პარლამენტმა მოწმეთა დაკითხვის ახალი წესი დაამტკიცა
პარლამენტმა მოწმის დაკითხვის ახალი წესი, რომელიც გამოძიების ეტაპზე მოწმის სავალდებულო დაკითხვას მხოლოდ სასამართლო კონტროლით ითვალისწინებს, მესამე და საბოლოო მოსმენით 76 ხმით 18 დეკემბერს დაამტკიცა.
მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი მოაწერს ხელს, ცვლილებები ძალაში 2016 წლის 20 თებერვლიდან შევა, ნაცვლად იანვრისა, რაც თავდაპირველად იყო დაგეგმილი. ახალი წესი შეცვლის 2009 წელს მიღებულ ჩანაწერს, რომელსაც მუდმივი გადავადებების გამო პრაქტიკაში არასოდეს უმუშავია და რომელიც გამოძიების პროცესში მოწმეთა მხოლოდ მოსამართლის წინაშე დაკითხვას ბრალდებისა და დაცვის მხარეთა თანდასწრებით ითვალისწინებდა.
2016 წლის 20 თებერვლამდე კი კვლავ მოწმეთა დაკითხვის 1998 წლიდან მოქმედი წესი იმუშავებს, რომლის მიხედვითაც მოწმეები ვალდებულნი არიან გამოცხადდნენ და ჩვენება მისცენ ბრალდების მხარეს გამოძიების ეტაპზე, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის წინაშე დადგნენ.
კანონპროექტის თავდაპირველ ვერსიაში ამ ძველი წესის მოქმედების გაგრძელება ორი წლით მთელი რიგი დანაშაულების მიმართ იყო გათვალისწინებული, თუმცა რიგ შემთხვევებში ეს გაგრძელება ერთ წლამდე შემცირდა.
მოწმის დაკითხვის 1998 წლის რედაქცია 2018 წლის 1 იანვრამდე იმოქმედებს სისხლის სამართლის შემდეგ დანაშაულებთან მიმართებაში: განზრახ მკვლელობა (108-ე მუხლი), განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში (109), თვითმკვლელობამდე მიყვანა (115), ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება (117), ოჯახში ძალადობა (126 პრიმა); ძარცვა (178); ყაჩაღობა (179); ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა (276); ტერორიზმთან დაკავშირებული ცალკეულ დანაშაულებზე (323-ე-3232 და 325-329-ე); და თავისუფლების აღკვეთის ადგილებში მოთავსებული ბრალდებულისა ან მსჯავრდებულის მიერ აკრძალული საგნის შეძენა, შენახვა, ტარება, მოხმარება ანდა ამ საგნით სარგებლობა (3782). 2017 წლის 1 იანვრამდე კი შემდეგი დანაშაულების მიმართ: შეთქმულება ან ამბოხება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად (315) და ტერორიზმთან დაკავშირებულ ცალკეულ დანაშაულებზე (324-ე, 3241, 3291-3302, 331-ე და 3311).
ყველა სხვა დანაშაულებზე გამოძიების პროცესში მოწმეები 2016 წლის 20 თებერვლიდან ახალი წესით დაიკითხებიან.
ამ წესის თანახმად, გამოკითხვის ეტაპზე პირს ექნება არჩევანი, რომ ნებაყოფლობით მისცეს ბრალდებისა ან დაცვის მხარეს ჩვენება ან უარი თქვას ამის გაკეთებაზე. თუ ის ჩვენების მიცემას გადაწყვეტს, ვალდებულია, რომ ილაპარაკოს სიმართლე, წინააღმდეგ შემთხვევაში ცრუ ჩვენებისთვის პასუხისმგებლობაზე გააფრთხილებენ.
თუკი პირი ნებაყოფლობით გამოკითხვაზე უარს განაცხადებს, კანონპროექტის მიხედვით, პროკურატურას მისი მაგისტრატ მოსამართლის წინაშე დაკითხვის მოთხოვნის უფლება ექნება იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ფაქტი ან ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გამოსაკითხი პირი შეიძლება დანაშაულის გახსნისთვის ღირებულ ცნობებს ფლობდეს. თუკი პროკურორის შუამდგომლობა დაკმაყოფილდება, ასეთ შემთხვევაში მოწმე უკვე ვალდებული ხდება, რომ გამოძიების ეტაპზე მაგისტრატ მოსამართლის თანდასწრებით მისცეს ჩვენება, წინააღმდეგ შემთხვევაში სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრება.
თუმცა, ამგვარი დაკითხვის პროცესს მხოლოდ ბრალდების მხარე წარმართავს და მას დაცვის მხარე არ ესწრება, რაც ამ ინიციატივაში სიახლეს წარმოადგენს. ეს აკრძალვა ერთ-ერთი ის მთავარი საკითხი იყო, რის გამოც ნაციონალური მოძრაობის დეპუტატები, უფლებადამცველი ორგანიზაციები და სახალხო დამცველი მოწმის დაკითხვის ახალ წესს აკრიტიკებდნენ.
იუსტიციის სამინისტროს ავტორობით მომზადებული ცვლილებათა პაკეტის განხილვის პროცესში გაზიარებული იქნა ოპონენტების შენიშვნა და გაუქმდა სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა მოწმის მიერ ურთიერთსაპირისპირო ჩვენებისთვის, თუმცა იმავდროულად, გამკაცრდა სანქცია, რომელიც პირს ცრუ ჩვენების მიცემის გამო შეიძლება დაეკისროს. თუ ადრე ცრუ ჩვენებისთვის პატიმრობასთან ერთად საჯარიმო და სხვა სანქციებიც იყო გათვალისწინებული, ცვლილებების შედეგად სასჯელის ზომად მხოლოდ სამ წლამდე პატიმრობა დარჩება.