ევროკავშირმა საქართველოს და უკრაინის ვიზალიბერალიზაციის შესახებ ანგარიშების გამოქვეყნება გადადო

საქართველოს და უკრაინის მიერ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმების განხორციელების შესახებ ანგარიშების გამოქვეყნება, რაც ევროკომისიის მიერ 15 დეკემბრისთვის იგეგმებოდა, ჯერ-ჯერობით უცნობი ვადით გადაიდო.

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ფედერიკა მოგერინიმ განაცხადა დეტალების დაკონკრეტების გარეშე, რომ „მუშაობა კვლავ გრძელდება“ ევროკომისიაში და ანგარიშები „მიმდინარე თვეში, მომდევნო დღეებში გამოქვეყნდება“.

საქართველოს ელჩმა ევროკავშირში, ნატალია საბანაძემ განაცხადა, რომ ანგარიშების გამოქვეყნება უკრაინის გამო გადაიდო. მისი თქმით, ანგარიში შესაძლოა პარასკევს, ან არაუგვიანეს ორშაბათს გამოქვეყნდეს.

მანამდე 14 დეკემბერს ევროკომისიის წარმომადგენელმა მარგარიტის შინასმა არც დაადასტურა და არც უარყო, რომ ანგარიშების გამოქვეყნება 17-18 დეკემბერს დაგეგმილი ევროკავშირის სამიტის შემდეგ გადაიდო.

თუმცა ამ კონტექსტში მან ახსენა, რომ უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო 16 დეკემბერს ბრიუსელში იქნება და ევროკავშირში მოლაპარაკებებს გამართავს.

გერმანული გაზეთი Die Welt იტყობინებოდა 9 დეკემბერს ბრიუსელში ანონიმურ დიპლომატიურ წყაროზე დაყრდნობით, რომ ევროკომისიის ანგარიში დადებითი იქნება და უვიზო რეჟიმი საქართველოს და უკრაინას შესაძლოა 2016 წლის შუა პერიოდში მიენიჭოთ. თუმცა, უკრაინის შემთხვევაში ევროკომისია, სავარაუდოდ, ასევე აღნიშნავს, რომ ქვეყანამ 2016 წლის გაზაფხულამდე უნდა განახორციელოს გარკვეული ქმედებები, კერძოდ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში, წერდა Die Welt–ი.  

მართალია გადადების ზუსტ მიზეზებზე საუბრისგან თავს იკავებენ, მაგრამ საქართველოს ოფიციალური პირები, ისევე როგორც ევროპის რამდენიმე ოფიციალური პირი, აცხადებენ, რომ ევროკომისიის ანგარიში პოზიტიური იქნება, რასაც სავარაუდოდ 2016 წლის შუა პერიოდისთვის საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის ზონაში მოკლევადიანი უვიზო რეჟიმი მოყვება.    

თუ ევროკომისიის ანგარიში დადებითი იქნება და ჩათვლის, რომ სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ამოცანები შესრულებულია, საბოლოო გადაწყვეტილებას საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შემოღების თაობაზე ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები და ევროპარლამენტი მიიღებენ.

ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლინას ლინკევიჩიუსმა ბრიუსელში 14 დეკემბერს განაცხადა, რომ მას სჯერა, რომ ანგარიშების გამოქვეყნების გადადება პოლიტიკური მიზეზით არ მომხდარა.

„ეს ტექნიკურია“, – განაცხადა მან, „ის მალე გამოქვეყნდება და ეჭვიც არ მეპარება, რომ აუცილებლად პოზიტიური იქნება“.

კითხვაზე თუ რა იყო გადავადების მიზეზი, ფედერიკა მოგერინიმ განაცხადა ბრიუსელში 14 დეკემბერს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე: „გადაწყვეტილია, რომ დეკემბერში გამოქვეყნდეს ანგარიშები – ეს ასე იყო თავიდანვე და კომისია ამაზე ქვეყნების მთავრობებთან ერთად მუშაობს“.
 
„დებატებმა, რომელიც დღეს საგარეო საქმეთა საბჭოში გვქონდა ვიზალიბერალიზაციის პროცესის თაობაზე, აჩვენა … წევრი სახელმწიფოების ზოგადად პოზიტიური შეფასება და ამ კარგი სულისკვეთების შენარჩუნების საჭიროება, რადგანაც ძალიან კარგად ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანია ეს ამ ქვეყნების მოსახლეობისთვის“, – განაცხადა მოგერინიმ.

„მუშაობა კვლავ გრძელდება კომისიაში და ანგარიშები, სავარაუდოდ, მიმდინარე თვეში, მომდევნო დღეებში გამოქვეყნდება“, – დასძინა მან.

ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი სამშაბათს დღისით პრესკონფერენციის  გამართვას გეგმავდა ანგარიშის გამოქვეყნებასთან დაკავშირებით, თუმცა ორშაბათს საღამოს ევროკავშირის წარმომადგენლობამ განაცხადა, რომ პრესკონფერენცია გაურკვეველი ვადით გადაიდო.

მანამდე, 11 დეკემბერს საქართვველოს მთავრობამ თავის სარეზერვო ფონდიდან 220 450 ლარი გამოყო „საქართველოს ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის წარმატებით განხორციელების აღნიშვნასთან დაკავშირებული ღონისძიებების დაფინანსების მიზნით“.