ნაციონალური მოძრაობა ახალი თავჯდომარის არჩევას არ აპირებს

ყოფილი სახელისუფლებო და ამჟამად ოპოზიციური ნაციონალური მოძრაობა აცხადებს, რომ პარტიის თავმჯდომარის თანამდებობას ვაკანტურს დატოვებს და ამ პოსტზე მიხეილ სააკაშვილის შემცვლელს არ აირჩევს. 

სააკაშვილმა საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტასთან ერთად, დაკარგა ასევე უფლება, იყოს პარტიის თავმჯდომარე.

ნაციონალურმა მოძრაობამ გადაწყვეტილება თავმჯდომარის პოსტის ვაკანტურად დატოვების შესახებ 5 დეკემბერს გამართულ პოლიტსაბჭოს სხდომაზე მიიღო.

სააკაშვილი, რომელიც ნაციონალური მოძრაობის დამფუძნებელია და პარტიას 2001 წლიდან ლიდერობდა, პარტიის თავმჯდომარედ ბოლოს ხელახლა 2013 წლის ოქტომბერში აირჩიეს.

ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა ნუგზარ წიკლაურმა პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა, რომ მართალია ფორმალურად სააკაშვილი პარტიის თავმჯდომარე აღარ არის, მაგრამ ლიდერად ის მაინც რჩება.

„ამ პარტიის დამფუძნებელი არის მიხეილ სააკაშვილი; ასევე მიხეილ სააკაშვილი არის ამ პარტიის უპირობო ლიდერი. ამიტომ ნებისმიერი მცდელობა, იქნება ეს სამართლებრივი თუ სხვა სახის რაღაც ძალადობა, ვერავითარ შემთხვევაში ვერ შეძლებს ნაციონალური მოძრაობასა და მიხეილ სააკაშვილს შორის კავშირის გაწყვეტას“, – განაცხადა წიკლაურმა.

„უკვე სამი წელია პარტია გადასულია გუნდურ მმართველობაზე. არსებობს პოლიტიკური საბჭო, პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე და გენერალური მდივანი და სწორედ ეს სტრუქტურები იღებს გადაწყვეტილებას პარტიაში, ამიტომ არანაირი საჭიროება და მიზანშეწონილობა არ არსებობს ახალი თავმჯდომარის არჩევის“, – განაცხადა ნაციონალური მოძრაობის საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ 5 დეკემბერს, „გუნდურად, ერთიანად ჩვენ აუცილებლად შევასრულებთ მთავარ ამოცანას და 2016 წლის არჩევნებით დავამარცხებთ და სახლში გავუშვებთ ამ ხელისუფლებას“.