პარლამენტმა თამბაქოსა და ალკოჰოლის ზოგიერთ სახეობაზე აქციზის ზრდას მხარი დაუჭირა
პარლამენტმა 11 დეკემბერს მესამე და საბოლოო მოსმენით დაამტკიცა საგადასახადო კოდექსში ცვლილება, რომელიც 2016 წლის იანვრიდან თამბაქოსა და ზოგიერთ ალკოჰოლურ სასმელზე აქციზის გადასახადის ზრდას ითვალისწინებს.
მთავრობა აქციზის ზრდიდან დამატებით 90 მილიონი ლარის შემოსავალს ელის.
აქციზის გადასახადი ერთ კოლოფ ფილტრიან სიგარეტზე 20 თეთრით გაიზრდება და 1.1 ლარს მიაღწევს, ხოლო უფილტრო სიგარეტზე 5 თეთრით გაიზრდება 0.3 ლარამდე. ამას გარდა, ფილტრიან და უფილტრო სიგარეტზე აქციზის პროპორციული განაკვეთი 5-დან 10%-მდე გაიზრდება. მთავრობის გეგმის თანახმად, აქციზი თამბაქოზე მომდევნო რვა წლის განმავლობაში ყოველწიურად გაიზრდება.
ცვლილების თანახმად, მომავალი წლიდან აქციზის გადასახადი ერთ ლიტრს არაყზე 6 ლარიდან 10 ლარამდე გაიზრდება; ვისკიზე, ჯინზე და რომზე არსებული 10 ლარიდან აქციზი 15 ლარამდე გაიზრდება; ლიტრ ტეკილაზე – 8 ლარიდან 10 ლარამდე; არადენატურირებულ ეთილის სპირტზე – 5.2 ლარიდან 10 ლარამდე.