ილია მეორე: პატრიარქს უნდა ჰქონდეს პატიმრების შეწყალების უფლება

საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქმა ილია მეორემ განაცხადა 5 დეკემბერს, რომ პატრიარქს უნდა ჰქონდეს პატიმრების შეწყალების უფლება და იმედი გამოთქვა, რომ ხელისუფლება ამ საკითხს განიხილავს.

საქართველოს პატრიარქმა, რომელიც პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად პატიმარი ქალების მონაწილეობით გამართულ სპექტაკლს დაესწრო, განაცხადა: „ჩვენ გვქონდა საუბარი ბატონ პრემიერ–მინისტრთან. პატრიარქს უნდა ჰქონდეს უფლება, რომ შეიწყალოს პატიმარი ადამიანები და ალბათ, ხელისუფლება დააყენებს ამ საკითხს“.

საქართველოს კონსტიტუციით, მხოლოდ პრეზიდენტს აქვს შეწყალების უფლება და ამ უფლების პატრიარქისთვის მინიჭებას საკონსტიტუციო ცვლილება დასჭირდება, რისთვისაც 150–წევრიან პარლამენტში სულ ცოტა 113 დეპუტატის მხარდაჭერა იქნება საჭირო.

პრემიერ–მინისტრმა ამ საკითხზე კომენტარი არ გააკეთა, თუმცა სასჯელაღსრულების მინისტრმა კახა კახიშვილმა, რომელიც ასევე დაესწრო ღონისძიებას, განაცხადა: „მეც მიმაჩნია, რომ პატრიარქს უნდა ჰქონდეს ნამდვილად ეს უფლება, ერის წინამძღვარია, მასზე ბრძენი ადამიანი არ ვიცი ვინ არის. ამიტომაც, მე ვფიქრობ, რომ ნამდვილად უნდა ჰქონდეს მას შეწყალების უფლება. მანდ კონსტიტუციური ცვლილებებია საჭირო“.

ქართული ოცნების დეპუტატმა, ეკა ბესელიამ, რომელიც პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარეა, განაცხადა: „საქართველოს პატრიარქსაც უნდა ჰქონდეს ეს განსაკუთრებული უფლება, როგორც ადამიანს, რომელსაც აქვს ყველაზე მაღალი ნდობა საზოგადოების. თუ ეს პოლიტიკური თანხმობა იქნება, მე დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრი ადამიანი გამოჩნდება მხარდამჭერი, რომ ეს შესაძლებლობა და უფლება საქართველოს პატრიარქს საკანონმდებლო დონეზე მიენიჭოს“.