საქართველო ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დასრულებას 2016 წლის ოქტომბრისთვის იმედოვნებს

საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებების პირველი რაუნდი იანვარში გაიმართება, განუცხადა პარასკევს საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა კოლეგებს მთავრობის სხდომაზე.

„ვიმედოვნებთ, რომ შემდეგი ოქტომბრისთვის ამ მოლაპარაკებებს დავასრულებთ“, – აღნიშნა მან.

ქუმსიშვილი 10 დეკემბერს პეკინში იმყოფებოდა, სადაც მან ჩინეთის  წარმომადგენელთან საერთაშორისო ვაჭრობის საკითხებში, ვაჭრობის მინისტრის მოადგილესთან ჭუნ შანთან ერთად ხელი მოაწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს ორ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების თაობაზე.

მთავრობის იმავე სხდომაზე საუბრისას პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ის მოლაპარაკებების დასრულებას „ერთი წლის განმავლობაში“ ელის.

მისი თქმით, ჩინეთთან შეთანხმების გაფორმების შემდეგ, საქართველო, რომელსაც უკვე აქვს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმები ევროკავშირთან, თურქეთთან, რუსეთთან და დსთ-ს სხვა ქვეყნებთანაც,  იქნება „ცენტრი“ და „ბუნებრივი დამაკავშირებელი ევროპის და აზიის“.

„სწორედ ამ მისიის შესრულებას ვიწყებთ ჩვენ რეალურად დღეს, ამის რეალიზება ხდება ახლა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

„ჩვენ ყველა სახელმწიფოსთან უნდა გვქონდეს ძალიან მჭიდრო, კონსტრუქციული, პრაგმატული ურთიერთობა“, – აღნიშნა მან.

„საქართველო უნდა გავხადოთ მართლაც ვაჭრობის ცენტრი, ეს აღარ უნდა იყოს რაღაც დაპირისპირების და  კონფლიქტების ადგილი. ეს უნდა გახდეს ვაჭრობის, შეთანხმებების, ტურიზმის ცენტრი და ჩვენ ამის ყველა რესურსი გაგვაჩნია“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.