პარლამენტმა ვიზალიბერალიზაციის შესახებ ევროკავშირისადმი მიმართვა მიიღო
პარლამენტმა ოთხშაბათს განიხილა და ხუთშაბათს კენჭი უყარა მიმართვას, რომელიც ოპოზიციური თავისუფალი დემოკრატების წევრმა ვიქტორ დოლიძემ მოამზადა და რომელიც ევროკავშირს შენგენის ზონაში საქართველოსთვის უვიზო რეჟიმი მინიჭებისკენ მოუწოდებს.
მიმართვის მიღებას 76-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, რომელთა შორის, სავარაუდოდ, არ იყვნენ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები, რომლებიც წინასწარ აცხადებდნენ, რომ ტექსტზე უთანხმოების გამო არ აპირებდნენ ხმის მიცემას.
მიმართვა წინ უძღვის ევროკომისიის ანგარიშს საქართველოს მიერ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულების თაობაზე, რომელიც, სავარაუდოდ, 15 დეკემბერს გამოქვეყნდება.
თუ ევროკომისიის ანგარიში დადებითი იქნება და ჩათვლის, რომ სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ამოცანები შესრულებულია, საბოლოო გადაწყვეტილებას საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შემოღების თაობაზე ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები და ევროპარლამენტი მიიღებენ.
გერმანული გაზეთი Die Welt იტყობინებოდა 9 დეკემბერს ბრიუსელში ანონიმურ დიპლომატიურ წყაროზე დაყრდნობით, რომ ევროკომისიის ანგარიში დადებითი იქნება და უვიზო რეჟიმი საქართველოს და უკრაინას შესაძლოა 2016 წლის შუა პერიოდში მიენიჭოთ. თუმცა, უკრაინის შემთხვევაში ევროკომისია, სავარაუდოდ, ასევე აღნიშნავს, რომ ქვეყანამ 2016 წლის გაზაფხულამდე უნდა განახორციელოს გარკვეული ქმედებები, კერძოდ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში, წერს Die Welt–ი.
საქართველოს პარლამენტის მიმართვას ევროკავშირის ინსტიტუტების მიმართ უპირობოდ დაუჭირეს მხარი ქართული ოცნების საპარლამენტო უმრავლესობის და თავისუფალი დემოკრატების დეპუტატებმა.
მართალია ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებმა ასევე მტკიცე მხარდაჭერა გამოხატეს ვიზალიბერალიზაციის პროცესის მიმართ, მაგრამ განაცხადეს, რომ ისინი ხმას არ მისცემენ ევროკავშირისადმი მიმართვას, რადგანაც ინიციატორმა არ გაითვალისწინა მათი შეთავაზება, რომ ტექსტში ასახულიყო მოწოდება საქართველოს მთავრობის მიმართ, რომ არ გადადგას იმგვარი ნაბიჯები, რომლებმაც შეიძლება საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას საფრთხე შეუქმნას.
ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა გია ბარამიძემ განაცხადა 9 დეკემბერს დებატების დროს, რომ არ აქვს მნიშვნელობა, რომელი პარტიაა ხელისუფლებაში, ვინაიდან ვიზალიბერალიზაცია ქართველ ხალხს სჭირდება. მან მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, რომ არ გადადგას ისეთი ნაბიჯი, რაც შეაფერხებს ამ პროცესს.
ქართული ოცნების დეპუტატმა, გია ვოლსკიმ უპასუხა, რომ ნაციონალური მოძრაობის შემოთავაზება გულისხმობს, რომ თითქოს ხელისუფლებამ უკვე დაუშვა ისეთი შეცდომები, რამაც ზიანი მიაყენა ვიზალიბერალიზაციის პროცესს და ამიტომ უნდა მოუწოდონ მას, რომ აღარ გაიმეოროს იგივე შეცდომები.
მისი თქმით, უმრავლესობა, რა თქმა უნდა, ამგვარი წინადადების მიმართვაში ასახვას მხარს არ დაუჭერს.
მიმართვის პროექტის ავტორმა, დეპუტატმა ვიქტორ დოლიძემ თავისუფალი დემოკრატებიდან, რომელიც პარლამენტის სხდომაზე მიმართვის ტექსტი დეპუტატებს გააცნო, განაცხადა, რომ შემოთავაზებული ტექსტი მიზნად ისახავს პოზიტიურ ასპექტებზე ფოკუსირებას და პარლამენტში პოლიტიკური ჯგუფების „კონსოლიდირებული პოზიციის“ წარმოჩენას.
„იმ პრობლემებს, რომლებზეც თქვენ [ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებმა] ისაუბრეთ, კიდევ ბევრს დავამატებდი და არის უამრავი თემები, რასთან დაკავშირებითაც ჩვენ, ოპოზიციის წარმომადგენლები, ვსაუბრობთ და ვაკრიტიკებთ ხელისუფლებას, მაგრამ ეს დოკუმენტი და მისი აზრი არის ის, რომ ვთხოვთ ევროკავშირს, რომ პროცესი დაჩქარდეს და უვიზო მიმოსვლა დაიწყოს საქართველოსთან“, – განაცხადა დოლიძემ და დასძინა, რომ ვერ ხედავს მიზეზს, თუ რატომ არ უნდა დაუჭირონ ამ დოკუმენტს მხარი.
დეპუტატმა ნაციონალური მოძრაობიდან გოკა გაბაშვილმა განაცხადა, რომ მიმართვის არსზე არანაირი დებატები არ მიმდინარეობს – „ის, რომ საქართველო იმსახურებს ვიზალიბერალიზაციას, ეს არის ფაქტი და ამაში არაფერი სადავო არ არის“.
„მაგრამ საქმე სულ სხვა რამეშია, საქმე არის იმაში, რომ იმისათვის, რომ პარლამენტმა მიიღოს ერთობლივი განცხადება, პარლამენტი ადეკვატურად უნდა ეხმაურებოდეს იმ მოვლენებს, რაც ქვეყანაში ხდება“, – განაცხადა გაბაშვილმა.
„უმრავლესობა არის პასუხისმგებელი, რომ მინიმალურ კომპრომისზე მაინც წავიდეს იმისათვის, რომ მრავალპარტიული განცხადებები გაკეთდეს“, – განაცხადა მან.
შემდეგ მან ქართულ ოცნებას ალტერნატიული ფორმულირება შესთავაზა, რომელიც მოუწოდებდა საქართველოს მთავრობას „ევროპული ინტეგრაციის მიმდინარე პროცესის გათვალისწინებით, გააცნობიეროს თავისი განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ქვეყანაში კონსოლიდირებული დემოკრატიის არსებობის აუცილებლობაში და დაიცვას დემოკრატიული სტანდარტების ისეთი კატეგორიები, როგორიცაა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, კანონის უზენაესობა, მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობა, საკუთრების უფლება, სიტყვის და მედიის თავისუფლება, ადამიანის უფლებები და გამჭვირვალეობა“.
ეს შემოთავაზება ქართული ოცნების დეპუტატებმა არ მიიღეს.
საქართველოს პარლამენტის მიმართვაში ევროკომისიის, ევროპარლამენტის, ევროკავშირის საბჭოს, ევროპული საბჭოს და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის მიმართ, რომელიც პარლამენტმა 10 დეკემბერს მიიღო, ნათქვამია, რომ „ევროპისკენ სწრაფვა და ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია ქართველი ხალხის ურყევი ნება და ისტორიული არჩევანია“.
მიმართვაში ნათქვამია, რომ პარლამენტი „ადასტურებს საქართველოს მიერ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაში მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესს და მოუთმენლად ელის ევროკავშირის დადებით შეფასებას, რომელშიც საქართველოს ხელისუფლების მიღწევები სათანადოდ იქნება ასახული და აღიარებული“.
მიმართვაში იმედია გამოთქმული, რომ ევროკომისიის დადებით რეკომენდაციას უვიზო რეჟიმის მინიჭებასთან დაკავშირებით ევროკავშირის საბჭოს დროული თანხმობა მოყვება.
იმავე მიმართვაში პარლამენტი მოუწოდებს ბელგიას – ევროკავშირს ერთადერთ წევრ სახელმწიფოს, რომელსაც ჯერ არ მოუხდენია ევროკავშირი–საქართველოს ასოცირების შეთანხმების რატიფიცირება – რომ დაასრულოს რატიფიკაციის პროცესი.
იმავდროულად, ევროკავშირის წარმომადგენლობას თბილისში 14 არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიისა და 3 საპარლამენტო პარტიის ერთობლივი განცხადება გადაეცა საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭების თხოვნით.
„ჩვენ, საქართველოში მოქმედი პოლიტიკური პარტიები ღიად ვაცხადებთ, რომ ევროკავშირში ინტეგრაცია საქართველოს მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობის მკაფიოდ გამოხატული ნებაა და ამ კურსს ქვეყნის უსაფრთხო, მდგრადი და დემოკრატიული განვითარებისთვის ალტერნატივა არ გააჩნია“, – ნათქვამია განცხადებაში, რომლის ინიციატორიც ახალი მემარჯვენეები არიან.
სწორედ ახალი მემარჯვენეების იდეა იყო, რომ პოლიტიკურ პარტიებს ევროკავშირის ინსტიტუტებისთვის ერთობლივი მიმართვა მოემზადებინათ. ეს ინიციატივა ახალმა მემარჯვენეებმა მას შემდეგ გაახმოვანეს, რაც პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ნოემბერში ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები ევროკავშირის ინსტიტუტებში ვიზალიბერალიზაციის წინააღმდეგ ლობირებაში დაადანაშაულა. ამ ბრალდებას საპარლამენტო უმცირესობამ ხელისუფლების მხრიდან გადაბრალების ტაქტიკის ნაწილი უწოდა.
ახალი მემარჯვენეების მიერ ინიცირებულ განცხადებას ასევე შეუერთდნენ: დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველო; ევროპელი დემოკრატები; ეროვნულ- დემოკრატიული პარტია; თავისუფალი საქართველო; თავისუფლება; ლეიბორისტული პარტია; პატრიოტთა ალიანსი; რეფორმატორები; სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისთვის; საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა; საქართველოს ქალთა პარტია სამართლიანობისა და თანასწორობისათვის; ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირი; ქრისტიან დემოკრატიული პარტია. განცხადებას ასევე მოაწერეს ხელი საპარლამენტო პარტიებმა – რესპუბლიკურმა პარტიამ მმართველი კოალიციიდან; ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ და თავისუფალმა დემოკრატებმა.
ფრაქცია ქართულმა ოცნებამ, რომელსაც ხელი არ მოუწერია ერთიანი განცხადებისთვის, შესთავაზა მიმართვაში აისახოს, რომ პარლამენტი მიესალმება პოლიტიკური პარტიების ერთობლივი განცხადების „არსს“.