ევროკომისია საქართველოსთვის უვიზო რეჟიმს მხარს უჭერს



შენგენის ზონა. წყარო: ევროკომისია

ევროკომისიამ განაცხადა, რომ საქართველომ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ყველა ამოცანა შეასრულა და ის „2016 წლის დასაწყისში“ შესთავაზებს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის რეჟიმი შემოიღონ.

„კომისია მიიჩნევს, რომ საქართველო აკმაყოფილებს ყველა ამოცანას, რომელიც ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის მეორე ფაზის განხორციელებითაა გათვალისწინებული“, – ნათქვამია ევროკომისიის მეოთხე და საბოლოო ანგარიშში იმის შესახებ, თუ როგორ განახორციელა საქართველომ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა. ანგარიში 18 დეკემბერს გამოქვეყნდა.

ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა, რომელიც ევროკავშირმა  საქართველოს 2013 წლის თებერვლის ბოლოს წარუდგინა, არის დეტალური მოთხოვნების ჩამონათვალი, რომელიც ქვეყანას უნდა შეესრულებინა შენგენის ზონაში უვიზო რეჟიმის მისაღებად.

მას შემდეგ, რაც ევროკომისია უვიზო რეჟიმის შემოღების თაობაზე საკანონმდებლო ინიციატივას წარმოადგენს, რაც 2016 წლის დასაწყისშია მოსალოდნელი, ის ევროპარლამენტმა და ევროკავშირის წევრმა სახელწმიფოებმა უნდა დაამტკიცონ, რათა ის ძალაში შევიდეს. საქართველო იმედოვნებს, რომ ეს პროცედურები 2016 წლის შუა პერიოდისთვის დასრულდება.

ევროპარლამენტის და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მიერ დამტკიცების შემდეგ საქართველოს მოქალაქეები, რომელთაც ბიომეტრიული პასპორტები აქვთ, შენგენის ზონაში უვიზოდ  შესვლას მრავალჯერადად შეძლებენ, თუმცა მათი იქ ყოფნა 180 დღიან პერიოდში ჯამში 90 დღეს არ უნდა აჭარბებდეს.

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, 18 დეკემბრის  მდგომარეობით აქტიური ბიომეტრიული პასპორტი 775 898 პირს აქვს.

„ძალიან მოხარული ვარ, რომ ბიომეტრული პასპორტების მქონე საქართველოს მოქალაქეები მალე შეძლებენ უვიზოდ შენგენის ზონაში მგზავრობას მოკლევადიანი პერიოდით“, – განაცხადა ევროკომისარმა მიგრაციის და საშინაო საკითხებში, დიმიტრის ავრამოპოულოსმა 18 დეკემბერს.

„საქართველოს ხელისუფლების გულმოდგინე მუშაობამ ბოლო სამი წლის განმავლობაში საქართველოს მოქალაქეების სასიკეთოდ ამ მნიშვნელოვანი მიზნის მისაღწევად დადებითი შედეგები გამოიღო. ახლა, მნიშვნელოვანია, რომ გაგრძელდეს ყველა სტანდარტის დაცვა“, – განაცხადა მან.  

უვიზო მიმოსვლა გავრცელდება ევროკავშირის ყველა წევრ სახელმწიფოზე, გაერთიანებული სამეფოს და ირლანდიის გარდა.

უვიზო რეჟიმი ევროკავშირის წევრ იმ ქვეყნებს შეეხებათ, რომლებიც შენგენის ზონაში შედიან. ესენია: პორტუგალია, ესპანეთი, საფრანგეთი, გერმანია, ბელგია, ლუქსემბურგი, ნიდერლანდები, იტალია, დანია, შვედეთი, ფინეთი, ავსტრია, საბერძნეთი, პოლონეთი, სლოვაკეთი, სლოვენია, უნგრეთი, ჩეხეთი, ლატვია, ლიტვა, ესტონეთი და მალტა.

ეს რეჟიმი ასევე გავრცელდება ევროკავშირის იმ წევრ სახელმწიფოებში, რომლებიც ჯერ არ შედიან შენგენის ზონაში, ესენია: კვიპროსი, ხორვატია, რუმინეთი და ბულგარეთი; და ასევე იმ ქვეყნებზეც, რომლებიც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები არ არიან, თუმცა შედიან შენგენის ზონაში: ისლანდია, ლიხტენშტეინი, ნორვეგია და შვეიცარია.

ევროკომისიამ განაცხადა, რომ 2015 წლის მაისში სამოქმედო გეგმის განხორციელების შესახებ მისი წინა ანგარიშის შემდეგ  საქართველომ საჭირო პროგრესს მიაღწია და „საკანონმდებლო და პოლიტიკური ბაზა, ინსტიტუციური და ორგანიზაციული პრინციპები, და პროცედურების განხორციელება ოთხივე ბლოკში შეესაბამება ევროპის და საერთაშორისო სტანდარტებს“.

სამოქმედო გეგმის ოთხი ბლოკი მოიცავდა რეფორმების განხორციელებას მთელ რიგ სფეროებში, რომლებიც ეხებოდა დოკუმენტების უსაფრთხოებას; საზღვრის და მიგრაციის მართვას; საზოგადოებრივ წესრიგს, საგარეო ურთიერთობებს და ფუნდამენტურ უფლებებს.

ევროკომისიამ ასევე განაცხადა, რომ ის „კვლავ აქტიურად გააკონტროლებს საქართველოს მიერ სამოქმედო გეგმის ოთხი ბლოკით გათვალისწინებული ამოცანების შემდგომ განხორციელებას არსებული ასოცირების სტრუქტურების და დიალოგების მეშვეობით და საჭიროების შემთხვევაში, სპეციალური კონტროლის მექანიზმების საშუალებითაც“.

18 დეკემბერს ევროკომისიამ გამოაქვეყნა მეექვსე ანგარიში უკრაინის ვიზალიბერალიზაციის შესახებაც, რომელშიც, საქართველოს მსგავსად, ასევე ნათქვამია, რომ 2016 წლის დასაწყისში საკანონმდებლო წინადადება წარედგინება ევროკავშირის წევრ ქვეყნებს უკრაინისთვის უვიზო რეჟიმის მინიჭების თაობაზე, რასაც ასევე ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების და ევროპარლამენტის მხრიდან დამტკიცება დასჭირდება.  

„ის პროგრესი, რომელსაც საქართველომ ბოლო სამი წლის მანძილზე ყველა იმ სფეროში მიაღწია, რომელსაც [ვიზალიბერალიზაციის] სამოქმედო გეგმა მოიცავს, მყარი და ეფექტური იყო. მან აჩვენა საქართველოს მთავრობის, ყველა სახელმწიფო ინსტიტუტის, ასევე პოლიტიკური ძალების და სამოქალაქო საზოგადოების დიდი უმრავლესობის ერთგულება და უწყვეტი ძალისხმევა. ვფიქრობ, რომ ამან ვიზალიბერალიზაციის ამოცანების შესრულება საქართველოში ნამდვილ ეროვნულ პრიორიტეტად აქცია“, – განაცხადა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში იანოშ ჰერმანმა.

„ეს დიდი მიღწევაა, რასაც დიდი წარმატება მოყვა და ეს დიდი წარმატება აუცილებლად მოუტანს სარგებელს ქართველ ხალხს“, – დასძინა მან.

ევროკავშირის ელჩმა განაცხადა, რომ ვიზალიბერალიზაციის ამოცანების შესრულების პროცესი „მნიშვნელოვანი და განსაკუთრებით ეფექტური ინსტრუმენტი გამოდგა მართლმსაჯულების და საშინაო საქმეთა სფეროებში რთული და შორსგამიზნული რეფორმების განხორციელების საქმეში“.

„ეს მთავარი იმპულსი გახდა ჩვენი ასოცირების შეთანხმების განხორციელების საქმეში. საქართველომ შესაბამისი რესურსები გამოყო და დარწმუნებული ვართ, რომ ეს უზრუნველყოფს იმის გარანტიებს, რომ ვიზალიბერალიზაციის პროცესთან დაკავშირებით განხორციელებული რეფორმები მდგრადია“, – განაცხადა იანოშ ჰერმანმა,  „დღეს ნამდვილად გვაქვს ზეიმის მიზეზი“.

კითხვაზე, თუ რა დრო შეიძლება დასჭირდეთ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს და ევროპარლამენტს საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის საბოლოო დამტკიცებისთვის, ევროკავშირის ელჩმა მოლდოვას მაგალითი მოიყვანა.

მოლდოვას შემთხვევაში, ინტერვალი ევროკომისიის საბოლოო პოზიტიურ ანგარიშს და უვიზო რეჟიმის ძალაში შესვლას შორის, რაც 2014 წლის აპრილის ბოლოს მოხდა, ხუთი თვე იყო. 

„ეს ის პერიოდია, რაც ორიენტირად შეიძლება ავიღოთ საჭირო დროზე მსჯელობისას, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს არ არის სანდო ორიენტირი, რადგანაც ქვეყნებს შორის შესაძლოა მნიშვნელოვანი განსხვავებაც იყოს“, – განაცხადა ჰერმანმა.

მან თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე ხაზი გაუსვა, რომ ევროკომისიის ანგარიში არ ნიშნავს, რომ უვიზო რეჟიმი უკვე შემდგარი მოცემულობაა. 

„რაიმე თვითკმაყოფილების მიზეზი, რომ თითქოს ეს უკვე გავაკეთეთ, არ არსებობს“, – განაცხადა ევროკავშირის ელჩმა, „ზოგიერთებმა შესაძლოა თქვან, რომ ახლა ბურთი ევროკავშირის მოედანზეა – ვწუხვარ, მაგრამ უნდა ვთქვა, რომ ამ თამაშში რამდენიმე ბურთია და არა  მხოლოდ ერთი; ამიტომ, არ არსებობს იმის გაფიქრების მიზეზი, რომ ჩვენ ეს უკვე გავაკეთეთ. ჩვენს წინ კიდევ ერთი ფაზაა და ის ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც წინა“.
  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)