სააკაშვილს საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდა
პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა 4 დეკემბერს ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომლის თანახმადაც მის წინამორბედს, ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, რომელიც ამჟამად ოდესის გუბერნატორია, საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ სააკაშვილს, ისევე როგორც საქართველოს სხვა მოქალაქეებს, საქართველოს მოქალაქეობა 4 დეკემბრის ბრძანებულებით იმ მიზეზით შეუწყდათ, რომ მათ სხვა ქვეყნის მოქალაქეობა მიიღეს.
საქართველოს კანონმდებლობით, საქართველოს მოქალაქე კარგავს საქართველოს მოქალაქეობას სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემდეგ.
სააკაშვილმა უკრაინის მოქალაქეობა მაისის ბოლოს მიიღო, როდესაც უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ის ოდესის გუბერნატორად დანიშნა.
საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ განაცხადა ოქტომბრის ბოლოს, რომ მან ყოფილი პრეზიდენტისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის საქმის წარმოება დაიწყო მას შემდეგ, რაც უკრაინიდან მიიღო ოფიციალური დადასტურება იმის შესახებ, რომ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა.
იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა 3 დეკემბერს, რომ როგორც ამას სტანდარტული პროცედურა ითვალისწინებს, სამინისტრომ აცნობა წერილობითი ფორმით სააკაშვილს 3 ნოემბერს საქართველოს მოქალაქეობის შესაძლო დაკარგვის თაობაზე, თუმცა, მან არ უპასუხა.
წულუკიანმა განაცხადა, რომ ერთთვიანი პერიოდის გასვლის შემდეგ, იუსტიციის სამინისტრომ 3 დეკემბერს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს დასკვნა გაუგზავნა, რომელშიც სააკაშვილისთვის მოქალაქეობის შეწყვეტის რეკომენდაცია გასცა.
მიხეილ სააკაშვილი საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტასთან ერთად ოპოზიციური ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარედ რჩება. პარტიების შესახებ საქართველოს კანონის მიხედვით, პარტიის საქმიანობაში მონაწილეობის უფლება მხოლოდ საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქეს აქვს.