თბილისი რუსული საფრენი აპარატების მიერ ‘საქართველოს კონტროლირებადი საჰაერო სივრცის’ დარღვევას აპროტესტებს
რუსულმა უპილოტო საფრენმა აპარატმა და ვერტმფრენმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგუშაგოებს გადაუფრინა სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული სასაზღვრო ზოლის სიახლოვეს, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ხუთშაბათს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ უარყო ვერტმფრენის გადაფრენა ამ ტერიტორიაზე.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ „2015 წლის 9 დეკემბერს დაახლოებით 18:48 საათზე ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში უკანონოდ განლაგებულმა რუსულმა უპილოტო საფრენმა აპარატმა დაარღვია საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი საჰაერო სივრცე და გადაუფრინა გორის რაიონის სოფლებში კოშკასა და გუგუტიანთკარში განლაგებულ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შსს) საგუშაგოებს“.
„2015 წლის 10 დეკემბერს, დაახლოებით 12:48 საათზე, ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში უკანონოდ განლაგებულმა რუსულმა Ми-8 ტიპის ვერტმფრენმა, დაარღვია საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი საჰაერო სივრცე და გადაუფრინა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მერეთის ტერიტორიაზე განლაგებულ შსს პოლიციის შენობას“, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ.
სამივე სოფელი – კოშკა, გუგუტიანთკარი და მერეთი სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთთან ადმინისტრაციული სასაზღვრო ზოლის სიახლოვეს მდებარეობს.
„სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ განხორციელებული ეს პროვოკაციული აქტი, წარმოადგენს მორიგ დადასტურებას, რომ რუსეთის ფედერაცია არაფრად მიიჩნევს საერთაშორისო სამართლის ფუძემდებლური ნორმებისა და პრინციპების დარღვევას“, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში, „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას შეასრულოს საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული ვალდებულებები, 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების პირობები“.
რუსეთის საინფორმაციო სააგენტოები იტყობინებოდნენ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერზე, გენერალ–მაიორ იგორ კონაშენკოვზე დაყრდნობით: „რუსულ სამხედრო ვერტმფრენებს ბოლო დღეებში არ განუხორციელებიათ რაიმე ფრენები საქართველოს საზღვრის მიმდებარე ტერიტორიებზე“.
მან ასევე განაცხადა, რომ ეს ბრალდება რამდენიმე ადგილობრივი მაცხოვრებლის ნათქვამს დაეფუძნა და მოუწოდა საქართველოს, რომ „ხმამაღალი განცხადებების“ გაკეთებამდე, სარადარო მონაცემები შეისწავლოს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)