საპატრიარქო შეწყალების უფლებაზე პატრიარქის თხოვნას ‘განმარტავს’
საქართველოს საპატრიარქომ განაცხადა, რომ პატრიარქის განცხადება მისთვის პატიმართა შეწყალების უფლების მინიჭებაზე მსჯავრდებულთა მიმართ სოლიდარობის ნიშნად გაკეთდა და ეს არ იყო ამ საკითხის „საკანონმდებლო დონეზე“ განხილვის მოთხოვნა.
საქართველოს პატრიარქმა, რომელიც პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად პატიმარი ქალების მონაწილეობით გამართულ სპექტაკლს დაესწრო, განაცხადა: „ჩვენ გვქონდა საუბარი ბატონ პრემიერ–მინისტრთან. პატრიარქს უნდა ჰქონდეს უფლება, რომ შეიწყალოს პატიმარი ადამიანები და ალბათ, ხელისუფლება დააყენებს ამ საკითხს“.
პატრიარქმა ეს თხოვნა 5 დეკემბერს გამოთქვა, რასაც ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციის და აქტივისტის კრიტიკა მოყვა „თეოკრატიის“ წინააღმდეგ. პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მოუწოდა პრეზიდენტს და პარლამენტს პატიმართა შეწყალების უფლების თაობაზე საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის ილია მეორეს თხოვნაზე მსჯელობა დაეწყოთ. საქართველოს კონსტიტუციით, მხოლოდ პრეზიდენტს აქვს შეწყალების უფლება და ამ უფლების პატრიარქისთვის მინიჭებას საკონსტიტუციო ცვლილება სჭირდება, რისთვისაც 150–წევრიან პარლამენტში სულ ცოტა 113 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო. ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს ზოგიერთმა დეპუტატმა მხარი დაუჭირა ამ ინიციატივას, თუმცა რესპუბლიკური პარტიის დეპუტატები, რომლებიც ასევე კოალიცია ქართული ოცნების შემადგენლობაში შედიან, ამის წინააღმდეგ გამოვიდნენ და ზოგმა მათგანმა პრემიერ–მინისტრი იმის გამოც გააკრიტიკა, რომ ამ საკითხზე მსჯელობის დაწყება პარლამენტს თხოვა. ამ ინიციატივის წინააღმდეგ ასევე გამოვიდა ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი სერგო რატიანი.
კვირას საღამოს საქართველოს საპატრიარქომ მოკლე განცხადება გამოაქვეყნა სათაურით „მცირე განმარტება“, რომელშიც ნათქვამია: „ა.წ. 5დეკემბერს რუსთაველის თეატრში შედგა სპექტაკლი პატიმარი ქალების მონაწილეობით. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც სახელმწიფო თეატრის სცენა და დარბაზი მსჯავრდებულებს დაეთმო. წარმოდგენაც და შექმნილი გარემოც მეტად ემოციური იყო“.
„მისმა უწმინდესობამ სწორედ ამ ფონზე ბრძანა, რომ კარგი იქნებოდა, პატრიარქსაც ჰქონოდა პატიმრების შეწყალების უფლება“, – ნათქვამია განცხადებაში.
„ეს იყო მათდამი სოლიდარობის, მათი დახმარებისა და თანადგომის სურვილით ნათქვამი აზრი და არა მოთხოვნა საკანონმდებლო დონეზე ამ წინადადების განხილვისა“, – აცხადებს საპატრიარქო.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)