შსს მსუბუქ ავტომობილებზე აქციზის განაკვეთების შეცვლის ინიციატივით გამოდის

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ პარლამენტისთვის შეთავაზებული კანონპროექტის თანახმად, მსუბუქ ავტომობილებზე აქციზის გადასახადი იმგვარად შეიცვლება, რომ შემცირდეს იმ ავტომობილების იმპორტი, რომელთა ასაკიც 6 წელს აღემატება.

ეს იმ საკანონმდებლო პაკეტის ნაწილია, რომელიც სხვა ცვლილებებთან ერთად ასევე მოიცავს ინიციატივას, რომელიც 2016 წლის მარტიდან მარჯვენასაჭიანი ავტომობილების იმპორტს კრძალავს, ასევე ზრდის ჯარიმებს საგზაო მოძრაობის ზოგიერთი წესის დარღვევისთვის და მართვის მოწმობაზე ქულების ახალ სისტემას ნერგავს.

ეს ინიციატივა, დამტკიცების შემთხვევაში, შეამცირებს აქციზის განაკვეთს 1–დან 6 წლამდე ასაკის იმპორტირებულ ავტომობილებზე და გაზრდის ამ გადასახადს 7 წლის და მეტი ასაკის მქონე ავტომობილებზე.

აქციზის გადასახადი 1 წლის ავტომობილის იმპორტსა და რეგისტრაციაზე 1.5 ლარიდან 1 ლარამდე შემცირდება ძრავის მოცულობის თითოეული კუბური სანტიმეტრის მიხედვით. განაკვეთი განახევრდება და 0.7 ლარს შეადგენს ორი წლის ასაკის ავტომობილებზე ძრავის მოცულობის თითოეული კუბური სანტიმეტრის მიხედვით, და 0.5 ლარამდე შემცირდება განაკვეთი 3–დან 6 წლამდე ასაკის ავტომობილებზე. აქციზის გადასახადი იმ ავტომობილებზე, რომელთა ასაკიც 6 წელს აღემატება, გაიზრდება – რაც უფრო ხანდაზმულია მანქანა, მით უფრო მაღალი იქნება გადასახადი. 14 წელზე მეტი ასაკის ავტომობილებზე განაკვეთი დაახლოებით სამჯერ გაიზრდება და 2.5 ლარს მიაღწევს თითოეულ კუბურ სანტიმეტრზე.

მაგალითად, ამ სქემის თანახმად, აქციზის გადასახადი 10 წლის მანქანის იმპორტსა და რეგისტრაციაზე, რომლის ძრავის მოცულობაც 2000 კუბურ სანტიმეტრს შეადგენს, არსებული 1 000 ლარიდან 2 200 ლარამდე გაიზრდება. იმ შემთხვევაში, თუ იგივე ძრავის მქონე მანქანის ასაკი 14 წელს აღემატება, განაკვეთი არსებული 1 600 ლარიდან 5 000 ლარამდე გაიზრდება. აქციზის გადასახადი 3 წლის მანქანაზე, რომლის ძრავის მოცულობაც 2 000 კუბური სანტიმეტრია, არსებული 2 600 ლარიდან 1000 ლარამდე შემცირდება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს 2014 წლის მონაცემებით, საქართველოში მსუბუქი ავტომობილების 45% იყო 11–დან 20 წლამდე ასაკის, ხოლო 45% – 20 წელზე ზევით.

2007 წლიდან მოყოლებული საქართველოში რეგისტრირებული ავტომობილების რაოდენობა თითქმის გაორმაგდა და 2015 წელს 1 მილიონს გადააჭარბა, საიდანაც 90% არის 11 წლის ან უფრო ხანდაზმული. შსს პირდაპირ მიუთითებს, რომ დაბეგვრის რეჟიმის შეცვლით, ის ავტოპარკის განახლებას ისახავს მიზნად.

ცალკე კანონპროექტში შინაგან საქმეთა სამინისტრო 2016 წლის მარტიდან მარჯვენასაჭიანი ავტომობილების იმპორტის აკრძალვის ინიციატივით გამოდის. თუმცა ეს არ გულისხმობს საქართველოში უკვე იმპორტირებული და რეგისტრირებული ამგვარი მანქანების ექსპლოატაციის აკრძალვას.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ასევე გამოდის ინიციატივით, რომ შემოღებულ იქნას ქულების სისტემა საგზაო მოძრაობის წესების დარღვევებთან დაკავშირებით. ამ ინიციატივის თანახმად, მართვის მოწმობის მფლობელს ყოველი წლის დასაწყისში 100 ქულა მიენიჭება; თითოეულ დაჯარიმებაზე მართვის მოწმობის მფლობელს ქულების გარკვეული რაოდენობა ჩამოეჭრება; თუ მძღოლი 100-ვე ქულას ერთი წლის განმავლობაში დაკარგავს, მისი მართვის მოწმობა გაუქმდება და მას მართვის ახალი მოწმობის ასაღებად გამოცდის ჩაბარება თავიდან მოუწევს.