პრეზიდენტი მარგველაშვილი თურქმენეთს სტუმრობს
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი 11 დეკემბერს აშხაბადს ეწვია თურქმენეთის ნეიტრალიტეტის 20 წლისთავთან დაკავშირებულ კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად.
პარასკევს გიორგი მარგველაშვილი თავის თურქმენ კოლეგას გურბანგული ბერდიმუჰამედოვს შეხვდა და ორმხრივი პოლიტიკური დიალოგის გააქტიურებასთან ერთად, ეკონომიკური ურთიერთობების გააქტიურების მნიშვნელობაც აღნიშნა, იტყობინება საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია.
ამავე ცნობით, პრეზიდენტმა მარგველაშვილმა ხაზი გაუსვა თურქმენეთის რესურსის მნიშვნელობას სამხრეთ გაზის დერეფნის სრულმასშტაბიანი ამოქმედებისთვის, რომლის აქტიური მონაწილეცაა საქართველო.
„საქართველო სრულად უჭერს მხარს მიმდინარე წლის მაისში მიღებულ „აშხაბადის დეკლარაციას“ და მიესალმება ტრანს-კასპიური მილსადენის მშენებლობის ხელშეწყობის მიზნით ევროკავშირის ინიციატივით სამუშაო ჯგუფის შექმნას“, – ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.
მიმდინარე წლის მაისში თურქეთის, აზერბაიჯანის, თურქმენეთის, ასევე ევროკომისიის წარმომადგენლები აშხაბადის დეკლარაციით შეთანხმდნენ, რომ ემუშავათ სამართლებრივ ჩარჩო ხელშეკრულებაზე თურქმენეთიდან ევროპაში ბუნებრივი აირის მიწოდების თაობაზე. სამუშაო ჯგუფში მონაწილეობისთვის საქართველოც მიიწვიეს იმ პროექტის სამართლებრივი, კომერციული, ტექნიკური და სხვა ასპექტების განსახილველად, რომლის საშუალებითაც თურქმენული გაზის მიწოდება ევროპაში, აზერბაიჯანიდან თურქეთის მიმართულებით საქართველოზე გამავალი სამხრეთის დერეფნის საშუალებით მოხდება.
თავისი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გიორგი მარგველაშვილი კონფერენციაზე – “ნეიტრალიტეტის პოლიტიკა: საერთაშორისო თანამშრომლობა მშვიდობის, უსაფრთხოებისა და განვითარებისათვის” სიტყვით 12 დეკემბერს გამოვა და ასევე გამართავს სხვა ორმხრივ შეხვედრებსაც.
მისი ადმინისტრაციის ცნობით, პრეზიდენტი მარგველაშვილი აშხაბადში თურქეთის პრეზიდენტს რეჯეპ ტაიპ ერდოღანს, ავღანეთის პრეზიდენტს აშრაფ ღანის, მოლდოვას პრეზიდენტს ნიკოლაე ტიმოფტის, ტაჯიკეთის პრეზიდენტს ემომალი რაჰმონს და ყირგიზ კოლეგას ალმაზბეკ ატამბაევს შეხვდება; ასევე დაგეგმილია შეხვედრები ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტთან ლი იუანჩაოსთან და ირანის პირველ ვიცე-პრეზიდენტთან ეშაკ ჯაჰანგირთან.
ეს პრეზიდენტ მარგველაშვილის მეორე ვიზიტია თურქმენეთში მას შემდეგ, რაც ის პირველად შარშან დეკემბერში სტუმრობდა აშხაბადს, ხოლო ამის შემდეგ, ივლისში უკვე თავად უმასპინძლა თურქმენ კოლეგას თბილისში.