წინასწარი მონაცემებით, 2015 წლის პირველ ცხრა თვეში პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა 1 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა



პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 2013-2015 წლების კვარტალური მაჩვენებლები აშშ დოლარებში. *2015 – წინასწარი მონაცემები. წყარო: საქსტატი

„საქსტატის“ მიერ 9 დეკემბერს გავრცელებული წინასწარი მონაცემების თანახმად, 2015 წლის პირველ ცხრა თვეში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 17.2%–ით შემცირდა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით და 1 მილიარდ აშშ დოლარს ოდნავ გადააჭარბა.

მესამე კვარტალში პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა 489 მილიონ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 32.6%–ით ნაკლებია, ხოლო 2015 წლის წინა კვარტალთან შედარებით 37.7%–ით მეტია.

2015 წლის პირველ კვარტალში დაახლოებით 43%–ით, 175 მილიონ აშშ დოლარამდე  შემცირების შემდეგ, წინასწარი მონაცემებით, მეორე კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 355 მილიონ აშშ დოლარამდე გაიზარდა, რაც 81.1%–ით აღემატება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს.

2015 წლის პირველი ორი კვარტლის მსგავსად, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ყველაზე დიდი წილი 2015 წლის იანვარ–სექტემბერში ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სფერომ მიიღო – 218 მლნ აშშ დოლარი.

შემდეგ მოდის საფინანსო სექტორი – 73 მლნ აშშ დოლარი; მშენებლობა  – 63 მლნ აშშ დოლარი; დამამუშავებელი მრეწველობა – 33 მლნ აშშ დოლარი; უძრავი ქონება და ენერგეტიკა – 22 მლნ აშშ დოლარი თითოეული; სამთომოპოვებითი მრეწველობა – 13 მლნ აშშ დოლარი; სოფლის მეურნეობა – 12 მლნ აშშ დოლარი; სასტუმროები და რესტორნები – 10 მლნ აშშ დოლარი.

პირდაპირი უცხოური ინვესტიციების უმეტესობა 2015 წლის პირველ ცხრა თვეში აზერბაიჯანიდან შემოვიდა – 173 მლნ აშშ დოლარი; შემდეგ მოდის ნიდერლანდებში დარეგისტრირებული  კომპანიები – 55 მლნ აშშ დოლარით; თურქეთი – 43 მლნ აშშ დოლარით;  გაერთიანებული სამეფო – 41 მლნ აშშ დოლარით; ჩინეთი – 40 მლნ აშშ დოლარით; ლუქსემბურგი – 31 მლნ აშშ დოლარით; აშშ – 14 მლნ აშშ დოლარით; ჩეხეთი – 13 მლნ აშშ დოლარით; რუსეთი – 9 მლნ აშშ დოლარით.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)