2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი მიღებულია

პარლამენტმა 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი 11 დეკემბერს 83 ხმით 11-ის წინააღმდეგ დაამტკიცა.

საბოლოო, მესამედ გადამუშავებული ვარიანტის თანახმად, თავდაპირველ პროექტთან შედარებით, სახელმწიფო  ბიუჯეტის შემოსავლები 200 მლნ ლარით არის გაზრდილი 8.555 მლრდ ლარამდე, ხოლო ხარჯები დაახლოებით 170 მლნ ლარით და 8.543 მლრდ ლარს შეადგენს.

მიმდინარე წლის ბიუჯეტის შემოსავლები ნოემბრის ბოლოს კორექტირების შედეგად 8.048 მლრდ ლარს შეადგენს, ხარჯები კი 8.11 მლრდ ლარამდეა გაზრდილი.

მომავალ წელს მთავრობა ბიუჯეტში 3%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს იმ ფონზე, როცა 2015 წლის ათი თვის მონაცემებით ეკონომიკა ფაქტობრივად 2.8%-ით გაიზარდა.  გასული წლის იმავე პერიოდში მშპ–ს ზრდა 5.6% იყო.

2016 წლის ბიუჯეტში საგადასახადო შემოსავლების სახით 7. 98 მლრდ ლარის მობილიზებაა დაგეგმილი, რაც დაახლოებით 200 მლნ ლარით აღემატება თავდაპირველ პროგნოზს, ხოლო 460 მლნ ლარით 2015 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.

გრანტების სახით მისაღები თანხების მოცულობა 255 მლნ ლარს შეადგენს, რაც დაახლოებით 16 მლნ ლარით აღემატება წლევანდელ მაჩვენებელს, ხოლო „სხვა შემოსავლები“ წლევანდელთან შედარებით 30 მლნ ლარით იზრდება და 320 მლნ ლარი ხდება.
 
მესამე გადამუშავების შედეგად, ბიუჯეტში 1 ივლისიდან სახელმწიფო პენსიების 20 ლარით – 180 ლარამდე ზრდა აისახა. ასევე მომავალი წლის 1 სექტემბრიდან, როგორც ბიუჯეტის წარდგენისას ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა განაცხადა, მაღალმთიან რეგიონებში მაცხოვრებლები კანონით განსაზღვრული შეღავათების შედეგად 216 ლარამდე გაზრდილ პენსიას მიიღებენ.  მომავალ წელს საპენსიო უზრუნველყოფისთვის სულ 1.57 მლრდ ლარია გათვალისწინებული ჯანდაცვის სამინისტროს დაფინანსებაში.

ბიუჯეტის თანახმად, სამინისტროებზე მომავალ წელს თანხები შემდეგნაირად გადანაწილდება:

  • შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო– 3.162 მლრდ ლარი (თავდაპირველი პროექტი – 3.07 მლრდ ლარი; 2015 წელი – 2.881 მლრდ ლარი);
  • თავდაცვის სამინისტრო – 670 მლნ ლარი (2015 წელი – 667.3 მლნ ლარი; 2014 წელი – 667.4 მლნ ლარი; 2013 წელი – 610.4 მლნ ლარი; 2012 წელი – 730.6  მლნ ლარი);
  • შინაგან საქმეთა სამინისტრო – 595 მლნ ლარი (2015 წელი – 591.65 მლნ ლარი);
  • რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო – 950 მლნ ლარი (2015 წელი – 869.5 მლნ ლარი);
  • განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო – 975.19 მლნ ლარი (2015 წელი – 840.8 მლნ ლარი);
  • სოფლის მეურნეობის სამინისტრო – 321.35 მლნ ლარი  (თავდაპირველი პროექტი  – 281.35 მლნ ლარი; 2015 წელი – 262.45 მლნ ლარი);
  • ფინანსთა სამინისტრო  – 90 მლნ ლარი (2015 წელი – 91 მლნ ლარი);
  • ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო – 95.1 მლნ ლარი (თავდაპირველი პროექტი  – 85 მლნ ლარი; 2015 წელი – 85.368 მლნ ლარი);
  • ენერგეტიკის სამინისტრო  – 135 მლნ ლარი (2015 წელი – 114.3 მლნ ლარი);
  • იუსტიციის სამინისტრო – 70.5 მლნ ლარი (თავდაპირველი პროექტი  – 68.5 მლნ ლარი; 2015 წელი – 66.1 მლნ ლარი);
  • სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტრო – 153 მლნ ლარი  (2015 წელი – 150.5 მლნ ლარი);
  • საგარეო საქმეთა სამინისტრო –110 მლნ ლარი (თავდაპირველი პროექტი  – 100 მლნ ლარი; 2015 წელი – 89.5 მლნ ლარი);
  • კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტრო –  97 მლნ ლარი (თავდაპირველი პროექტი  – 95 მლნ ლარი; 2015 წელი- 94.9 მლნ ლარი);
  • სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო –  90 მლნ ლარი (თავდაპირველი პროექტი  – 75 მლნ ლარი; 2015 წელი – 69.8 მლნ ლარი);
  • გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო – 42.1 მლნ ლარი (თავდაპირველი პროექტი  – 40.7  მლნ ლარი; 2015 წელი – 36.57  მლნ ლარი);
  • ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო – 85 მლნ ლარი (თავდაპირველი პროექტი  – 70 მლნ ლარი; 2015 წელი – 70 მლნ ლარი);
  • შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი – 1.35 მლნ ლარი (2015 წელი – 1.35 მლნ ლარი);
  • ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი – 3.1 მლნ ლარი (2015 წელი – 3.1  მლნ ლარი);
  • დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი –  1.2 მლნ ლარი (2015 წელი – 1.2 მლნ ლარი).

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, რომელიც შსს-ს 2015 წლის აგვისტოდან გამოეყო და წლის ბოლომდე დარჩენილ პერიოდში 36 მლნ ლარით ფინანსდება, 2016 წლისთვის, პროექტის თანახმად, 100 მლნ ლარს მიიღებს, რაც 5 მლნ ლარით აღემატება თავდაპირველ გეგმას.

მომავალ წელს პარლამენტი, დაახლოებით, 52 მლნ ლარს მიიღებს, წელს არსებული 46 მლნ ლარის ნაცვლად.

მთავრობის ადმინისტრაციას მომავალ წელს 20 მლნ ლარი გამოეყოფა, რაც თავდაპირველ გეგმას 3 მლნ ლარით აღემატება და 961 ათასი ლარით ნაკლებია წლევანდელ დაფინანსებაზე.  მთავრობის სარეზერვო ფონდის მოცულობა 50 მლნ ლარით განისაზღვრება, რაც 35 მლნ ლარით ნაკლებია 2015 წელს გაზრდილ დაფინანსებასთან შედარებით.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და მისი სარეზერვო ფონდის დაფინანსების მოცულობები მომავალ წელს უცვლელად შენარჩუნდება და შესაბამისად, 9.8 მლნ ლარს და 5 მლნ ლარს შეადგენს.

2016 წელს ცენტრალური საარჩევნო კომისია ოქტომბერში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების გამო 58.5 მლნ ლარამდე გაზრდილ დაფინანსებას მიიღებს; ცესკოს დაფინანსება მიმდინარე წელს 22.5 მლნ ლარს შეადგენს.

ბიუჯეტში უმნიშვნელოდ იზრდება სასამართლო სისტემის დაფინანსება: საერთო სასამართლოები – 52 მლნ ლარი (2 მილიონიანი ზრდა); უზენაესი სასამართლო – 7.65 მლნ ლარი (დაახლოებით 1მლნ ლარით ზრდა) და საკონსტიტუციო სასამართლო  – 3.4 მლნ ლარი (10 ათასი ლარით ზრდა).

დაახლოებით 2 მლნ ლარით გაეზრდება ასევე დაფინანსება სახელმწიფო აუდიტის სამსახურს და 14.5 მლნ ლარს მიაღწევს მომავალ წელს.

2016 წელს ნახევარი მილიონით მეტს მიიღებს სახალხო დამცველის აპარატიც და მისი დაფინანსება 4.5 მლნ ლარი გახდება.

ბიუჯეტით ასევე გათვალისწინებულია საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსების გაზრდა წელს არსებული 40.8 მლნ ლარიდან 44.1 მლნ ლარამდე მომავალი წლისათვის.

საქართველოს საპატრიარქო 2016 წელს კვლავაც 25 მლნ ლარის ოდენობის საბიუჯეტო დაფინანსებას მიიღებს.

მომავალ წელს ასევე გათვალისწინებულია მაღალმთიანი დასახლების განვითარების ფონდის შექმნა, რომლის მოცულობაც, ბიუჯეტის პროექტის თანახმად, 20 მლნ ლარი იქნება. ეს ფონდი, ისევე როგორც ბიუჯეტის პროექტით გათვალისწინებული სხვა სოციალური ხარჯები მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ მიღებული ახალი კანონის მოთხოვნების შესრულებას მოხმარდება. 

საბიუჯეტო დებატების დროს ნაციონალური მოძრაობის საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ისინი მხარს არ დაუჭერენ ბიუჯეტს, რომელშიც გაბერილია ბიუროკრატიული ხარჯები. მათ ამ თანხების პენსიების 50 ლარით გასაზრდელად გადამისამართებისკენ მოუწოდეს.

ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა სერგო რატიანმა განაცხადა, რომ ეს ბიუჯეტი არც ბიზნესის განვითარებას უწყობს ხელს და არც სოციალურად გაჭირვებული მოსახლეობისთვის არ არის შვების მიმცემი. ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა გია ბარამიძემ კი მომავალი წლის ბიუჯეტს „ოცნებების დანგრევის და დაპირებების არ შესრულების“ დოკუმენტი უწოდა. 

ოპოზიციური „თავისუფალი დემოკრატების“ დეპუტატმა დავით ონოფრიშვილმა განაცხადა, რომ არც მისი ფრაქცია არ დაუჭერს მხარს ბიუჯეტს, რომელსაც „ბევრი შესაძლებლობები აქვს, რომ უფრო ეფექტურად იყოს ის გამოყენებული“, თუმცა ეს ასე არ ხდება.

დეპუტატმა ზურაბ ჯაფარიძემ, რომელიც ახალი ოპოზიციური პოლიტიკური ცენტრის „გირჩის“ დამფუძნებელია, განაცხადა, რომ ეს „ფულის ფლანგვის ბიუჯეტია“, რომელიც გათვლილია იმაზე, რომ ქართულმა ოცნებამ როგორმე მოიგოს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები. მისი თქმით, ეკონომიკის 3%-იანი ზრდის ტემპი „კატასტროფულია“ და გაუმჯობესებისთვის საჭიროა საბიუჯეტო ხარჯების შემცირება და გადასახადების დაწევა ან საეროდ გაუქმება. მან ასევე განაცხადა, რომ სოციალური დახმარების სისტემას არ უნდა ჰქონდეს საყოველთაო ხასიათი და  ორიენტირებული უნდა იყოს რეალურად გაჭირვებული მოსახლეობაზე,  მაგრამ ამის „პოლიტიკური ნება არ არსებობს“.  

ქართული ოცნების დეპუტატმა ნოდარ ებანოიძემ, რომელიც საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეა, განაცხადა, რომ მართალია ეს ბიუჯეტი ვერ გადაწყვეტს ყველა პრობლემას, მაგრამ უპასუხებს იმ გამოწვევებს, რომელიც  2016 წელს იქნება. „ეს ნამდვილად არ არის საარჩევნო წლის ბიუჯეტი“, – დასძინა მან.