დედოფლისწყაროში ნაციონალური მოძრაობის ოფისს ესროლეს
ოპოზიციური ნაციონალური მოძრაობის ოფისს დედოფლისწყაროში გასულ ღამეს ესროლეს.
თავდასხმის დროს შენობაში არავინ იმყოფებოდა. იმავე შენობაშია განთავსებული ნაციონალური მოძრაობის დედოფლისწყაროს მაჟორიტარი დეპუტატის ზაზა კედელაშვილის ოფისიც.
ტელევიზიით აჩვენეს ოფისის ფანჯრები, რომელიც ტყვიით იყო ჩამსხვრეული. გავრცელებული ინფორმაციით, ოფისს 20–ზე მეტი ტყვია ესროლეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა დეტალების დაკონკრეტების გარეშე, რომ გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის იმ მუხლით, რომელიც ქონების დაზიანების შემთხვევებს ეხება.
ნაციონალური მოძრაობის წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა, რომელიც ინციდენტის შემდეგ დედოფლისწყაროში ჩავიდა, განაცხადა, რომ მთელი პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება და დამნაშავეები დაუყოვნებლივ უნდა დაისაჯონ.
ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებმა, რომელთაც საკითხი ხუთშაბათს პარლამენტის სხდომაზე დააყენეს, განაცხადეს, რომ ინციდენტი ქართული ოცნების ძალადობრივი რიტორიკის გამოძახილია.
ქართული ოცნების დეპუტატებმა დაგმეს ინციდენტი. ქართული ოცნების დეპუტატმა ნუკრი ქანთარიამ განაცხადა, რომ ნაციონალური მოძრაობის ოფისის დაცხრილვა საგანგაშოა და რომ ეს კოალიციის „მტრებმა“ ჩაიდინეს. ქართული ოცნების დეპუტატმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რომ ეს ტყვიები ქართული ოცნების ინტერესების წინააღმდეგ იქნა ნასროლი.
პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა სამართალდამცავ სტრუქტურებს ამ ინციდენტის დაუყონებლივ გამოძიებისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ ყველა კითხვას სწრაფად უნდა გაეცეს პასუხი.