საქართველო ჩინეთიდან ‘აბრეშუმის გზით’ პირველი სატრანზიტო მატარებლის შემოსვლას მიესალმება
ჩინეთის პორტ ლიანუნგიანის ტერმინალიდან თბილისში პირველი სატრანზიტო მატარებლის შემოსვლა, რომელიც ტვირთს თურქეთში ჩაიტანს, პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 13 დეკემბერს „ისტორიულ დღედ“ შეაფასა.
საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, 21 კონტეინერში ელექტროტექნიკით დატვირთული პირველი სატრანზიტო მატარებელი 29 ნოემბერს ჩინეთის პორტ ლიანუნგიანის ტერმინალიდან გამოვიდა ყაზახეთის მიმართულებით, საიდანაც ის აზერბაიჯანში კასპიის ზღვით ბორანის მეშვეობით ჩავიდა, ხოლო აზერბაიჯანიდან საქართველოში რკინიგზით შემოვიდა, საიდანაც ტვირთი სტამბოლში გემით იქნება ტრანსპორტირებული.
ამ ტრანზიტული მარშრუტით ტვირთის დანიშნულების ადგილას ჩატანას დაახლოებით 15 დღე დასჭირდება, რაც 25 დღით ნაკლებია ალტერნატიულ საზღვაო მარშრუტზე.
„დღეს მართლაც ისტორიული დღეა“, – განაცხადა პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თბილისში გამართულ ცერემონიაზე, რომელსაც ასევე დაესწრნენ მთავრობის წევრები და უცხოელი დიპლომატები, „სწორედ აბრეშუმის გზის ფარგლებში საქართველოს გაივლის პირველი ტრანზიტული მატარებელი, რომელიც ტვირთს ჩაიტანს ჩინეთიდან თურქეთში. აბრეშუმის გზის ამოქმედებით ჩვენი ქვეყანა იბრუნებს იმ ისტორიულ მისიას, რომელიც მას აკისრია საუკუნეების განმავლობაში“.
„აბრეშუმის გზის გაყოლებაზე მდებარე ქვეყნების თანამშრომლობა ჩვენ მოგვცემს შესაძლებლობას, რომ ვაწარმოოთ ჩინეთიდან ევროპაში გადაზიდვები ბევრად უფრო სწრაფად და იაფად“, – განაცხადა მან, „აბრეშუმის გზის პროექტის საშუალებით, საქართველო გახდება მულტირეგიონული ცენტრი, რომელიც დააკავშირებს ევროპას, აღმოსავლეთ აზიას, ინდოეთს, ცენტრალურ აზიას და შუა აღმოსავლეთს. ეს არის ჩვენი გონივრული, პრაგმატული პოლიტიკის გაგრძელება. სწორედ ასეთი გონივრული პოლიტიკით შეგვიძლია, რომ ჩვენი ქვეყანა გახდეს ძალიან მიმზიდველი ინვესტიციებისთვის და რეგიონული ჰაბი“.
„საქართველოს რკინიგზის“ ინფორმაციით, წლის ბოლომდე თბილისი კიდევ ერთ ტრანზიტულ მატარებელს მიიღებს, ხოლო 2016 წლიდან აღნიშნული პროექტის ფარგლებში დამატებით „რამდენიმე ათასი“ კონტეინერის გადაზიდვა იგეგმება. საქართველო იმედოვნებს, რომ ბაქო–თბილისი–ყარსის რკინიგზა, რომელიც აზერბაიჯანს თურქეთს საქართველოს გავლით დაუკავშირებს, 2016 წელს დასრულება და ამ მარშრუტის ეფექტურობას კიდევ უფრო გაზრდის.
საზეიმო ცერემონიაზე თავის გამოსვლაში პრემიერ–მინისტრმა ღარიბაშვილმა, რომელიც სექტემბერში ჩინეთს სტუმრობდა, აღნიშნა, რომ თბილისმა მნიშვნელოვნად გააძლიერა თანამშრომლობა პეკინთან ბოლო ორი წლის მანძილზე და ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობის მოლაპარაკებების დაწყებას; მოლაპარაკებების პირველი რაუნდი თბილისში იანვარში იგეგმება.
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი 12 დეკემბერს აშხაბადში თურქმენეთის ნეიტრალიტეტის 20 წლისთავისადმი მიძღვნილი კონფერენციის ფარგლებში ჩინეთის ვიცე–პრეზიდენტს ლი იუანჩაოს შეხვდნენ. პრეზიდენტმა მარგველაშვილმა განაცხადა, რომ ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ხელმოწერა „ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა იქნება“.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)