პარლამენტმა მოწმეთა დაკითხვის ახალი წესი პირველი მოსმენით მიიღო

პარლამენტმა 11 დეკემბერს პირველი მოსმენით 73 ხმით მიიღო სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებები, რომელიც გამოძიების ეტაპზე მოწმის სავალდებულო დაკითხვას მხოლოდ სასამართლო კონტროლით ითვალისწინებს, თუმცა ეს წესი ზოგ დანაშაულებზე ორი წელი არ გავრცელდება.

ახალი დებულებებით, რომელიც იუსტიციის სამინისტრომ მოამზადა, შეიცვლება 2009 წელს მიღებული მოწმის დაკითხვის წესი, რომელიც ითვალისწინებს გამოძიების პროცესში მოწმეთა მხოლოდ მოსამართლის წინაშე დაკითხვას ბრალდებისა და დაცვის მხარეთა თანდასწრებით. ამ წესს არასოდეს უმუშავია პრაქტიკაში მისი ამოქმედების არაერთი გადავადების გამო – ბოლო, ორწლიანი გადავადება 2013 წლის დეკემბერში ოპოზიციისა და უფლებადამცველი ჯგუფების წინააღმდეგობის, ასევე პრეზიდენტ მარგველაშვილსა და მმართველ კოალიციას შორის უთანხმოების  ფონზე მოხდა.

დღესდღეობით ძალაშია მოწმის დაკითხვის 1998 წლიდან მოქმედი წესი, რომლის მიხედვითაც მოწმეები ვალდებულნი არიან გამოცხადდნენ და მისცენ ჩვენება ბრალდების მხარეს გამოძიების ეტაპზე, წინააღმდეგ შემთხვევაში კი შესაძლოა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისროთ.

მოწმის დაკითხვის ახალი წესის მიხედვით, რომელიც კანონპროექტის თანახმად, 2016 წლიდან უნდა ამოქმედდეს,  პირველ, გამოკითხვის ეტაპზე პირს ექნება არჩევანი, რომ ნებაყოფლობით მისცეს ბრალდებისა ან დაცვის მხარეს ჩვენება ან უარი თქვას ამის გაკეთებაზე. თუ ის ჩვენების მიცემას გადაწყვეტს, ვალდებულია, რომ ილაპარაკოს სიმართლე, წინააღმდეგ შემთხვევაში ცრუ ჩვენებისთვის პასუხისმგებლობაზე გააფრთხილებენ.

იუსტიციის მინისტრის მოადგილის ალექსანდრე ბარამიძის განცხადებით, გამოძიებას მოუწევს დაკითხვის „მკაცრი წესების“ ნაცვლად, თანამშრომლობის მიდგომები დანერგოს ამ პროცესში, რათა მინიმუმამდე დაიყვანოს მოწმის სასამართლოს წინაშე დაკითხვის შემთხვევები.

თუკი პირი ნებაყოფლობით გამოკითხვაზე უარს განაცხადებს, კანონპროექტის მიხედვით, პროკურატურას მისი მაგისტრატ მოსამართლის წინაშე დაკითხვის უფლება ექნება იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ფაქტი ან ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გამოსაკითხი პირი შეიძლება დანაშაულის გახსნისთვის ღირებულ ცნობებს ფლობდეს. ასეთ შემთხვევაში მოწმე უკვე ვალდებული ხდება, რომ გამოძიების ეტაპზე მაგისტრატ მოსამართლის თანდასწრებით მისცეს ჩვენება, წინააღმდეგ შემთხვევაში სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრება.

თუმცა, ამგვარი დაკითხვის პროცესს მხოლოდ ბრალდების მხარე წარმართავს და კანონპროექტის თანახმად, მას დაცვის მხარე არ ესწრება, რაც ამ ინიციატივაში სიახლეს წარმოადგენს. ეს აკრძალვა ერთ-ერთი  ის მთავარი საკითხია, რის გამოც უფლებადამცველი ორგანიზაციები და სახალხო დამცველი მოწმის დაკითხვის ახალ წესს აკრიტიკებენ.

კოალიციამ დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის განაცხადა, რომ კანონპროექტი „აუარესებს“ დაცვის მხარის მდგომარეობას და „საფრთხეს უქმნის მხარეთა შეჯიბრებითობისა და მხარეთა თანასწორობის პრინციპებს“. კოალიცია აცხადებს, რომ მიღების შემთხვევაში, ახალ წესს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

ამ კრიტიკის საპასუხოდ იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ბარამიძემ 10 დეკემბერს პარლამენტის სხდომაზე განაცხადა: „მტკიცების ტვირთი აკისრია ბრალდების მხარეს და თუ ცოტა მეტი უფლებები გააჩნია ბრალდების მხარეს, არცერთი სისტემის პროცესში, ეს არ ითვლება თანასწორობის დარღვევად“. 

მისი თქმით, იმის მიუხედავად, რომ დაცვის მხარეს გამოძიების ეტაპზე მაგისტრატ მოსამართლის წინაშე  მოწმის დაკითხვაზე დასწრების უფლება ერთმევა, მას ექნება შესაძლებლობა, რომ გაეცნოს დაკითხვის ოქმს და თუ მის კანონიერებაში ეჭვს შეიტანს, მოწმის ჩვენების დაუშვებელ მტკიცებულებად ცნობა მოითხოვოს სასამართლო პროცესზე, ასევე დაცვის მხარეს ექნება შესაძლებლობა, რომ სასამართლო პროცესზე ე.წ. ჯვარედინი დაკითხვა განახორციელოს, რაც გამოძიების ეტაპზე და სასამართლო პროცესზე მიცემული ჩვენებების შედარებას გულისხმობს. 

ბარამიძემ განაცხადა, რომ მთავრობა მზადაა გაიზიაროს ოპონენტების, მათ შორის საპარლამენტო კომიტეტების შენიშვნა და ურთიერთსაპირისპირო ჩვენებისთვის გათვალისწინებული სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა საერთოდ გააუქმოს იმ პირობით, რომ კიდევ უფრო გამკაცრდება ის სანქცია, რომელსაც სისხლის სამართლის კოდექსი ცრუ ჩვენებისთვის ამჟამად განსაზღვრავს და ის სამიდან ხუთ წლამდე პატიმრობასაც მოიცავს. 

მან ასევე განაცხადა, რომ წინასწარი გათვლებით წელიწადში დაახლოებით 35-40 ათასი მოწმე შეიძლება დაიკითხოს ახალი წესით, რასაც მაგისტრატ მოსამართლეთა კონტიგენტის გაზრდა დასჭირდება.

ახალი რეგულაციები, კანონპროექტის თანახმად, არ გავრცელდება მთელ რიგ მძიმე დანაშაულებზე, რომელთა მიმართაც მომდევნო ორი წლით, 2017 წლის 31 დეკემბრამდე კვლავ საგამოძიებო ორგანოებში მოწმეთა სავალდებულო დაკითხვის 1998 წლის წესი იმოქმედებს.

ეს გამონაკლისი, კანონპროექტის თანახმად, სისხლის სამართლის კოდექსით დასჯად შემდეგ დანაშაულებზე გავრცელდება: განზრახ მკვლელობა (108-ე მუხლი), განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში (109), თვითმკვლელობამდე მიყვანა (115), ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება (117), ოჯახში ძალადობა (126 პრიმა); ძარცვა (178); ყაჩაღობა (179); ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა (276); შეთქმულება ან ამბოხება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად (315); ტერორიზმთან დაკავშირებული ყველა დანაშაული (323-ე-3312); თავისუფლების აღკვეთის ადგილებში მოთავსებული ბრალდებულისა ან მსჯავრდებულისთვის აკრძალული საგნის გადაცემა (378 პრიმა) ან ამ პირის მიერ აკრძალული საგნის შეძენა, შენახვა, ტარება, მოხმარება ანდა ამ საგნით სარგებლობა (3782).  

8 დეკემბერს იურიდიულ კომიტეტში კანონპროექტის განხილვისას შსს-ის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და სასჯელაღსრულების სამინისტროს წარმომადგენლებმა ამ გადავადების მთავარ არგუმენტად ის დაასახელეს, რომ საჭიროა მოსამზადებელი დრო, რათა სისტემამ გარდამავალ პერიოდში ადაპტირება მოახდინოს ახალ მოდელთან და მოწმეთა დაკითხვის ახალი წესის მყისიერად დანერგვამ რისკი არ შეუქმნას ამ მძიმე დანაშაულების, მათ შორის ცხელ კვალზე,  გახსნას.

ამ არგუმენტებს სახალხო დამცველი თავის განცხადებაში „მიუღებელს“ უწოდებს.

„გაურკვეველია ორი წლის შემდეგ რა აღმოფხვრის მსგავს საფრთხეებს“, – ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში, რომელიც ასევე დასძენს, რომ „სამართალდამცავ ორგანოებს საკმარისი დრო და რესურსი ჰქონდათ, რათა ამ ინსტიტუტის პრაქტიკაში დანერგვისათვის აუცილებელი მოსამზადებელი ღონისძიებები განეხორციელებინათ“.

10 დეკემბერს პლენარულ სხდომაზე განხილვის დროს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ხმალაძემ, რომელსაც ასევე ჰქონდა შენიშვნები ზოგიერთი მუხლის გადავადების გამო, განაცხადა, რომ მოწმის დაკითხვის ახალი წესი „პრაქტიკულად გამორიცხავს მოწმეზე იძულების ალბათობას და ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი“.

ნაციონალურმა მოძრაობამ განაცხადა, რომ მხარს არ უჭერს ამ „ნახევრად გადადგმულ, ზედაპირულ ნაბიჯს“, რადგანაც, მათი თქმით, კანონპროექტი აუარესებს დაცვის მხარის უფლებებს და ასევე, არასწორია ცალკეულ დანაშაულებზე მოწმის დაკითხვის ახალი წესის გადავადება. 

„განურჩევლად იმისა რას იტყვიან აქ ოპოზიციია წარმომადგენლები, ფაქტი არის ერთი, რომ ამ კანონის მიღებით, ჩვენ მკვეთრად ვემიჯნებით კომუნისტურ და პოსტ-კომუნისტურ წარსულს, რადგან ამიერიდან   მოწმე აღარ იქნება დაბარებული საგამოძიებო ორგანოში… და პირობა, რომ მოწმე დაიკითხოს მხოლოდ სასამართლოში, არის შესრულებული“, – განაცხადა 11 დეკემბერს თავის შემაჯამებელ გამოსვლაში იუსტიციის მინისტრის მოადგილემ.