NDI-ის დაკვეთით ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევა

აშშ-ის ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) დაკვეთით ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის ბოლო გამოკითხვა აჩვენებს, რომ სავარაუდო ამომრჩეველთა რაოდენობა, რომელთაც არ გადაუწყვეტიათ ვის მისცენ ხმა საპარლამენტო არჩევნებში ან არცერთ პარტიას არ უჭერენ მხარს, აჭარბებს საქართველოს ორი მთავარი პოლიტიკური ძალის – ამჟამინდელი და ყოფილი სახელისუფლებო პარტიების ჯამურ მხარდაჭერას. 

გამოკითხვა კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა შვედეთის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით 17 ნოემბრიდან-7 დეკემბრის პერიოდში აწარმოა და ქვეყნის  მასშტაბით წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე 1 881 ქართულენოვან რესპოდენტთან ჩაატარა პირისპირ ინტერვიუ. კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი  +/- 1.8%-ია.

გამოკითხულთა 64% აცხადებს, რომ მიიღებდა მონაწილეობას, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რაც აგვისტოს კვლევასთან შედარებით, 15 პროცენტული პუნქტითაა გაზრდილი. 

სავარაუდო ამომრჩეველთა 32% აცხადებს, რომ არ იცის, ვის დაუჭერს მხარს, 5% ამბობს, რომ არცერთ პარტიას, ხოლო 15% პასუხის გაცემაზე უარს აცხადებს.

სავარაუდო ელექტორატის 18% აცხადებს, რომ ქართულ ოცნებას მიცემს ხმას, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს (აგვისტო 14%), ოპოზიციურ ნაციონალურ მოძრაობას  – 12% (აგვისტო 15%); ირაკლი ალასანიას თავისუფალ დემოკრატებს – 7% (აგვისტო 5%); ლეიბორისტულ პარტიას და ნინო ბურჯანაძის გაერთიანებულ ოპოზიციას 4%-4% (აგვისტო 4%-3% ), პატრიოტთა ალიანსს კი 3% (აგვისტო 5%).

წინა ანალოგიურ კვლევასთან მიმართებაში საერთო ჯამში სურათი მნიშვნელოვნად არ შეცვლილა. ამასთან, ხაზგასასმელია, რომ აგვისტოს კვლევისგან განსხვავებით, რომელშიც არაქართულენოვანი რესპოდენტებიც იყო მოცული, ბოლო კვლევაში მხოლოდ ქართულენოვანი რესპოდენტები გამოიკითხეს. თუმცა NDI საქართველო განმარტავს, რომ სრულიად დასაშვებია ახალი შედეგების წინა კვლევის შედეგებთან შედარება, რადგან  „უმცირესობათა დასახლებების“ წარმომადგენლობითი მონაცემები აგვისტოს კვლევაში იყო მცირე (17%) იმისათვის, რომ მნიშვნელოვანი გავლენა მოეხდინა მთელი ქვეყნის მონაცემებზე.

„წინა კვლევების მსგავსად, უახლესმა გამოკითხვამაც დაადასტურა, რომ დღეს პოლიტიკურ პარტიებს შესაძლებლობების დიდი არეალი აქვთ. მიუხედავად იმისა, რომ ირაკლი ალასანია-თავისუფალი დემოკრატების მხარდაჭერამ იმატა, მაინც არცერთი პარტია არ ფლობს ძლიერ უპირატესობას“, – განაცხადა ლორა თორნტონმა, NDI საქართველოს დირექტორმა.

გამოკითხვის თანახმად, ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებს შორის სამუშაო ადგილები (57%), სიღარიბე (29%),  ტერიტორიული მთლიანობა (29%) და პენსიები (28%) ლიდერობს. 

ამასთანავე, გამოკითხვის თანახმად, ორჯერ მეტად აჭარბებს მათი რაოდენობა, ვინც ფიქრობს, რომ საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება –  მხოლოდ 18% ფიქრობს, რომ საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება, 45%-ს საპირისპირო მოსაზრება აქვს, ხოლო 31%-ის აზრით, ქვეყანა საერთოდ არ იცვლება. აპრილში და აგვისტოში, შესაბამისად, 37% და 16% ფიქრობდა, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდებოდა.

საგარეო ურთიერთობები

გამოკითხულთა 69%-ისთვის მისაღებია საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი ნატოში ქვეყნის გაწევრიანების თაობაზე, 21%-ისთვის ეს მიზანი მიუღებელია; 10% კი ამ საკითხის მიმართ გადაუწყვეტელია.

ნატოში ინტეგრაციის მიმართ მხარდაჭერა 2015 წლის აპრილის შემდეგ 4 პროცენტული პუნქტითაა გაზრდილი.

ნატოში გაწევრიანების მომხრეების 57% ფიქრობს, რომ ეს ქვეყანას უსაფრთხოებას მოუტანს, 49% ეკონომიკის გაუმჯობესებას ელის, 20%-ს ჰგონია, რომ ეს წევრ ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლას მოუტანს, 16%-ს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მოლოდინს უჩენს, 14% ფიქრობს, რომ დემოკრატია გაძლიერდება, 12%-ს სამხედრო სისტემის გაუმჯობესების მოლოდინი აქვს და 9%-ს ნატოში გაწევრიანება რუსეთისგან დაცულობის შეგრძნებას უჩენს.

ევროკავშირსა და ევრაზიის კავშირს შორის არჩევანის გაკეთებისას, გამოკითხულთა 58% საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას ანიჭებს უპირატესობას, 24% კი არჩევანს რუსეთის ლიდერობით შექმნილი ევრაზიის კავშირის სასარგებლოდ აკეთებს.

აგვისტოს უფრო ინკლუზიურ კვლევაში, ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებას 47% ანიჭებდა უპირატესობას 28%-ის წინააღმდეგ, რომლებიც ევრაზიული კავშირისკენ იხრებოდნენ.

მიმდინარე საკითხები

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე, რომელიც საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის წინ ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური თემა იყო, რესპოდენტების 53%-მა ამ საკითხს პოლიტიკურად მოტივირებული და მედიის თავისუფლების შეზღუდვისკენ მიმართული მცდელობა უწოდა –  ამ მოსაზრებას 21% არ დაეთანხმა; 36%-მა კი განაცხადა, რომ ეს კერძო დავაა, რომელიც ტელეკომპანიის „კანონიერი მფლობელის დადგენას“ ემსახურება – ამ მოსაზრებას 34% არ დაეთანხმა.

კითხვაზე გრძნობთ თუ არა თავს უსაფრთხოდ ტელეფონით პოლიტიკურ მოვლენებზე საუბრის დროს, რესპოდენტთა ნახევარმა უპასუხა, რომ არ გრძნობს თავს უსაფრთხოდ, 38%-მა განაცხადა, რომ თავისუფლად საუბრობს ამ თემებზე. ამჟამად საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს იმ დებულებების კონსტიტუციურობის საკითხს, რომელიც სამართალდამცავ უწყებებს სატელეფონო მოსმენების უკონტროლოდ განხორციელების შესაძლებლობას აძლევს.