პარლამენტმა მაჟორიტარის ასარჩევად 50%-იანი ბარიერის შემოღებას პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი
პარლამენტმა 23 დეკემბერს პირველი მოსმენით მიიღო ცვლილებები საარჩევნო კოდექსში, რომლის მიხედვითაც, საკანონმდებლო ორგანოში არჩეულად ის მაჟორიტარი ჩაითვლება, რომელიც ერთმანდატიან ოლქში არჩევნებში მონაწილეთა ხმების ნახევარზე მეტს მიიღებს.
ქართული ოცნების ეს ინიციატივა ნიშნავს იმას, რომ მაჟორიტარის ასარჩევად აქამდე არსებული 30%-იანი ბარიერი 50%-მდე გაიზრდება, რაც ინიციატორების განცხადებით, ამ წესით ასარჩევი 73 დეპუტატის მეტ ლეგიტიმურობას უზრუნველყოფს. 150-წევრიანი პარლამენტის დანარჩენი 77 დეპუტატი პროპორციული წესით ირჩევა.
კანონპროექტის განხილვის დროს ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა მიხეილ მაჭავარიანმა განაცხადა, რომ ბარიერის გაზრდა არის იმ „სისტემის გალამაზების მცდელობა“, რომელსაც ოპოზიციური პარტიები არ ეთანხმებიან.
ოპოზიცია საარჩევნო სისტემის მაჟორიტარული კომპონენტის გაუქმებას 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ითხოვს, თუმცა მმართველი კოალიცია ამ წინადადების გაზიარებას 2020 წლის მორიგი არჩევნებისთვის თანხმდება, მანამდე კი ამომრჩეველთა თანაბრობის მისაღწევად მაჟორიტარული ოლქების საზღვრების შეცვლას ახორციელებს იმ კანონპროექტის ფარგლებში, რომელიც მესამე და საბოლოო, მოსმენით პარლამენტმა ასევე 23 დეკემბერს დაამტკიცა.
- მაჟორიტარული ოლქების მეორე მოსმენისთვის შეცვლილი საზღვრები
- მაჟორიტარულ ოლქებზე ცვლილებები პირველი მოსმენით მიღებულია
- მაჟორიტარული ოლქების შესახებ ქართული ოცნების ინიციატივა
ქართული ოცნების მომზადებული ამ ცვლილებების თანახმად, დედაქალაქში მაჟორიტარული ოლქების რაოდენობა 10-დან 22-მდე გაიზრდება, 8 ოლქი კვლავ მუნიციპალურ საზღვრებში შენარჩუნდება, ხოლო დანარჩენი ოლქები, რომლებიც ამჟამად მუნიციპალიტეტებს ემთხვევა, დაიყოფა ან გაერთიანდება.
ინიციატორების თქმით, ოლქებს შორის ამომრჩეველთა რაოდენობის მიხედვით სხვაობა 15%-ს არ გასცდება. ოლქებს შორის არსებული უთანაბრობის აღმოფხვრისკენ პარლამენტს საკონსტიტუციო სასამართლომ მოუწოდა იმ ფონზე, როცა უკვე წლებია საერთაშორისო ორგანიზაციები, მათ შორის ვენეციის კომისია ოლქებს შორის უთანასწორობის პრობლემას აყენებდნენ.