პარლამენტის თავმჯდომარემ შეწყალების უფლებაზე პატრიარქის თხოვნის შესახებ კომენტარი გააკეთა
პატიმართა შეწყალების უფლება მხოლოდ სახელმწიფოს მეთაურის პრეროგატივაა და ის სხვანაირად ვერ დარეგულირდება, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა კვირას პატიმართა შეწყალების უფლებაზე საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის ილია მეორეს თხოვნასთან დაკავშრებით.
„მცირედი გაუგებრობაა ჩემი აზრით იმიტომ, რომ ერთია ცოდვის მიტევება, შენდობა, რომელიც, გასაგებია, თუ ვისი ექსკლუზიური უფლებაა. მეორეა, სასჯელისგან გათავისუფლება და ამ თვალსაზრისით – შეწყალება. არ მახსენდება, შემთხვევა, როცა სახელმწიფოს მეთაურის გარდა, ვინმეს ჰქონდეს ეს ძალიან მძიმე ტვირთი. შეწყალება ეს სასიამოვნო უფლება არ არის. შესაძლოა, აქ უფრო ჩართულობაზე იყოს საუბარი და არა რაიმე უფლების ვინმესთვის გადაცემაზე ან გაყოფაზე“, – განუცხადა უსუფაშვილმა ჟურნალისტებს.
„მე უბრალოდ არ მახსენდება ასეთი კონსტიტუციური მოდელი“, – განაცხადა უსუფაშვილმა და დასძინა, რომ რაც მეტი ხალხი ჩაერთვება და მეტი ხალხი მისცემს რეკომენდაციებს პრეზიდენტს შეწყალების თაობაზე, უკეთესია.
პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მოუწოდა პრეზიდენტს და პარლამენტს პატიმართა შეწყალების უფლების თაობაზე საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის ილია მეორეს თხოვნაზე მსჯელობა დაიწყონ. მან აღნიშნა წერილობით განცხადებაში 5 დეკემბერს, რომ „მსჯავრდებულთა შეწყალების პროცესში პატრიარქის ჩართულობის გაზრდას პოზიტიური როლის შესრულება შეუძლია“.
როდესაც უსუფაშვილს პრეზიდენტის და პარლამენტის მიმართ პრემიერ–მინისტრის მოწოდებაზე ჰკითხეს, მან უპასუხა: „თუ ვინმემ რამე მოგვიწოდა, ალბათ, პირველ რიგში, აზრებს მოგვაწვდის, რაზეა საუბარი, რომ მერე ვიმსჯელოთ“.
ქართული ოცნების დეპუტატი რესპუბლიკური პარტიიდან დავით ბერძენიშვილი უფრო პირდაპირი იყო და განაცხადა, რომ პრემიერ–მინისტრს არ უნდა ეთხოვა არც პარლამენტისთვის, არც პრეზიდენტისთვის ამ საკითხის განხილვა.
„არ მიმაჩნია სწორად, რომ პრემიერ–მინისტრმა თავად აიცილა პასუხისმგებლობა და პარლამენტს და პრეზიდენტს მოგვმართა ‘თქვენ გადაწყვიტეთო’. არ უნდა მოემართა. ეს არ არის პარლამენტში განსახილველი თემა“, – განაცხადა დეპუტატმა დავით ბერძენიშვილმა.
დეპუტატმა ეკა ბესელიამ, რომელიც პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარეა, ასევე დაუჭირა მხარი პატრიარქის თხოვნას და განაცხადა, რომ ილია მეორე საზოგადოების ყველაზე მაღალი ნდობით სარგებლობს.
ქართული ოცნების დეპუტატმა ელისო ჩაფიძემ განაცხადა, რომ ეს ის საკითხია, რომელიც რეფერენდუმის გამართვას საჭიროებს.
მისი თქმით, ეს საკითხი ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, ვინაიდან არსებობენ თეოკრატიული სახელმწიფოები და არსებობენ სახელმწიფოები, სადაც მკაფიოდაა გამიჯნული ეკლესია და სახელმწიფო.
კითხვაზე, იქნება თუ არა რეფერენდუმის კითხვა, სეკულარულ თუ თეოკრატიულ სახელმწიფოში სურთ ამომრჩევლებს ცხოვრება, ჩაფიძემ უპასუხა, რომ სწორედ ეს უნდა კითხონ საზოგადოებას.
დეპუტატმა სერგო რატიანმა, რომელიც ნაციონალური მოძრაობის აღმასრულებელი მდივანია, განაცხადა, პატრიარქის თხოვნის კომენტირებისას, რომ „საერო და სასულიერი ინსტიტუციები უნდა იყოს გამიჯნული“.
„მათ აქვთ მკვეთრად განსაზღვრული ფუნქციები და იმ შემთხვევაში თუ ხდება აღრევა, ეს საზიანოა როგორც სახელმწიფოსთვის, საერო ინსტიტუტებისთვის, ისე ეკლესიისთვის. ეს პრინციპები საფუძვლად უდევს თანამედროვე სახელმწიფოს მშენებლობას და უბრალოდ ზიანის მომტანი იქნება ჩვენი საზოგადოებისთვის“, – განაცხადა რატიანმა.
პატრიარქმა ეს თხოვნა 5 დეკემბერს გამოთქვა, რასაც ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციის და აქტივისტის კრიტიკა მოყვა, რომელთაც „თეოკრატიის“ წინააღმდეგ გააფრთხილეს.
საქართველოს კონსტიტუციით, მხოლოდ პრეზიდენტს აქვს შეწყალების უფლება და ამ უფლების პატრიარქისთვის მინიჭებას საკონსტიტუციო ცვლილება დასჭირდება, რისთვისაც 150–წევრიან პარლამენტში სულ ცოტა 113 დეპუტატის მხარდაჭერა იქნება საჭირო.
პატიმართა შეწყალების თხოვნებს თავდაპირველად შეწყალების 9–წევრიანი კომისია განიხილავს, რომელიც რეკომენდაციას აძლევს პატიმართა შეწყალებაზე და სიას გადასცემს პრეზიდენტს, რომელიც საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს ამ საკითხზე.
პრემიერ–მინისტრის განცხადებაში, რომელშიც ის პრეზიდენტს და პარლამენტს პატრიარქის თხოვნაზე მსჯელობის დაწყებისკენ მოუწოდებს, არ არის დაკონკრეტებული, თუ რას გულისხმობს ის „მსჯავრდებულთა შეწყალების პროცესში პატრიარქის ჩართულობის გაზრდაში“, თუმცა, სავარაუდოდ, საუბარია საპატრიარქოს წარმომადგენლობის შესაძლო გაზრდაზე შეწყალების კომისიაში.
ამჟამად ერთი ადგილი 9–წევრიან კომისიაში ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტ თეოდორე ჭუაძეს უკავია. იგი წმინდა სინოდის წევრია.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)