პროკურატურამ შეწყალების პროცესში ზეგავლენით ვაჭრობის სავარაუდო ფაქტზე გამოძიება დაიწყო
პროკურატურამ ზეგავლენით ვაჭრობის სავარაუდო ფაქტზე გამოძიება დაიწყო მას შემდეგ, რაც პრეზიდენტის შეწყალების კომისიის ყოფილმა თავმჯდომარემ განაცხადა, რომ მმართველი კოალიციის წევრები მასზე ზეწოლის მოხდენას ცდილობდნენ.
ალეკო ელისაშვილი შეწყალების კომისიის თავმჯდომარე 2013 წლის ნოემბრიდან იყო, სანამ 2014 წლის ზაფხულში თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელ მაჟორიტარად აირჩევდნენ.
მან განაცხადა, რომ შეწყალების კომისიის თავმჯდომარედ მუშაობის პერიოდში ქართული ოცნების „გავლენიანი პოლიტიკოსები“ მასზე გავლენის მოხდენას ცდილობდნენ კონკრეტული პირებისთვის შეწყალების მოპოვების კუთხით.
პატიმართა შეწყალების თხოვნებს თავდაპირველად შეწყალების 9–წევრიანი კომისია განიხილავს, რომელიც რეკომენდაციას აძლევს პატიმართა შეწყალებაზე და სიას გადასცემს პრეზიდენტს, რომელიც საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს, თუ ვინ შეიწყალოს.
ელისაშვილმა უარი თქვა კოალიციიდან იმ „გავლენიანი პოლიტიკოსების“ დასახელებაზე, რომლებიც, მისი თქმით, გავლენით ვაჭრობაში იყვნენ ჩართულნი.
ელისაშვილმა, რომელიც პროკურატურაში 9 დეკემბერს დაკითხეს, განაცხადა, რომ თავის ჩვენებაში მან ეს პოლიტიკოსები დაასახელა.
მან ასევე განაცხადა, რომ თუ დაინახავს, რომ პროკურატურას გამოძიებაში არანაირი პროგრესი არ ექნება, „ადრე თუ გვიან“ ის გაახმოვანებს ამ პოლიტიკოსების ვინაობას.
ელისაშვილმა განაცხადა, რომ წელიწადნახევრის წინ მან აცნობა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს, პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს და კოალიციის იმდროინდელ დეპუტატს, თინა ხიდაშელს, რომელიც ახლა თავდაცვის მინისტრია, გავლენით ვაჭრობის სავარაუდო შემთხვევების შესახებ.
ელისაშვილმა ასევე განაცხადა, რომ იმ დროს ის ასევე შეხვდა მაშინდელ მთავარ პროკურორს გიორგი ბადაშვილს და მის მოადგილეს გიორგი გოგაძეს და დაუსახელა ის პოლიტიკოსები, რომლებიც, მისი თქმით, გავლენით ვაჭრობაში იყვნენ ჩართულნი. მთავარი პროკურორის მოადგილემ გიორგი გოგაძემ განუცხადა ჟურნალისტებს 9 დეკემბერს, რომ მართალია ის შეხვდა ელისაშვილს შეწყალების კომისიაში მისი თავმჯდომარეობის დროს, მაგრამ მან უარყო, რომ ელისაშვილმა ამ შეხვედრაზე რაიმე ბრალდებები წამოაყენა.
შეწყალების კომისიის ამჟამინდელმა თავმჯდომარემ ზვიად ქორიძემ, რომელიც კომისიის წევრი იყო ელისაშვილის თავმჯდომარეობის დროსაც, განაცხადა, რომ იყო შემთხვევები, როდესაც ზოგიერთი პოლიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე „არაჯანსაღ ინტერესს“ იჩენდა ზოგიერთი პატიმრის შეწყალების საკითხის მიმართ. პროკურატურამ ქორიძეც დაკითხა.
ელისაშვილმა ასევე განაცხადა, რომ ზოგიერთი პოლიტიკოსი ქრთამს იღებდა კონკრეტული პატიმრების შეწყალების ლობირების სანაცვლოდ. მისი თქმით, ის პირი, რომლისგანაც მან ეს ინფორმაცია მიიღო, მზად არის, რომ ჩვენება მისცეს.
ელისაშვილმა თავისი ბრალდება იმ დებატების ფონზე გააჟღერა, რომელიც საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის ილია მეორეს განცხადებამ გამოიწვია, რომელმაც 5 დეკემბერს ხელისუფლებას პატრიარქისთვის მსჯავრდებულთა შეწყალების უფლების მინიჭების საკითხის განხილვა სთხოვა. მომდევნო დღეს საპატრიარქომ უარყო, რომ შეწყალების რაიმე სამართლებრივი უფლება ითხოვა და განაცხადა, რომ პატრიარქმა ეს განცხადება პატიმართა მიმართ სოლიდარობის გამოხატვის მიზნით გააკეთა; თუმცა ამ უარყოფამდე, ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს ზოგიერთმა დეპუტატმა მხარდაჭერა გამოხატა პატრიარქის განცხადების მიმართ. ელისაშვილმა განაცხადა, რომ ზოგიერთ იმ პოლიტიკოსს, რომელთაც პატრიარქის განცხადებას მხარი დაუჭირეს, ალბათ იმედი აქვთ, რომ თავიანთ კორუფციულ სქემას განაახლებენ.
სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა, რომელიც შეწყალების კომისიის შემადგენლობაში შედის, განაცხადა, რომ ეს ბრალდებები გამოძიებულ უნდა იქნას და მისი სამსახური მიმდინარე გამოძიებას თვალს მიადევნებს. მან ასევე განაცხადა, რომ მასზე ზეწოლის რაიმე მცდელობას ადგილი არ ჰქონია და არც აქამდე ყოფილა ინფორმირებული კომისიის სხვა წევრების მიმართ გავლენით სავარაუდო ვაჭრობის შესახებ.