა, მათ შორის განსაკუთრებული ყურადღება სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობის საკითხს დაეთმო.

„საქართველომ და აზერბაიჯანმა მაქსიმალურად კოორდინირებულ რეჟიმში უნდა ვიმოქმედოთ, როდესაც საქმე ეხება ჩვენს კონტრიბუციას, იქნება ეს სამშვიდობო მისიებში, თუ მტკიცე მხარდაჭერის ოპერაცია ავღანეთში. გაცილებით უფრო ეფექტური, შედეგიანი, რეგიონისთვის მეტი უსაფრთხოების მომტანი იქნება, თუკი ჩვენ მოვახერხებთ და ერთობლივად, ერთიანი ხმით, ერთიანი პოზიციებით წარვდგებით საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე. ეს წაადგება საქართველოსაც, აზერბაიჯანსაც და მთლიანად რეგიონს. რაც უფრო მეტად იქნება საქართველო და აზერბაიჯანი სამშვიდობო ოპერაციებში საერთაშორისო დონეზე, მით უფრო მაღალია გარანტიები იმისა, რომ ჩვენი რეგიონი დაცული იქნება და უფრო მაღალია გარანტია იმისი, რომ რეგიონში ალბათობა რაიმე გართულებების – კონფლიქტის, ომის საფრთხის სულ უფრო და უფრო მცირდება ამ ფონზე“,- განაცხადა ხიდაშელმა.

ის ბაქოში გამგზავრებამდე ბრიუსელს სტუმრობდა, სადაც სხვა შეხვედრებთან ერთად, ასევე გამართა მოლაპარაკებები თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან მევლუთ ჩავუშოღლუსთან.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ორ კვირაში სტამბოლში საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის სამმხრივი ფორმატის სამიტი გაიმართება თავდაცვის მინისტრების მონაწილეობით.

„სამი ქვეყანა თანამშრომლობის კონკრეტულ დეტალებზე, სწორედ, ამ სამიტზე ჩამოყალიბდება“, – აცხადებს სამინისტრო.