პუტინი: რუსეთი მზად არის საქართველოსთან სავიზო რეჟიმი გააუქმოს

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა ხუთშაბათს თავის ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე, რომ მოსკოვი მზად არის საქართველოს მოქალაქეებისთვის „სავიზო რეჟიმი გააუქმოს“.

როდესაც მას ტელეკომპანია „მაესტროს“ ჟურნალისტმა ჰკითხა ზოგადად რუსეთ–საქართველოს ურთიერთობებისა და კონკრეტულად ვიზების შესახებ, პუტინმა პასუხის გაცემა ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე საუბრით დაიწყო და ის 2008 წელს  „ავანტურისტული გადაწყვეტილებების“ მიღებაში დაადანაშაულა, რასაც, მისი თქმით, „საქართველოს ტერიტორიული დაშლა მოყვა“.

„ეს მთლიანად მათი ბრალია“, – განაცხადა პუტინმა საქართველოს წინა ხელისუფლებაზე.

მისი თქმით, სააკაშვილის დანიშვნა ოდესის გუბერნატორად „უკრაინელი ხალხის სახეში შეფურთხებაა“.

„რაც შეეხება საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას – ეს პირველ რიგში ქართველი ხალხის, სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის საქმეა. მათთან უნდა იმუშაოთ; ჩვენ ნებისმიერ გადაწყვეტილებას დავეთანხმებით“, – განაცხადა პუტინმა.

„მიუხედავად ყველა სიძნელისა… ჩვენ ვხედავთ სიგნალებს საქართველოს მოქმედი ხელმძღვანელობისგან და ამ სიგნალებს ვიღებთ. მიაქციეთ ყურადღება, რომ ქართული ღვინის ორი მესამედი სწორედ რუსეთის ბაზარზე შემოდის და არა სადმე, საზღვარგარეთ“, – განაცხადა პუტინმა და დასძინა, რომ მართალია ზოგადად ეკონომიკური სიტუაციის გამო  ორმხრივი ვაჭრობა შენელდა, მაგრამ „საერთო ჯამში, საკმაოდ მაღალი ზრდის ტემპები ფიქსირდება“.    

საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველომ 2015 წლის პირველ 10 თვეში 28.1 მილიონი ბოთლი ღვინის ექსპორტი განახორციელა, საიდანაც დაახლოებით ნახევარი რუსულ ბაზარზე შევიდა.

„რაც შეეხება სავიზო რეჟიმს, ჩვენ ვფიქრობთ, რომ მზად ვართ სავიზო რეჟიმი გავაუქმოთ“, – განაცხადა პუტინმა.

საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გამარტივების, თუმცა არა გაუქმების საკითხი რეგულარულად დგებოდა საქართველოს პრემიერ–მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელს, ზურაბ აბაშიძესა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, გრიგორი კარასინს შორის მიმდინარე მოლაპარაკებებზე. ამ საკითხზე  მოსკოვის პოზიცია იყო, რომ სავიზო რეჟიმის გაუქმება ნაკლებად შესაძლებელია, ვიდრე არ აღდგება ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობები, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ არის შეწყვეტილი.