საქსტატი: წლიურმა ინფლაციამ ნოემბერში 6.3% შეადგინა

წლიური ინფლაციის მაჩვენებელი ნოემბერში 6.3%–მდე გაიზარდა ოქტომბერში არსებული 5.8%–დან, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია 2011 წლის აგვისტოს შემდეგ.

„საქსტატის“ მიერ 3 დეკემბერს გავრცელებული მონაცემების თანახმად, წლიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ზრდამ ალკოჰოლურ სასმელებზე და სიგარეტზე (13.4%);  ავეჯის, საოჯახო ნივთების და მორთულობის ჯგუფზე (12.9%); ჯანდაცვაზე (11.5%).

ნოემბერში ფასები საკვებსა და უალკოჰოლო სასმელებზე 5.2%–ით გაიზარდა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.

გაზრდილმა ელექტროენერგიის ტარიფმა წლიური ინფლაცია საცხოვრებელი სახლის, წყლის, ელექტროენერგიის, აირის და სათბობის ჯგუფზე 9.2%–მდე გაზარდა.

ფასები ტრანსპორტის ჯგუფზე 1.6%–ით შემცირდა ნოემბერში.

2015 წლის ნოემბერში წინა თვესთან შედარებით საქართველოში ინფლაციის დონემ 0.3% შეადგინა.